“თბილისური იერი” ჩვენი ქალაქის თვალში

ავტორი: ქეთო ლაზარაშვილი

 

უკვე ერთი სემესტრი და ერთი დღე გავიდა, რაც საცხოვრებელი ქალაქი შევიცვალე და თბილისში გადმოვცხოვრდი. ამ ცვლილებამ, რა თქმა უნდა, ძვრები გამოიწვია ჩემში, თუმცა არა ისეთი ფუნდამენტური, რომ  გორში ჩასულს ქუჩაში შემხვედრებმა, მეზობლებმა, იქ მოხვედრილმა მეგობრებმა, მასწავლებლებმა და შემთხვევით მომხვდურნმა, ჩახუტების მაგივრად, მიმეორონ ფრაზა: შენც მოგიხდა თბილისური იერი.

თავიდან ეს სიტყვები მაღიზიანებდა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისეთი სისტემატიური ხასიათი მიიღო, რომ გაღიზიანების ნაცვლად, გაკვირვებას და ინტერესს იწვევდა ჩემში. ერთ დღეს, როდესაც ამ ფრაზის გამეორების სიხშირემ პიკს მიაღწია, დავჯექი და სათითაოდ გავშიფრე თითოეული სიტყვა.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფრაზის წარმომთქმელნი, ძირითადად მშობლიურ ქალაქში დარჩენილი ნაცნობ-მეგობარნი არიან, რომლებიც გორის ცხოვრებას არიან შეგუებულნი, კარგად იციან “ვინ როგორი წავიდა” ამ ქალაქიდან და მათი ოდნავი  გარეგნული თუ პიროვნული ცვლილების შემჩნევისთანავე შესაბამისად რეაგირებენ ან ზემოთქმული ფრაზით, ან ამ ფრაზის სინონიმური ინტერპრეტაციებით.

