გორელების სოლიდარობა ტყიბულელ მაღაროელებს

გორელები ტყიბულელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ. გაფიცული მაღაროელების მიმართ, “მოზაიკის” საშუალებით,  საკუთარი მხარდაჭერა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენებმა გამოხატეს –  მხარდამჭერი ტექსტები გვანცა დოლუაშვილმა შეაგროვა.

 

კატო ქოთოლაშვილი, გორის ახალგაზრდული მოძრობის  “დროა”  წევრი:

ეს დღეები თვალყურს ვადევნებ მაღაროელთა ამბებს და განცდა მაქვს. რომ ჩემს თვალწინ ადამიანები ბოლო ხმაზე ითხოვენ შველას და არავინ უსმენს. ან უსმენენ და არ/ვერ შველიან. განსაკუთრებით ისინი, ვისაც მათი მოსმენა და დახმარება ევალება. კი, ყველა რაღაც განცხადებას აკეთებს, აგერ თქვენ სტატიას წერთ, მე – ვაპროტესტებ მათდამი ასეთ დამოკიდებულებას და ა.შ. მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არაა საკმარისი. უფრო მძლავრი მხარდაჭერა გვმართებს. მათი მოთხოვნები ხომ ძალიან ლეგიტიმური და ნორმალური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არა იგივე სიმწვავით, მაგრამ მსგავსი პრობლემა სხვადასხვა დროს ალბათ ყველა ჩვენგანს ჰქონია. ზოგადად, რომ შევაფასოთ – ითხოვენ ნორმალურ სამუშაო პირობებს და შესაბამის ანაზღაურებას – ანუ ითხოვენ ადამიანობის, კეთილდღეობის, სიცოცხლის დაცვის უფლებას. შეიძლება, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ვაჭარბებ, ან ბანალურად ვსაუბრობ, მაგრამ მართლა მგონია,  რომ საზოგადოებრივი სოლიდარობის და დემოკრატიის ბედი დღეს ტყიბულში წყდება. არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, რომ მეშახტეები, ის მშრომელი ხალხი კვლავაც უსამართლობის მსხვერპლად დარჩნენ. არავინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს, ფიზიკურად თუ მორალურად ასეთ უსამართლო, მხოლოდ „სხვებისთვის“ არსებულ დემოკრატიას.

 

გიორგი ედიშერაშვილი, ჟურნალისტი:  

“საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დისკრიმინაციად ითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას,  ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. კოდექსის მეორე მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. მაღაროელების განცხადებებს თუ დავეყრდნოით, მათ სწორედ, რომ დისკრიმინაციულ პირობებში უწევდათ მუშაობა, აღნიშნული დაედო საფუძვლად პროტესტს, რომელსაც დღეს აქვს ადგილი.

 

ვფიქრობ, აუცილეებლია, დამქირავებელმა კომპანიამ განცხადება გააკეთოს და მაღაროელებს, ასევე დაინტერესებულ საზოგადოებას გასცეს პასუხები დღემდე დაგროვილ კითხვებზე. ამ ამბავში მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარი პოზიცია ღიად გამოხატა და მაღაროელთა ხმარდაჭერა დააფიქსირა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით ქართულ საზოგადოებაში არასაკმაირსია სოლიდარობისა და თანადგომის კულტურა, ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი პროფესიულმა კავშირებმა, რომელიც ასეთ დროს ევროპულ ქვეყნებში იდეალურად მუშაობს და უმეტეს შემთხვევაში მათი დახმარებით დაზარალებულები სასურველ შედეგსაც აღწევენ. იმედი მაქვს გორელთა ხმა და სოლიდარობაც გარკვეული ბიძგი იქნება ამ პროცესის ნორმალურად, კანონის შესაბამისად დასრულებისთვის.

