კვადრატულშარვლიანი ურბანიზაცია

ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

 

გორში სანაგვე ურნების შეღებვას სოციალურ ქსელში ინტერნეტ მომხმარებლის ნაწილის კრიტიკა მოყვა. გეტყვით, რომ ახალგაზრდულმა მოძრაობამ ,,დროა“ ქალაქში არსებული ურნების ნაწილი შეღება და მასზე მულტფილმების ცნობილი პერსონაჟები დაიტანა. პერონაჟთა გამოსახულება სისუფთავის თემატიკას ეხმაურება.

,,დროას“ მიზანი განმარტების გარეშეც იოლად მისახვედრია, თუმცა გეტყვით, რომ ამ ნაბიჯით მათ, ერთი მხრივ, რუხი ქალაქის პალიტრა გაამდიდრეს; მეორე მხრივ კი, მოსხლეობას თვალშისაცემი გამოსახულებებით, საჭიროების შემთხვევაში ურნის არსებობა შეახსენა.

ჰო, იმაზე არ ვსაუბრობ, საჭიროა თუ არა ქალაქისთვის ამის შეხსენება, მაგრამ თუ მაინც ეჭვი გიპყრობთ, შეგიძლიათ თვალი მოავლოთ თქვენს უბანს, სადარბაზოს.

მინდა, ცოტა რამ ურბანიზაციის შესახებაც დავწერო, რაც მგონია, რომ მჭიდრო კავშირშია ურნების თემასთან.

ცნობილია, რომ ურბანიზაციას, როგორც საქალაქო ცხოვრების წესის გავრცელების პროცესს თავისი წესები აქვს – ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და სწორედ,რომ გარკვეული წესების დაცვას გვავალდებულებს. რა თქმა უნდა, მე არც ქალაქელობის და არც მისი წესების დაცვის სწავლებას ვცდილობ, მხოლოდ ჩემეულ ხედვას გადმოვცემ დღევანდელი დისკურსის მაგალითზე.

ჰოდა, იმას ვამბობ, რომ ,,ეს ოხერი“ ურბანიზაცია გულისხმობს, როგორც ინდუსტრიული ნაწილის, ასევე მენტალური, ანუ ქცევითი კომპონენტის განვითარებას, როგორც ზემოთ ვახსენე ქალაქის წესებით ცხოვრებას, მის დამკვდირებას და ქალაქის გამართულ სოციალურ და ინფრასტუქტურულ მექანიზმად ჩამოყალიბებას.

სამწუხაროდ, ჩვენში ურბანიზაციის პროცესი ძალზედ მდორედ, ხშირად კი დამახინჯებულად მიმდინარეობს, რასაც ცალკეული ჯგუფები კარგად ხედავენ და ცდილობენ, რომ შესაბამისი აქტივობებით ხელი შეუწყონ პროცესის ნორმალიზებას. ,,დროას“ მაგალითზე უნდა ითქვას, რომ ორგანიზაცია წლების მანძილზე ადგილობრივ და რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს (ვინც ახლაღა ჩაება ურბანიზაციის პროცესში) მოხალისეობრივ საწყსებზე, ამ პროცესისთვის საჭირო საკითხებს უზიარებს.

ამასთან, ,,დროა“ ახალგაზრდების შეკრების, სოციალური დისკუსიებისა და კინოჩვენებისთვის შესაბამისად მოწყობილ ღია სივრცეებს ქმნის და დამსვენებელს უფასო ინტერნეტსაც სთავაზობს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ურბანიზაცია არა მხოლოდ ქალაქის ფიზიკურ ზრდას, მის ყოველმხრივ განვითარებასაც გულისხმობს, რაშიც ხელისუფლების გარდა, პასუხსიმგებლობები და ვალდებულება თითოეულ ჩვენგანსაც გვეკისრება.

მინდა, რომ პოსტი შეღებილი, გნებავთ მოხატული ურნების თემით დავასრულო: დღეს დილით, ტაქსით მგზავრობისას მძღოლმა სანაგვე ურნების შეღებვის გადაწყვეტილება მოიწონა. სიმართლე გითხრათ სასიამოვნოდ გამაკვირვა მისმა დამოკიდებულებამ, ჩვენ ხომ ასე გვაშინებს სიახლე, ნათელი ფერები – მიჩვეული ვართ ,,რუხ სტანდარტებში“ ცხოვრებას, იქ სადაც მასწავლებელი ტუალეტში ჯერ კიდევ არ დადის, სექსი გარყვნილებადაა მიჩნეული, სამოქალაქო სწავლება ასევე გარყვნილების ლეგელიზების ტოლფასია; ზოგიერთს აშინებს ფერადი ურნები, რადგან  მათ ბოროტი დასავლეთი  ,,გაპიდარასტებას“ და ,,ქართველობის დაკარგვას“ უქადის.

სოციალურ ქსელში, შეღებილ ურნებთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარების კითხვისას, საინტერესო მოსაზრებებმა გაიჟღერა – კომენტარების ავტორთა მიმართ ჩემი პატივისცემა ხელს არ შემიშლის, რომ რამდენიმე მათგანის მოსაზრებიდან შინაარსი გადმოგცეთ: ,,არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ნაგვის ურნებს ეხუტებოდნენ, მასზე მიხატულ სპანჩ ბობის დაინახვისასო. და მეორე: როგორ შეიძლება ბურატინოს და სხვა ცნობილი პერსონაჟების ურნებზე მიხატვა, ეს მათ ღირებულებას აკნონებსო.

  • კეთილი რჩევა: ბავშვს ქუჩაში (ახლოს ნაგვის ურნაც რომ არ იდგეს) ხელი არ გაუშვათ. ურნის ჩახუტების გარდა შეიძლება სხვა ხიფათს გადააწყდეს, რაც რა თქმა უნდა, მე და, მეტადრე, თქვენ არ გვსურს.
  • თუ მაინც გაგისყლდათ და ურნის ჩასახუტებლად გაიქცა (რაც თავის მხრივ უდიდესი უტოპიაა) ეცადეთ, მარტივად აუხსნათ ურნის მნიშვნელობა და საჭიროება. მერწმუნეთ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მის გონებაში, ურნაზე მიხატული სპანჩ ბობის გათვალისწინებით, უფრო კარგად დაილექება.
  • რაც შეეხება ცნობილი პერსონაჟების ღირებულების შელახვას – თუ ეს გადაწყვეტილება ქალაქში უფრო მეტი ღირებულების, კერძოდ, სისუფთავის და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, არათუ სპანჩ ბობს და ბურატინოს, კინემატოგრაფის უდიდესი თაყვანისცემის მიუხედავად, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შექმნილი კინოკლასიკათა პერსონაჟებს სათითაოდ მივახატავდი ურნაზე, რომელიც თავის მხრივ, ურბანიზაციის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს.

და ბოლოს, თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ,,ლიბერი იყო რომაული    პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუ-ღმერთი“ – გამოდის, რომ ეს პოსტი სულ ტყუილად დამიწრია.

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

 

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია