,,მოზაიკამ“ ქალაქს მიღმა მცხოვრები ქალების ხმა გააჟღერა

ავტორი: ნინო ჩიბჩიურ

 

koshkebi marian kochieva - sifturashvili61 წლის ეველინა კოჩიევს საკუთარი ბავშვობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის შესაძლებლობა პირველად მიეცა. გორის სათემო რადიო ,,მოზაიკას“ წარმომადგენლები მას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში შეხვდნენ. ამ სოფელში მეუღლესთან ერთად ეველინა კოჩიევი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასახლდა.  წარმოშობით ის ცხინვალის რეგიონიდანაა და შესაბამისად,  ბავშვობაც იქ აქვს გატარებული. ეველინა საკუთარ ბედს არ უჩივის, თუმცა ამბობს, რომ ოჯახი უსიყვარულოდ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ძალდატანებით შექმნა. ამ ისტორიის გახსენებისას შემდეგ აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრებები დროსთან ერთად შეიცვალა და მიხვდა, რომ ოჯახის შექმნამდე ქალმა ჯერ განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაზე უნდა იფიქროს.

რადიო ,,მოზაიკასთან“ საუბარში ის სოფლად მცხოვრები ქალების დატვირთულ დღის რეჟიმზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს, ქალაქში მცხოვრებლებისგან განსხვავებით, მეტი საზრუნავი აქვთ.

ეველინა კოჩიევი: ,,სოფელში და ქალაქში ძალიან დიდი განსხვავებაა. აქ ქალები პურს ვაცხობთ,  ქალაქში ნაყიდ პურს ჭამენ. აქ წყალს ვაცხელებთ, დასაბანად რომ გვინდოდეს, იქ ეს პრობლემა არ დგას და აბანოში ბანაობენ. ქალაქშიც მიცხოვრია. ასე, რომ ისიც ვიცი და ესეც. ჩვენ გაზი რომ არ გვქონდეს და ბალონიც გამოგველიოს, ღუმელი უნდა ავანთოთ. ცხელა თუ ცივა, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც უნდა აკეთო შენი საქმე, რა თქმა უნდა,  მშიერი რომ არ დარჩე. ქალაქში ბუნებრივი გაზი და  დენი აქვთ. აქ კი ხან არის, რომ დენი ითიშება და მეორე დღემდე აღარ ირთვება. ზამთარში, მაგალითად, ხანდახან 2-3 დღეც არ არის ხოლმე.“

განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხზე სოფელ ბოშურში მცხოვრებ 83 წლის ლილი თინიკაშვილს, 5რომელიც პროფესიით პედაგოგია და მიუხედავად ასაკისა, მიაჩნია, რომ ქალი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, საკუთარ თავზე ზრუნვა მაინც უნდა მოახერხოს.

სახის კანი,  ფრჩხილები, თმები და ჩაცმულობა – ეს 80 წელს გადაცილებულ ლილი თინიკაშვილისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და როგორც გვეუბნება, ეს საოჯახო საქმიანობაში ხელს არასოდეს უშლის. ლილი თინიკაშვილი ბალზაკის ასაკში დაბრუნებას ნატრობს და ფიქრობს, რომ აქტიური ქალს დრო და გარემო ვერ შეაჩერებს.

ლილი თინიკაშვილი: ,,ძალიან მიყვარს  ჩემი თავი და მოვლა. ძალიან მიყვარს ჩაცმა და ჩემი თავის პატივისცემა. მოუწესრიგებელი არსად წავალ, მითუმეტეს სკოლაში. არც მოდას ჩამოვრჩები და ასაკთან შესაბამისად ვიცმევ ყოველთვის. რა თქმა უნდა, ოჯახიც მიყვარს და ვემსახურები კიდეც. ყველგან ვიღებ მონაწილეობას. თუ კი რაიმე ღონისძიება ეწყობა – ექსკურსია, შეხვედრები – მიყვარს ყველგან გამოჩენა.“

სოფლად მცხოვრებმა ქალებმა ადგილზე ჩასულ რადიო ,,მოზაიკას“ წარმომადგენლებს აუხდენელი ოცნებებიც გაუმხილეს. მათი მონოლოგებიდან ირკვევა, რომ უმრავლესობა სასურველი მიზნის მიღწევაში ხელი ფინანსურმა პრობლემებმა და გათხოვებამ შეუშალა.

