1209410_454305164677760_1777498350_n

 

ავტორი:

გვანცა დოლუაშვილი

 

 

 

ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას ჯერაც ის სუნი ასდის, გორის ერთ–ერთ ქუჩაზე, ერთ–ერთ მოსაცდელთან ჩავლისას, ცხვირს რომ მწვავს –  ნესტის, ჭუჭყის და ნარჩენების.

ამ მოსაცდელს, სხვათა მსგავსად, ჩამტვრეული მინები აქვს, ამვლელების და ჩამვლელების გამოისობით. აქა–იქ შერჩენილ მინებზე სახელდახელოდ აკრული აფიშები კი გვამცნობენ, რომ სადღაც ვიღაც ორ–ოთახიან ბინას ყიდის; რომ ვიღაც მზად არის, ჩვენს ბავშვებს ისტორია ასწავლოს; რომ ვიღაც კომპიუტერის შეკეთებას გვთავაზობს; რომ ყოველ დილით გორიდან ბათუმის მიმართულებით კომფორტული მიკროაბტობუსი გადის.

მოკლედ, ასეა – გაჩერდები ამ მოსაცდელთან და წვიმის წყლით ჩამორეცხილ აფიშებზე ამოიკითხავ იმ ადამიანების გვარ–სახელებს, ვინც მზად არიან, მოგყიდონ ბინა, დაგეხმარონ ისტორიის სწავლაში, მწყობრში მოიყვანონ შენი კომპიუტერი, ან თუნდაც, კომფორტულად გამგზავრონ ზღვისპირა ქალაქამდე. დიახ, უთუოდ, ბევრი სახელი და გვარი, ბევრი ტელეფონის ნომერი, ბევრი მისამართი იკითხება იმ ჩამტვრეულ მინებზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.

– დამეხმარე, – ჩაილუღლუღებს ხოლმე ეს, 60 წელს გადაცილებული ადამიანი მაშინვე, რა წამს მის საცხოვრისს, ანუ მინებჩამტვრეულ მოსაცდელს ჩაუვლი.

ვფიქრობ, რთული არ არის იმის მიხვედრა, თუ რას შეიძლება თხოვდეს ყველა გამვლელს ის, ვინც სახლთან და კართან ერთად, დიდი ალბათობით, დაკარგა მომავლის რწმენაც და იმედიც;  ის, ვისაც შარვალი ნახევრად აქვს აწეული და ყურმოტეხილ ჭიქაში მუდამ არაყი უსხია; ის, ვისაც წვერსა და თმაში იმდენივე მტვერი აქვს, რამდენიც ფეხსაცმელსა და შარვლის ტოტებზე;  ის, ვისაც უკვე რამდენიმე თვეა მინებჩამტვრეულ მოსაცდელში სძინავს.

ეს მოსაცდელი ჩვენი, სხვა ადამიანების თვალწინ იქცა მის სახლად. ამ ადამიანის თმასა და წვერს ჩვენი, სხვა ადამიანების თვალწინ დაედო მტვერი. ამ ადამიანის ორგანიზმი ჩვენი, სხვა ადამიანების თვალწინ გაიჟღინთა სპირტით.

ეს ადამიმიანი, ჩვენი, სხვა ადამიანების თვალწინ უახლოვდება სიკვდილს. სიკვდილს რომელსაც აქვს ნესტის, ჭუჭყისა და ნარჩენების სუნი. ეს სუნი მოსაცდელში ვეღარ ეტევა, გამოდის, გამოდის და ისე ჩანს, რომ აუცილებლად მოიცავს მთელ ქალაქს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ნელი სიკვდილის სუნი. ეს არის ის მძიმე, უსიამოვნო სუნი, რომელიც ჩვენი, სხვა ადამიანების ჯერაც უსიცოცხლო სოციალურ პასუხიმსგებლობას ასდის.

ხოდა, ნურავინ იფიქრებთ, რომ გორში, ერთ–ერთ მოსაცდელთან ერთი უპატრონო ადამიანის ჭუჭყიანი ტანსაცმელი აბინძურებს ჰაერს. არამც და არამც. დღეს გორში, ამ ერთ–ერთ მოსაცდელთან ის სუნი დგას, რომელსაც ქუჩა–ქუჩა, მთელ ქალაქში ჩვენ, უპასუხისმგებლო და გულგრილი ადამიანები დავატარებთ.