ავტორი:  გვანცა დოლუაშვილი

 

ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევდა. ქუჩაში საღამო ხანისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის საღამოსთვის ამაში უჩვეულო არაფერია, ხუთსართულიან შენობასთან შეკრებილმა ადამიანებმა გამვლელების ყურადღება მაინც მარტივად მიიქციეს – ჩერდებოდნენ ტაქსის მძღოლები, ბავშვთან ერთად სასეირნოდ გამოსული მშობლები, შემთხვევითი გამვლელები, შეყვარებული წყვილები და იმ ადამიანთა წრეს აფართოვებდნენ,  რომელთა მზერა ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ერთ–ერთ კედელს მისჩერებოდა.

13738311_1230842250282599_2945604906806920624_o

ამ კედელზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ახალგაზრდა დამწყები და პროფესიონალი ფოტოგრაფების ნამუშევრები. ნაჩვენებ პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს ერთი რამ აერთიანებდათ – ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა მიზნით გორელმა ფოტოგფრაფებმა და ფოტომოყვარულებმა გადაიღეს.  ფოტო ჩვენებაც სწორედ „გორის ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ მოეწყო.

„ფოტო პროექცია – მეტი ხელოვნება ქუჩაში – ასე ჰქვია ჩვენს ინიციატივას, რომლითაც გვინდა, რომ გორში კულტურული ცხოვრების განვითარებას შევუწყოთ ხელი“, – გვითხრა ოთო გვიტიშვილმა, „გორის ფოტოგრაფთა კლუბის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა. ოთოს ფოტოებთან ერთად, კულტურის პოპულარიზაციისა და ამ გზით ქუჩების გამრავალფეროვნების მიზნით, კიდევ 14 ფოტომოყვარულის ნამუშევრების ჩვენება მოეწყო.

„ჩვენი ქალაქი არ არის განებივრებული მსგავსი ღონისძიებებით, თუმცა ვხედავთ, რომ ყოველდღიური ცხოვრების გახალისებისთვის კარგი რესურსი არსებობს. ძალიან მომწონს ეს წამოწყება, რადგან ვფიქრობ, რომ ამით ხელი ეწყობა ადამიანების ხელოვნებით დაინტერესებას“, – გვითხრა სალომე ლაფაჩიმ, რომელიც ფოტო პროექციას მეგობრებთან ერთად ესწრებოდა.

„ამ ქალაქში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, ვისაც მსგავსი ღონისძიებები უფრო მეტი შრომის სტიმულს აძლევს“, – თქვა მიხეილ ოქროპირიძემ, ფოტო პროექციის ერთ–ერთმა სტუმარმა.

პირველი ფოტო პროექცია გორში ერთ საათს გაგრძელდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მომავალში ფოტო ჩვენებები გორის სხვადასხვა დასახლებებში მოეწყობა, და შერჩეული ნამუშევრების თემატიკაც გამრავალფეროვნდება.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ფოტო პროექციას მოსალოდნელზე ცოტა სტუმარი ჰყავდა, ორგანიზატორები საკუთარ ინიციატივაზე უარის თქმას არ აპირებენ. მეტიც, დარწმუნებულები არიან, რომ ეტაპობრივად ღონისძიების სტუმართა რაოდენობა გაიზრდება.

 

ფოტო: კახაბერ ქარელიძე