ავტორი: ოთარ კვირიკაშვილი

 

მინდოდა, ეს ბლოგი ცოტა სხვა სახით დამეწერა, მაგრამ კარასინის გუშინდელი განცხადებების შემდეგ ზუსტად მივხვდი, ახლა  და ამ დროს, რა უნდა ყოფილყო ჩემი სათქმელი..

ჩვენ ვართ ახალგაზრდა საზოგადოება, რომელსაც ძალიან ხშირად მოულოდნელობებით აღსავსე გარემოში უწევს სხვადასხვა სირთულის ტესტის ჩაბარება – ხან ისე ვაბარებთ, ხან ასე, მაგარამ ამასობაში ვიზრდებით, ეს ფაქტია.

დამოუკიდებლობიდან 25 წლის მანძილზე ათასი უბედურება გადავიტანეთ, მაგრამ ფაქტია, ვიბრძვით – თავისუფლებისთვის ვიბრძვით და არ ვჩერდებით. რუსეთს კი ჩვენი შურს, ჩვენი თავისუფალი სულის… დღეს ის იმდენად შორსაა ჩვენგან, როგორც არასდროს… მათ ხელი აღარ მიუწვდებათ იმაზე, რომ ჩვენი მორალური და ღირებულებითი ფასეულობები ისევ თანხვედრაში იყოს მათ ფასეულობებთან. ჩვენ სხვა ოჯახს განვეკუთნებით – ევროპულ, დასავლურ ოჯახს. ამიტომ მათი სურვილები და ქმედებები ახლა უკვე ყველაზე მეტად ხმაურობს – ხმაურს კი მხოლოდ შანტაჟისა და მუქარის ხმა შერჩენია..

ხშირად ერთმანეთს სხვადასხვა იარლიყებს ვაწებებთ, მაგრამ როდესაც ახლობელ ადამიანს იმ ქვეყნად ვაცილებთ, არ ვამბობთ, რომ ეს პრორუსი იყო, ან პრო ამერიკელი. ჩვენ ამ მიწაზე საქართველოს მოქალაქეებად ვიბადებით და ასევე ვკვდებით. ომში საქართველოს სახელს ვიცავთ და არა – რომელიმე პარტიის, ან თუნდაც, როდესაც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს, ან მუსიკოსებს ვქომაგობთ, იქ არ მივდივართ ამა თუ იმ პარტიის სახელითა და სულისკვეთებით, რადგან ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და როგორც არ უნდა მოვინდომოთ, მას ვერ გავყოფთ, – ამ ყველაფერს კი სახელმწიფოებრივ საკითხებს ვეძახით.

აი, როდესაც საქმე პირად ცხოვრებას და ურთიერთობებს ეხება, გვავიწყდება, რომ ესეც სახელმწიფოებრივი საკითხია და ისევე უნდა დავიცვათ ერთმანეთი, როგორც ომში; ისევე ერთიანი სულისკვეთებით უნდა ვუქომაგოთ ერთმანეთს, როგორც სტადიონებზე ვქომაგობთ ჩვენს ნაკრებებს და ა.შ.

ყველა ის ქმედება, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის ხასიათს ატარებს, მხოლოდ რუსეთის მიერაა მართული. ისინი ფიქრობენ, რომ ღია ომის დროა. ჩვენ კი, ვინც მათ ნამოქმედარს ტირაჟირებას ვუკეთებთ, ვქირქილებთ, და დავცინით ჩვენს ძმებსა და დებს, გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი სუვერენულობის წინააღმდეგაა მიმართული, იმის მხრიდან, ვისაც ჩვენი დამოუკიდებლობა 25 წელია ვერ მოუნელებია.

დამოუკიდებლობას და თავისუფლებას კი მუდმივი ბრძოლა სჭირდება, ამიტომ თუ სხვისი უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის, მით უფრო, ჩვენი ძმების და დებისთვის არ ვიბრძოლეთ,  ვერც ჩვენ ვეღირსებით  თავისუფლებას.

თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლა ჩვენი ხვედრია!

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია