,,აირჩიე თანასწორობა“-გენდერის მედიაცენტრის ტრიბუნა პოლიტიკურ პარტიებს

,,თავისუფალი დემოკრატების“,  ,,ქართული ოცნების“  ,,კონსერვატიული პარტიის“, ,,პატრიოტთა ალიანსის“ და ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე პარტიის სახელით გორელ საზოგადოებასთან ისაუბრეს.

არასამთავრობო სექტორს,მედიას და სხვა დაინტერესებულ პირებს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გააცნეს – რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა მათი პარტიის ხედვა.  ამისთვის თითოეულ მათგანს ხუთ წუთიანი გამოსვლა ჰქონდა,  რა დროსაც მათ ქალების პოლიტიკურად პასიურობის მიზეზებიც გამოკვეთეს.

მომხსენებელთა შორის ხუთი მათგანიდან მხოლოდ ერთი იყო კაცი, გენდერული დისბალანსი შეინიშნებოდა აუდიტორიაშიც, რომლის უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ.

პარტიების წარმომადგენელთა მოსმენის შემდეგ თითოეულ მათგანს შეკითხვები დარბაზიდან დაუსვეს. განსაკუთრებული აქცენტები ქალებთან მიმართებაში სოციალურ თემებზე გაკეთდა. საუბარი შეეხო ასევე იმ მიზეზებსა და ბარიერებს, რაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს პოლიტიკაში, გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე მოსვლის შემთხვევაში ხვდებათ.

დასასრულს, საზოგადოებამ მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დამსწრეებმა პარტიების ხედვებისა თუ კანდიდატების გეგმების უკეთ გაცნობის მიზნით, სხვა ფორმატის დისკუსიების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

მოწვევის მიუხედავად შეხვედრას არ დასწრებია ,,ლეიბორისტული პარტიის“ და ,,ეროვნული ფორუმის“ წევრები.

მომდევნო შეხვედრა აგვისტოში გაიმართება, რომელშიც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

 

შეხვედრები იმართება პროექტის ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში, რომელსაც ა/ო ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ და გორის გენდერის მედიაცენტრი ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( UშAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES) მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის კუთხით.