 

თამარ თედლიაშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი:

ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანი სიცოცხლეს  სწირავს ოჯახისთვის, საარსებო მინიმუმის გამომუშავებისთვის, მისი შრომა ღირსეულად უნდა ფასდებოდეს. კომპანიის შეთავაზება, ამ მუშების მიმართ, იყო სხვა არაფერი, თუ არა დაცინვა ასობით ადამიანის, მათი შრომის აბუჩად აგდება და გულგრილობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ვფიქრობ, რომ გარდა სახელმწიფოს სასწრაფოდ ჩარევისა, მიმდინარე პროცესებში ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდების ხმა და მკვეთრად გამოხატული მხარდამჭერი პოზიცია! აუცილებლად უნდა გადაიხედოს შრომის კოდექსი. 16 გარდაცვლილი მუშა, ეს ნამდვილი კატასტროფაა. გაფიცულებს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ სხვა დასაქმებულებმა! მე სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს!

 

სალომე ლაფაჩი, მოსწავლე:

მეშახტეების სამუშაო პირობები ჩემთვის შემაშფოთებელია, მათი ჩაკეტვა შახტაში ხომ მონობას უფრო ჰგავს, ვიდრე მუშაობას.  თანაც დღე–ღამეში 12 საათიანი სამუშაო განრიგი ადამიანის ჯანმრთელობას ნამდვილად ზიანს აყენებს.  მუნიციპალიტეტმა და გამგებელმაც, ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და ერთხელ და სამუდამოდ, როგორც ტყიბულში ისე მთელ საქართველოში ადამიანის შრომას პატივი უნდა სცეს სახელმწიფომ.  უსამართლობის ხანა ჩემს ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ჩემი მხარდაჭერა ტყიბულელ მეშახტეებს!

ნინო დალაქიშვილი,  “ამერიკის ხმის”  კორესპონდენტი:

ტყიბულის მეშახტეების მდგომარეობა მიკრო მოდელია იმ მცდარი და არასწორი სოციალური პოლიტიკის, რასაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი. შრომითი ურთიერთობა ჩვენთან შრომის კოდექსით რეგულირდება, თუმცა ამავე დოკუმენტის თანახმად, დამსაქმებელს ბევრს ვერაფერს მოედავები. იურიდიულად, მას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს და გაათავისუფლოს თანამშრომელი – ამგვარი, დამსაქმებლებისადმი ლოიალური კანონმდებლობა თავის დროზე იმის გამო შემუშავდა, რომ მას წაეხალისებინა ბიზნესი და შექმნილიყო რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. თუმცა დასაქმებულთა უფლებების უგულებელყოფას მეორე უკიდურესობამდე მივყავართ, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის არა მხოლოდ შრომით უფლებებთან, არამედ ადამიანის ღირსების პატივისცემასთან.

 

ტყიბულის შემთხვევაში დამსაქმებელი ამბობს: მისი ბიზნესი ვერ იღებს იმდენ მოგებას, რომ ეს საკმარისი იყოს ხელფასების გასაზრდელად. ერთის მხრივ, ეს არგუმენტი ამართლებს დამსაქმებელს, რადგან ვერავის აიძულებ გააჩინოს არარსებული შემოსავალი, ან ფასები ააწევინოს საერთაშორისო ბაზარს. თუმცა მეორეს მხრივ, ირღვევა დასაქმებულების უფლებები. ისინი უკიდურესად რთულ და გაუსაძლის პირობებში შრომობენ, ვერ იღებენ შესაბამის ანაზღაურებას, ირღვევა მათი სამუშაო და დასაქმების პირობების გაუმჯობესების შესახებ დადებული დაპირებები, არიან მუდმივად სამსახურის დაკარგვის შიშის ქვეშ და სხვა.

