ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

 

ჩემს ქვეყანაში, ოფიციალური მონაცემების თანახმად, 136 102 ოჯახი სახელმწიფოსგან ბოძებული სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს. დარჩენილი ნაწილი კი მათ ისტორიებს, არც თუ ისე იშვიათად, მედიით ისმენს. სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა ვისაუბრო.

ჩემი აზრით, დღევანდელი მედია ყველაზე უკეთ ააშკარავებს იმ სავალალო რეალობას, რომელიც ბავშვთა უფლებების ხარჯზე გააქტიურებულ თვითგადარჩენის ინსტინქტს გულისხმობს.

“ჩვენს ოჯახს უჭირს, სასკოლო ნივთები არ მაქვს“, “ჩემს დას სათამაშოები არ აქვს“, “მხოლოდ მამა მუშაობს, ამიტომ ტანსაცმლის საყიდლად ფული არ გვრჩება“ – ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მშობლები შვილებს კამერის წინ საკუთარი ოჯახის გასაჭირის მოსაყოლად ამეორებინებენ. ალბათ, დუხჭირი ყოფისგან თავის დაძვრენის იმედით. ამ დროს ჟურნალისტი (ყველას არ ვგულისხმობ) კამერის წინ, მიკროფონგაწვდილი მშვიდად დგას და ელის, როდის შეძლებს მისი პატარა რესპონდენტი, მშობლის ჩუმი კარნახით, სასურველი ფრაზის უშეცდომოდ გამეორებას.

ჟურნალისტისა და მშობლის ერთობლივი მუშაობის შედეგს კი, შემდეგ ჩვენ, მაყურებლები ფერად ეკრანებზე ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ ეს გუშინ ან გუშინ წინ ნანახზე მეტად გაჭირვებული ოჯახია. თუმცა, იმაზე დალხენილი ვიდრე, მაგალითად, წამის უკან სხვა არხზე ვნახეთ.

რა თქმა უნდა, ეს რეალობაა და მავანი უყოყმანოდ დაეთანხმება აზრს, რომ, დიახაც, მედია ასეთ ისტორიებს ბავშვების ენით უნდა გვიყვებოდეს. რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენელსაც ვერაფერში შეედავები. ის მართალია კანონის წინაშე, რომელიც მშობლის თანხმობის შემთხვევაში, მას უფლებას აძლევს ბავშვი ისე აჩვენოს, როგორც მოესურვება – შორი, ახლო, საშუალო ხედით; აბურძგნული თმითა და ჩამოძონძილი ტანსაცმლით ან აცრემლებული თვალებითა და სახეზე დაფენილი ნაძალადევი ღიმილით.

მავანი მეტყვის, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად ოჯახის დახმარების სურვილი უდევს. ასეთი სურვილები ცალსახად მორალურია. თუმცა, თუნდაც ამ კეთილი მიზნით ბავშვების გამოყენება, ქვეყანაში, სადაც ისინი ყველაზე ხშირად დისკრიმინაციას სოციალური მდგომარეობის გამო განიცდიან, ამორალური მგონია და ვფიქრობ, თითოეული ჟურნალისტი იმ შედეგზე უნდა ფიქრობდეს, რომელიც მის პატარა რესპონდენტს, სიუჟეტის გასვლის შემდეგ, თანაკლასელების თუ უბრალოდ ნაცნობების რეაქციის სახით დახვდება საკლასო ოთახში, სკოლაში, ეზოში თუ ქუჩაში. უნდა ახსოვდეს, რომ ეს ბავშვები საუკეთესო შემთხვევაში ათასობით სიბრალურით სავსე თვალისა და უარეს შემთხვევაში, დამცინავი მზერის წინაშე სრულიად მარტონი რჩებიან. ამას, ალბათ, მშობლებიც უნდა აცნობიერებდნენ, რომლებისაც რატომღაც მესმის, თვითგადარჩენის ინსტიქტი პოსტის დასაწყისში ტყუილად არ მიხსენებია.

ასე, რომ, ჩემი აზრით, სადავე მედიამ უნდა აიღოს და ის ბავშვთა უფლებების სასარგებლოდ მიმართოს, რადგან მე მჯერა, რომ საზოგადოებას თუ გული უცემს, ასეთი ოჯახების მიმართ ემპათია, ეკრანზე ბავშვთა სახეების გამოჩენის გარეშეც გაუჩნდება.

და თუ მედია მაინც დარწმუნებულია, რომ გაჭირვებული ბავშვების ჩაცვენილი თვალების ჩვენების გარეშე, საზოგადოებაში ამ ოჯახების დახმარების სურვილის გაჩენა შეუძლებელია, მაშინ მთავარი გამოწვევისთვის მიუგნია – დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგომ ქვეყანაში მომავალ თაობაზე ზრუნვის საჭიროება გააზრებული არ არის. ამ რეალობის შესაცვლელად კი, საზოგადოების ცნობიერების შეცვლაა საჭირო. სხვანაირად, ჩემი აზრით, მედიის მუშაობა ძირგავარდნილ ავზში პეშვით წყლის ჩასხმის ტოლფასი იქნება.