ქალები ქალაქს მიღმა გორის სათემო რადიომ 15-მდე სოფელში ჩაწერა. შეგროვებული ისტორიები დიდწილად ერთმანეთის მსგავსია. უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახები, პროფესიული განვითარებისთვის არახელსაყრელი პირობები, ეკონომიკური სიდუხჭირე, ყოველდღიური საოჯახო შრომა – ეს ჩვენი რესპონდენტების ყოველდღიური ყოფის მახასიათებლებია.

პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ მოპოვებული მასალები არა მხოლოდ სოფლად მცხოვრები ქალების ყოფას ასახავს, არამედ მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს ქალთა საჭიროებების განსასაზღვრად.

გვანცა დოლუაშვილი (პროექტის ავტორი) : რადიო “მოზაიკა” ფიქრობს, რომ ქალების ხმა საჭირო სიხშირით და სიმძლავრით არ ისმის. ამ თვალსაზრისით,  განსაკუთრებით ჩრდილში რჩებიან ის ქალები, რომელთა საცხოვრებელი ადგილები მოკლებულია როგორც მედიის, ისე არასამთავრობო სექტორის ყურადღებას. ჩვენი პროექტი სწორედ ასეთი ქალებისთვის განხირციელდა. ჩვენი მიზანი იყო, გამოკვეკვეთა ის კულტურული თუ სოციალური გარემოებები, რომლებიც სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრებას, წარმატებას თუ წარუმატებლობას განსაზღვრავენ. პროექტის მთავარი ხელშესახები შედეგი არის ამ ქალთა ისტორიების კრებული, რომელიც როგორც ბეჭდური,  ის აუდიო სახით გამოიცა. ამ კრებულში შესული მონოლოგებით ხდება იმ პრობლემების იდენტიფუცირება და იმ საჭიროებების გამოკვეთა, რომელთა მოგვარება და დაკმაყოფილება  თანასწორობის იდეის ერთგული გაერთიანებებისთვის ერთ-ერთი მთავარ მიზნად უნდა იქცეს.“

პროექტის წარმომადგენლებმა 25 ქალის ისტორია მოისმინეს.  გარდა აუდიო ვერსიისა, რომელსაც რადიო ,,მოზაიკა“პერიოდულად საკუთარ ვებ პორტალზე ანთავსებდა, სოფლად მცხოვრები ქალების ყოფა-ცხოვრებაზე ფოტო-პროექტიც მომზადდა.

ლიკა შამუგია (ფოტო-რეპორტიორი): ,,პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო თითოეული ქალის ისტორია, ცხოვრების ის დეტალები, რომლებიც საკმაოდ მძაფრად გასდევს ადამიანის მეხსიერებას  ყოველ ასაკში და დროში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო მათვისაც, გამომდინარე იქიდან რომ ის სოფლები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში ვსტუმრობდით არ არის განებივრებული საზოგადოებრივი აქტივიზმით, მსგავსი სახის პროექტებში მონაწილეობით და იმით, რომ მათ რაიმე ფორმით საკუთარი აზრი და განცდები მიიტანონ დანარჩენ საზოგადოებამდე.”

სხვადასხვა სოფელში გამოკითხული 25  ქალიდან უმრავლესობა დაოჯახებულია. უმრავლესობამ ოჯახი ,,გარიგებით“ შექმნა. მათ შორის  ზოგიერთმა-ადრეულ ასაკში; ჰქონდათ საოცნებო პროფესიაც, (მაგ.: მძღოლი, მფრინავი, მეზღვაური, მასწავლებელი, ექიმი, პოეტი) თუმცა მათ უმრავლესობას ოჯახურმა მდგომარეობამ, სოციალურმა პრობლემებმა და სტერეოტიპებმა ოცნების ასრულებაში ხელი შეუშალა. დღევანდელი გადმოსახედიდან, თითქმის ყველა მათგანს წარსულში რაღაც გასაკეთებელი დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ამბობენ, რომ დროის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ბევრ რამეს შეცვლიდნენ – ძირითადად, ყურადღებას სწავლის გაგრძელებისა და კარიერის მოწყობის საჭიროებაზე ამახვილებენ.

13რადიო ,,მოზაიკასთვის“ ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც „ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, დაარსებიდან რამდენიმე თვეში განახორციელა. პროექტის მიზანს იმ გარემოებების გამოკვეთა წარმოადგენდა, რომლებიც  სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრებას და  მათ ყოველდღიურობას განსაზღვრავენ.

 

ქალთა საკითხები „მოზაიკის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო მიმართულებაა.