რეჟისორის მოგონილი ამბავი, 2 აპრილი და კვლავ, “ჩვენ” და “ისინი”

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

დღეს ხუთშაბათია. განვლილი ხუთშაბათების მსგავსად, ჩემს დას დღესაც 6 გაკვეთილი აქვს. სახლიდან ცხრის ნახევარზე გავიდა, ჩვეულებისამებრ. ახლაც სკოლაშია, ანუ იქ, სადაც დღევანდელი დღე – 2 აპრილი – ადამიანებს დამატებით პასუხისმგებლობას სულაც არ აკისრებს. სწორედ ამიტომ, ჩემს დას სკოლიდან მოსვლის შემდეგაც იმდენივე ეცოდინება აუტიზმის შესახებ, რამდენიც წასვლამდე იცოდა, ანუ ბევრი არაფერი.

რამდენიმე თვის წინ ჩემს დასთან ერთად ფილმს ვუყურე. ფილმის მთავარი გმირი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე იყო. მაშინ ვკითხე, აუტიზმის მქონე ბავშვებს სკოლაში თუ ხვდებოდა. არაო, მიპასუხა და დაამატა, – ალბათ, ეს ადამიანები სკოლებში არ სწავლობენო. აღარაფერი მითქვამს, უბრალოდ გავიფიქრე, როგორი სასაცილოა, ქვეყნის განვითარების დონეს ამ ფაქტის გათვალისწინების გარეშე რომ ზომავენ-მეთქი.

აღსანიშნავია, რომ ჩემი და იმავე სკოლაში სწავლობს, რომელიც მე ხუთი წლის წინ დავამთავრე. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს არც ჩემს გვერდით უსწავლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შენობა ამ ბავშვებისთვის ახლაც ისეთივე უსარგებლო კედლების გროვაა, როგორიც – უწინ.

აღნიშნულზე პასუხისმგებლობას მხოლოდ სახელმწიფოს ვერ შევატოვებ, რადგან ამ რეალობის შემოქმედი ყველა მგონია, ვინც ამ ბავშვების იზოლირებას, განცალკევებას უწყობს ხელს. ამის მიზეზი კი, ძირითადად, ადამიანების მიერ გარესამყაროს არასწორი აღქმაა. კერძოდ, საზოგადოებაში ნორმად ქცეული ადამიანების დაყოფის წესი – “ჩვენ“ და “ისინი“. აღნიშნული წესის თანახმად, “ისინი” აერთიანებს ყველას, ვინც უმრავლესობისგან რაიმე ნიშნით განსხვავდება.

აუტიზმის მქონე ადამიანებიც სწორედ ამგვარი დაყოფის მსხვერპლნი არიან. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ამ კატეგორიებს შორის – “ჩვენ“ და “ისინი“ – თანასწორობა მხოლოდ საკანონმდებლო აქტებით დეკლარირებული უფლებაა. რეალურად კი, უმრავლესობას მათი დამცირება, დაჩაგვრა და დაცინვა დღემდე ჩვევად აქვს შემორჩენილი.

ვშიშობ, ასე იქნება მანამ, სანამ 2 აპრილს სკოლა მოსწავლეს შინ კვლავ იმ სტერეოტიპთან ერთად გამოუშვებს, რომელიც აუტიზმს გონებრივ ჩამორჩენილობასა და აბსოლუტურ განუვითარებლობასთან აიგივებს; ასე იქნება მანამ, სანამ მასწავლებლები, მოსწავლეთა თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნვის პროცესში, ამ საკითხის აქტუალურობას ისევ უგულებელყოფენ.

არადა, უკვე წლებია, სხვადასხვა ორგანიზაციები სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდიან და გვახსენებენ, რომ ყოველი 88 ბავშვიდან ერთი აუტისტური სპექტის აშლილობით იბადება. და მაინც, ამ ციფრების მიუხედავად, საზოგადოება ბუნებრივ რეალობად აღიქვამს, როცა სკოლაში ათასი მოსწავლიდან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე არც ერთი არაა.

ჩემი დაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი სკოლის მოსწავლეა. დღევანდელი რეალობის წყალობით კი, მისთვის აუტიზმის მქონე ადამიანი მხოლოდ ფილმში ნანახ პერსონაჟად რჩება, რომელმაც საკუთარი ნიჭის წყალობით წარმატებას მიაღწია. არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა, ჩემს დას ესეც რეჟისორის მოგონილი ამბავი ჰგონია.

აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის ერთი დღე საკმარისი არ არის. რეალობის შეცვლის სურვილით სკოლის იმედად ყოფნა კი, არც ისე მარტივია.