 

როდესაც ვამბობთ, რომ ტყიბულის მეშახტეების მდგომარეობა მცდარი და არასწორი სოციალური პოლიტიკის მიკრო მოდელია, სწორედ იმას ვგულისხმობთ, რომ მათი პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება, რადგან ის კანონმდებლობის კომპლექსური ხარვეზის შედეგია. იმის გამო, რომ ლოკალური კოლაფსი თავიდან იყოს აცილებული, შესაძლოა, ადმინისტრაცია გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, ვიღაცას თანხა გამოუყოს, ვიღაცას ხელფასი აუნაზღაუროს, მაგრამ ამას არ ექნება სისტემატური ხასიათი, არამედ იქნება ერთჯერადი ქმედება. ამგვარი მდგომარეობა (არამხოლოდ ტყიბულელი მეშახტეების მიმართ) კი გაგრძელდება იქამდე, სანამ კანონმდებლობა არ გაითვალისწინებს დასაქმებულების უფლებების ჯეროვან დაცვას და არ უზრუნველყოფს მათი დაცვის გარანტიებს რეგულაციებში.

მინდია გოდერძიშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი:

უდაოდ იმსახურებს მხარდაჭერას ყველა მოქალაქე, რომელსაც პატიოსნად შრომის საშუალებასაც არ აძლევენ და იძულებულს ხდიან, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს. პარალელურად, გასაშვებია ისეთი მთავრობაც, რომელიც ნაცვლად სიტუაციის განსამუხტი გზების ძიებისა, არ ერიდება უფლებაშელახული ადამიანების იქით დადანაშაულებას.

 

სოფიო რეზრიჩენკო,  “ვარშავის უნივერსიტეტის”  წარმომადგენელი:

ჩემთვის მეშახტეების, მაღაროელების პრობლემა არის ნაცნობი და ის, რასაც დღეს ვისმენ, არის აბსულიტური ანალოგი დაახლოებით 5 წლის წინანდელი ვითარების, როდესაც არადამიანური პირობების გამო გაფიცულ მეშახტეებს პოლონეთის პროფესიული კავშირის „სოლიდარობის“ დირექტორი პიოტრ დუდა  შეხვდა. ხშირად ვსაუბრობდი პროფესიული გაერთიანების ამერიკული პროგრამის დირექტორთან  რობერტ ფილდინგთან ამ თემაზე, პრობლემებზე, გამოსავალზე. სამწუხაროდ, მაშინაც ხელისუფლებაც, შესაბამისი ორგანოებიც და შახტისა თუ მაღაროს მფლობელებიც სიტაუციის მოგვარების პირობას დებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე.

 

ფაქტი ერთია,  წლების განმავლობაში მდგომარეობა არ იცვლება – თითქოს მეშახტეები საზოგადოებას არ მიეკუთვნებიან; თითქოს რაც იქ ხდება, ჩვენ რეალობას არ ეხება.  მე პირადად ვნახე ყოველგვარი სპეცფორმის გარეშე, რეზინის ნახევრად ღია ფეხსაცმლით,  ყოველგვარი სტანდარტიდან ამოვარდნილი სამუშაო პირობების ფონზე,  როგორ მუშაობდა უამრავი ადამიანი.

 

არ გვინდა თავის მოტყუება, რომ რაღაც ახალი ხდება… ეს გრძელდება წლების განმავლობაში და არ გამოჩნდა ძალა თუ ნება, რომ ეს მდგომარეობა შეცვალოს. ეს არის ქვეყნის სირცხვილი!  მერე რა რომ კერძო ინვესტორი ადგენს მუშაობის წესებს, ეს გვეხება ჩვენ, ყველას. და რათქმა უნდა, პირველად 5 წლის წინ ვთქვი – სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ მომეცა შესაძლებლობა. პირად შევხვედროდი მათ – და ყოველთვის ვიქნები ამ აზრზე –  სოლიდარობა მეშახტეებს, ე.წ. კერძო ინვესტორებო  მონათმფლობელობა დასჯადია!!

 

თეონა ფანქველაშვილი, ფილოლოგი:

ეს არის მონობა 21 საუკუნეში, რაც დაუშვებელია.  თუ ჩვენ ვართ ადამიანები,  რომლებსაც გვინდა დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს აშენება, მაშინ  ჩვენთვის ადამიანი უზენაესი ღირებულება უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის შრომა უნდა იყოს დაფასებული.  ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შრომითი უფლებები და  ყოველი ადამიანის სიცოცხლე იყოს დაცული. მე ვუცხადებ სოლიდარობას ტყიბულელ მაღაროელებს!

 

ელზა ელბაქიძე, სტუდენტი:

ის, რაც დღეს ტყიბულში ხდება, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ტყიბულის პრობლემა, მხოლოდ ამ ადამიანების შრომითი უფლება არ არის დარღვეული – ეს საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს აწუხებს.  ვფიქრობ, დღეს ტყიბულში გაფიცული მუშები საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით იფიცებიან და მე, როგორც მოქალაქე, როგორც სტუდენტი, სოლიდარობას ვუცხადებ ამ ადამიანებს, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, ყოველდღიურად საფრთხეში იგდებენ საკუთარ სიცოცხლეს და ამ ყველაფერთან ერთად ანაზღაურებაც არ აქვთ სათანადო. ძალიან ცუდია, რომ სახელმწიფო ამ დრომდე არ ახდენს შესაბამის რეაგირებას, რომ ამ ადამიანებს დღემდე არ აქვთ იმის გარანტია, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდება და ანაზღაურებაც იქნება მათი შრომის შესაბამისი.

 

ლუკა ბედოშვილი, მოსწავლე:

გაუმართავი სისტემის მსხვერპლი ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. მსგავსი პრობლემების მიმართ შემგუებლური ბუნების გამოვლენა სწორედ არაკეთილსინდისიერი დამქირავებლებისა და ადამიანური შრომის ექსპლუატატორთა წისქვილზე ასხავს წყალს.
ვფიქრობ, საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის მოვლენები, რაც დღეს ტყიბულში ხდება. ყოველი ჩვენგანის ვალია, არ მისცეს სახელმწიფოს მოდუნების საშუალება; მოუწოდოს მას, უფრო აქტიურად დაინტერესდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით; დაიწყოს მსგავსი საკითხების შესწავლა და მოგვარების გზებზე ფიქრი. ჩვენი დღევანდელი დუმილი ხვალინდელი დღის მსხვერპლთა წინაშე დანაშაულია. ვფიქრობ, ყოველ ჩვენგანს შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს ვითარების გამოსწორებასა და ადამიანზე მორგებული სისტემის შექმნაში!

 

სოფო ბედოშვილი, სოციალური მუშაკი:

სოლიდარობას ვუცხადებ ტყიბულელ მეშახტეებს, ვთვლი, რომ მატი მოთხოვნები ხელფასის მომატებასთან და სამუშაო პირობების გაუმჯიბესებასთან დაკავშირებით სრულიად სამართლიანია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თითოეული მეშახტის მიღმა დგას ოჯახი: მცირეწლივნები, ხანდაზმულები, შშმ პირები. აღსანისშნავია და დასაფასებელია მათი ქმედება, კონკრეტულად კი ის რომ გაფიცვის მიუხედავად მატი გარკვეული ნაწილი ასრულებს იმ აუცილებელ სამუშაოებს, რაც სავალალო შედეგს აარიდებს და კითხვის ნიშნის კვეშ არ დააყენებს შახტის არსებიბას. რაც შეეხება 12 საათიან სამუშაო გრაფიკს და კარის ჩაკეტვას მუშაობის პროცესში, თუ ეს დაზუსტებული ინფორმაციაა, ვთვლი რომ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და თითოეული ამ ადამიანის ჯანმრტელობის ხელყოფის და უსაფრთხო სამუშაო გარემოს  არ არსებობის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს “საქნახშირის ჯი-აი-ჯი” ჯგუფის ადმინისტრაციას.

 

შეგახსენებთ, რომ ტყიბულელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.  სოლიდარობის ნიშნად, გაფიცულებს სხვადასხვა ჯგუფები ადგილზე უერთდებიან.