ნაადრევი ქორწინება და გენდერული თანასწორობა – დისკუსია გორში

ნაადრევი ქორწინების და გენდერული თანასწორობის თემაზე იმსჯელეს გორის წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ფენიქსის“ წევრებმა, გორის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელთან ერთად.

13242127_1376513035698165_2107923576_o

შეხვედრის მონაწილეები ადრეული ქორწინების შესახებ ბოლო წლების სტატისტიკას გაეცნენ და ისაუბრეს, თუ რატომ აქვს საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რა შედეგები მოაქვს ადრეული ქორწინებას, რა კავშირი აქვს მას გენდერულ თანასწორობასთან და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობასთან და რა არის არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზები.

შეხვედრის მონაწილე მარიამ ბუთხუზი  მიიჩნევს, რომ თუ ახალგაზრდები კარგად იქნებიან ინფორმირებულნი გენდერული თანასწორობის აუცილებლობაზე, რომელიც  ქვეყნის დემოკრატიულობის  და განვითარებისთვის  მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს,  სამომავლოდ  ქვეყანაში ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

,,გენდერული უთანასწორობის  პრობლემა მსოფლიოში ბევრ ქვეყანაშია.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ატუალური პრობლემა დღეს ჩვენში. ალბათ ახალგაზრდობას ინტენსიურად თუ მოგვეწოდება ინფორმაცია ამ საკითხებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე, ჩვენ თვითონაც აღარ გავხდებით  გენდერული უთანასწორობის ხელის შემწყობები.  მე ვფიქრობ რომ ესაა ამ პრობლემის გადაჭრის გზა,“ აღნიშნა შეხვედრის დასასრულს მარიამმა.

,,ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ჩვენს ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის და ადრეული ქორწინების  ნეგატიურ მხარეებზე, ადრეული ქორწინების პრევენციაზე, როგორც გენდერული თანასწორობის  ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორზე.  ისაუბრეს სტერეოტიპებზე,  მიზეზებზე და წამახალისებელ გარემოებებზე რაც გენდერულ თანასწორობას უშლის ხელს ჩვენს ქვეყანაში.   ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ   მათ გამოხატეს ინტერესი თემისადმი და აღნიშნეს,  რომ მსგავსი დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების შესაცვლელად“, აღნიშნა გორის გენდერის მედიაცენტრის  ხელმძღვანელმა ნათია ომაძემ და დასძინა, რომ ასეთ შეხვედრებს გორის გენდერის მედიაცენტრი კარგა ხანია მართავს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან გენდერული ცნობიერების ამაღლების მიზნით.

დისკუსიები იმართება პროექტის ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ და გორის გენდერის მედიაცენტრი ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES) მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის კუთხით.