  • შენც – სიტყვა “შენ” პირის ნაცვალსახელია, რომელიც, ჩვეულებრივ, საკუთარი სახელის ჩასანაცვლებლად გამოიყენება. “ც” ნაწილაკით კი მთქმელი ხაზს უსვამს, რომ თბილისის მიერ შეცვლილთა სიაში არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი.
  • მოგიხდა – ამ სიტყვას მთლიან ფრაზაში ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს. მისი ზუსტი დეფინაციის ამოცნობისთვის, საჭიროა თქმის დროს კარგად დავაკვირდეთ მოსაუბრის მიმიკას. თუ მოსაუბრsmug face(2)ე თვალებს სწრაფად ამოძრავებს ჩვენს ტანსაცმელზე,  პირს უფრო ხურავს სიტყვის გასამძაფრებლად, ცალ წარბს ოდნავ ზევით წევს, და სიტყვის თქმის მერე იღიმის ისე, რომ თვალებთან ნაოჭები არ უჩნდება ( დაახლოებით ისე, როგორც ეს სმაილი), ანუ მის თქმულ სიტყვას ირონიული და არაპოზიტიური დატვირთვა აქვს. და არ გაგიხარდეთ. მაგრამ თუ მოსაუბრე თვალებს აფართოებს, სიტყვებსაც ღია პიsmug face(2)რით ამბობს, ორივე წარბი მაღლა ეწევა და ღიმილის დროს თვალები უვიწროვდება (დაახლოებით ისე, როგორც სმაილი),  ანუ მას მართლა ჰგონია, რომ კარგად გამოიყურებით და სიტყვა “მოგიხდას” დადებითი მნიშვნელობით ამბობს. და გაგიხარდეთ.
  • თბილისური – თბილისი საქართველოს დედაქალაქია. ბოლო დროს მომატებული ურბანიზაციის და კიდევ რამდენიმე ფაქტის  შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული სტერეოტიპი, რომ თბილისი ერთადერთი ნათელი წერტილია ქვეყანაში, ყველაზე კარგი ქალაქია საცხოვრებლად, სამუშაოდ, სასწავლად, გამოსაპრანჭად… “ნამდვილი თბილისელობა” საუკეთესო სტატუსია, რომელიც შეძენას არ ექვემდებარება, ის თანდაყოლილია და მისი ღირსეული თუ უღირსი მატარებლები facebook-ში, პირად საუბრებში, მეტროში, ტელევიზიაში (და ა.შ.) ამაყად ამხელენ ამ სტატუსის შეძენისთვის მებრძოლ რეგიონიდან ჩამოსულ უნიჭიერეს და უღირსეულეს ხალხს. ამ უკანასკნელების ერთადერთი “დანაშაული” კი ის არის, რომ ხმაურისგან, სიბინძურისგან და ტენდენციებისგან მოშორებით, სუფთა, წყნარ და ალალ სოფლებში დაბადება  ხვდათ წილად. თბილისი, სიდიდის და მაცხოვრებლების სიუხვის გამო, რომელთა უმეტესობასაც ამხელა მასაში გამორჩეულობა სურთ, ითვლება მოდის შემომტან ქალაქად. ანუ რაღაც ტენდენცია ჯერ თბილისში ვრცელდება, შემდეგ – რეგიონებში. ამიტომ “თბილისური” აღნიშნავს რაღაც ახალს, უცხოს, საინტერესოს. და ამ სიტყვის მთქმელი, “თბილისურში” მოიაზრებს თქვენს გარეგნობაში შეპარულ ცვლილებას, რომელსაც დედაქალაქს მიაწერს, ზემოთთქმულ მიზეზთა გამო.
  • იერი – იერი სწორედ ის “შეპარული ცვლილებაა” ზევით რომ ვახსენე და რამაც ყველაზე მეტად ააფორიაქა ამ ფრაზის მთქმელი. იერში შეიძლება იგულისხმებოდეს ტანსაცმელი, მიმიკა, სიარულის მანერა, ვარცხნილობა, საუბრის მანერა და ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რამაც სწორედ თბილისში ჩასვლის შემდეგ განიცადა ცვლილება. იერის შეცვლა ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელი პროცესია, სოციალიზაციასავით. ადამიანი უნდა მოერგოს იმ გარემოს, სადაც იმყოფება და  გრიგოლ ხანძთელივით ფილტრში გაატაროს ყველა ინფორმაცია, მიიღოს მისაღები, განაგდოს მიუღებელი. ყველაზე რთული კი მისაღების და მიუღებელის ერთმანეთისგან გარჩევაა. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ მშობლიური ჩვევებისგან განსხვავებული წესები, რომლებსაც დიდი ქალაქები და “თავისუფლება” გვახვევს თავზე უფრო სწორი და მოდურია. ჩვენი ჩვევები კი ძველმოდურია. მაგრამ ხვალ, მთელმა თბილისმა რომ ქუთაისური აქცენტით დაიწყოს ლაპარაკი, უკვე ეს გახდება მოდური. ამ  თავსმოხვეულ “მოდას” უმრავლესობა ქმნის. მის სისწორეში დარწმუნებული ენდემური, უსაინტერესოესი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანებიც ყვებიან ამ “მოდას”. მაგრამ ხშირად თავისუფლების სახელით მოლაპარაკენი, თვითონ არიან ამ ერთფეროვნების მსხვერპლნი. ჩვენი იერი ჩვენი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა და მისი ცვლილება, დადებითი ან უარყოფითი, სარკესავით ასახავს ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობას. ასე, რომ დადებითად თუ უარყოფითად შეცვლილ იერს, კარგად ნაცნობ მეგობარს ვერ გამოაპარებთ და სწორედ ეს იწვევს ფრაზის “შენც მოგიხდა თბილისური იერის” გამეორებას.

შეიცვალეთ იერი, მოახდინეთ თქვენში ძვრები,  გააკრიტიკეთ საკუთარი თავი, ხშირად იხედეთ სარკეში, შეცვალეთ მსოფლმხედველობა და არ მიაქციოთ ყურადღება, თუ ამ ყველაფერს მავანნი თბილისს მიაწერენ. მიაწერონ რა..

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია