ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

 

უკვე ბევრი რამ მოწმობს იმას, რომ 9 მაისის აღნიშვნა, თავის თავში, ფაშიზმის დაგმობასთან ერთად, საბჭოთა კავშირისთვის ხოტბის შესხმასაც გულისხმობს. არადა, ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის, საბჭოთა კავშირის გაძლიერებით, ნაცისტური გერმანიის დამარცხება დიდი ვერაფერი სიკეთეა. არა, არ იფიქროთ, რომ ფაშიზმის დამარცხების მნიშვნელობას ვერ ვიაზრებ. უბრალოდ, თავის დროზე მისი გაძლიერების კუთხით, საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული სამსახური არ მავიწყდება და ისიც მახსოვს, რომ საქართველოსთვის ეს უკანასკნელი ისეთი მტერი იყო, რომლის დამღა ქართულ საზოგადოებას დღემდე ეტყობა.

საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით ნაცისტური გერმანიის გაძლიერება ვახსენე. აღნიშნულში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს ვგულისხმობ – სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით, 1932-1933 წლებში უკრაინაში შიმშილით მილიონობით ბავშვი დაიღუპა, იმპერიამ კი მათთვის განკუთვნილი პური მეორე ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე ნაცისტებს გაუგზავნა. ჩემთვის ამ ამბის გახსენებაც კმარა, რომ საბჭოთა კავშირს პასუხისმგებლობა ნაცისტური გერმანიის მიერ მსოფლიოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზეც დავაკისრო, თუმცა ესეც რომ არა, ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანს საბჭოთა იმპერიის ნეგატიური შეფასებისთვის ისტორია სხვა მრავალ ფაქტსაც სთავაზობს, დახვრეტილი ინტელიგენციის, გადასახლებული ადამიანებისა თუ დანგრეული, მიწასთან გასწორებული ტაძრების სახით.

ახლა კი, როცა საბჭოთა კავშირის დაშლისგან 24 წელია გასული, ამ იმპერიის ნამოქმედარის შეფასებისას, დროა, პასუხი გავცეთ კითხვას, თუ ვინ იყო გმირი – ვინც ამ იმპერიის დასამაცხებლად ნაცისტური გერმანიის მხარეს იბრძოდა, თუ ის, ვინც ფაშიზმის დასამაცხებლად, საკუთარ ოკუპანტს აძლიერებდა. საკითხის ანალიზი შეუძლებელია იმ არჩევანის თავისუფლების გაანალიზების გარეშე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, “წითელი არმიის” მხარეს მებრძოლი ქართველებისგან განსხვავებით, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დამარცხების და ამ გზით, საკუთარი ქვეყნის გათავისუფლების მსურველებს გააჩნდათ. “წითელი არმიის” მხარეს მებრძოლნი ძირითადად, უბრალოდ იძულებულნი იყვნენ, ომში ჩართულიყვნენ. ომში, რომელიც შემდგომში საბჭოთა კავშირმა “სამამულო ომად” მონათლა და ამით ომში გარდაცვლილი ადამიანები საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის დაღუპულებად გამოაცხადა. არადა, ნათელია, რომ საბჭოთა კავშირის გამარჯვებას საქართველოს გამარჯვებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა – ჩვენი ქვეყანა კვლავ იმპერიის მონობაში რჩებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს უკვე, ქართულ კანონმდებლობაში ტერმინი “სამამულო ომი” “მეორე მსოფლიო ომით” არის ჩანაცვლებული. თუმცა სავალალოა, რომ ქვეყანაში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის დღე – 26 დეკემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, 9 მაისი უქმე დღედ რჩება და მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნება.

აღარაფერს ვამბობ 9 მაისის აღნიშვნის ტრადიციაზე, რომელიც ომის ვეტერანთა ღონისძიებაზე მოწვევას და მათი მხრიდან სტალინის ღვაწლზე საუბარს გულისხმობს. ბევრს არც იმაზე დავწერ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებას ევროპა 8 მაისს აღნიშნავს. 9 მაისს კი, საბჭოთა იმპერია ზეიმობდა, როგორც პრაღის აღებისა და აღმოსავლეთ გერმანიაში საკუთარი პოზიციების გაძლიერების წლისთავს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უბრალოდ გაუგებარია, რას და რატომ აღვნიშნავთ 9 მაისს?!

ისე კი, თუ მაინცდამაინც, ფაშიზმის დამარცხების კუთხით, ქართველთა მიერ გაწეული ღვაწლის დაფასება გვინდა, ვისურვებდი, ეს ევროპის მსგავსად გაგვეკეთებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგი მგონია – საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე არ უნდა იყოს საბჭოთა კავშირის დაშლის თარიღზე მნიშვნელოვანი. მით უფრო, რომ დღეს საქართველოში 9 მაისის ტრადიციისამებრ აღნიშვნა საშიში მგონია, რადგან ეს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის მეხოტბეების წახალისებას ნიშნავს. და თუ აღნიშნულზე, ანუ პრორუსული ძალების წახალისებაზე თანახმანი ვართ, მაშინ საქართველოში – “გეორგიევსკის ლენტების”,  გორში კი წითელი დროშების ფრიალი, ლოზუნგებით „დიდება სტალინს“ გასაკვირი კი არა, ბუნებრივი ყოფილა.