ვინ/რა გვძულს?!

 ავტორი: დიმა გოგიაშვილი

 

– ვინ გვძულს?

–  ჩვენზე ჭკვიანი, ჩვენზე განათლებული, ჩვენზე ლამაზი, ჩვენზე მაღალი და ჩვენზე, თუნდაც, ოდნავ უკეთესი. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასე არის ეს.

გვძულს და ხმამაღლა ვამბობთ, არ ვმალავთ, ნაცვლად იმისა, რომ დავფიქრდეთ, რითია ჩვენზე უკეთესი და შევეცადოთ გავხდეთ უკეთესი. ასე მოქცევა არ შეგვიძლია. გვიჯობს,  გვძულდეს და ვიძახდეთ ამას, რათა მან ჩვენზე მეტად შეგვიძულოს, და ვაი, თუ პირიქით მოხდა, არც კი შეგვამჩნია, არ შეგვიძულა, მაშინ სიმშივდე საბოლოოდ უნდა დავკარგოთ და თუ დაგვჭირდა, მოვკლათ კიდეც. სწორედ ისე, როგორც თავის დროზე მოვკალით ლევანი ბატონიშვილი –  ჩვენ ხომ მასზე კარგი ვერ გავხდით მაშინ. ვერ გავხდით მისი სწორი, ამიტომაც წიწამურთან მოვკალით ილია და მზად ვართ, მოვკლათ ყველა, ჩვენზე უკეთესი და ნიჭიერი, ვინც ჩვენს არეალში გამოჩნდება.

მოვკლავთ და მერე, როგორც წესია, ვიწუწუნებთ, რომ არავინაა ისეთი, რომ ქვეყანას მიხედოსო. აი, ამ სიძულვილით და სიკვდილით მოვდივართ ამ ნატანჯ ქვეყანაში.  როგორ გადავრჩით ან როგორ მოვედით აქამდე, საკვირველია. ამ გაუკვევლობაში ვტრიალებთ საუკუნეებია. ვერ ვიგებთ, რა გვინდა ქართველებს, საით გვინდა, რომ წავიდეთ, თეთრი გვინდა თუ შავი, მზე გვიდა თუ მთვარე. აი, ესაა სწორედ ჩვენი პრობლემა.

დამთავრდა წითელი პერიოდი საქართველოსთვის და ქართველებმაც ავიყარეთ ბორკილი ხელიდან, დავიწყეთ ფიქრი ქვეყნის მშენებლობაზე და ამავდროულად დავიწყეთ მტრების ძიება (რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთესების) და ამ ხელოვნურად შექმნილმა და მოძიებულმა მტრებმა დაგვაკარგინა მიწა, წყალი და ხალხი. სიმბოლურია, პირველი სამი წელი და სამი სიტყვა: მიწა, წყალი და ხალხი. ისიც სიმბოლურია, რომ ჩვენ მიერ მესიებად მონათლული ხალხი სწორედ ამ სამ რამეს გვაკარგვინებდა – მიწას, წყალს და ხალხს.

ახლო წარსულშიც სწორედ ასე დაგვემართა: ჯერ პარლამენტში შევვარდით ახალი მესიის გამოსაძერწად; შემდეგ ქუჩაში გამოვედით, იგივე მიზნით. ვშიშობ, რომ მესიების ძებნას არც მომავალში მოვიშლით.

უმრავლესობისთვის, საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრებაზე მარტივი, როგორც ჩანს, საკუთარი ბედ-იღბალის მესიისთვის მინდობაა.  როცა, მავანს უპირობო ნდობას უცხადებ, საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხიმსგბელობებს ივიწყებ, შენზე უკეთების დაკნინებისთვის მეტი დრო გრჩება. სავარაუდოდ, ეს მიდგომაა, რომელიც გვღუპავს.

არადა, მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე ვამბობ, რომ დავიღალე ამ სიძულვილით – დროა, ვისწავლოთ ერთმანეთის ფასი, პატივისცემა და, რაც მთავარია, გავიაზროთ, რომ ყველამ შეგვიძლია ერთმანეთს რაღაც ვასწავლოთ – ეს სამი რამ მჯერა უშველიდა ქვეყანას.

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია