ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

 

23 წლის წინ დავიბადე და ამდენივე წელია ვცხოვრობ ქალაქში, რომლის ინფრასტრუქტურული განვითარების დონე ყოველი წვიმის შემდეგ გუბეში ეფლობა; რომელიც ქუჩაში გაბნეული ნარჩენების  წყალობით, ერთ დიდ ნაგავსაყრელს ჰგავს; რომელიც ავტოსადგომად იქცა; რომლის გზებზე „ზებრა“ გადასასვლელები ისე გაუფერულდა, რომ ხეირინად მათი არსებობით ქვეითებმა ვერ ვისარგებლეთ.

ერთადერთი არ ვარ, ვისაც არსებული ვითარება მაღელვებს. მეტიც, იმ ასობით ადამიანთა რიგში ვდგავარ, ვისაც ამ საკითებზე საუბარი და მსჯელობა არა თუ არ ეზარება, არამედ ყოველდღიური რუტინის ნაწილად აქვს ქცეული. ჩვენ გამონაკლისები არ ვართ, თუმცა არიან ასეთებიც. სწორედ ისინი იმსახურებენ, რომ მათზე ვწეროთ, ვილაპარაკოთ.

ღია სივრცე საჯარო შეხვედრებისთვის, სოციალური მაცივარი, ახალი ნაგვის ურნები, Street Art–ები და, ახლა უკვე, მოხატული „ზებრა“ გადასასვლელები – ეს ის ხელშესახები შედეგებია, რომლებიც ამ ადამიანების დროულ, ორგანიზებულ და რეალურ აქტივიზმს წარმოადგენს.

გასაკვირი არ არის, რომ „დროას“ ადამიანთა დიდი ჯგუფი გულშემატკივრობს. თუმცა გარემოს გაჯანსაღებისთვის, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად კმარა მხოლოდ ამ ხელშესახები შედეგებით აღფრთოვანება. ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია, ადამიანები იმ ხედვის გამზიარებლები გავხდეთ, რომელზეც „დროას“ საქმიანობა დგას  – ყველას შეუძლია შექმნას წინაპირობა ცვლილებებისთვის.

სანიღვრე არხების მოწყობის, სატრანსპორტო მიმოსვლის მოწესრიგების, ქალაქის  უკეთ მოვლა–პატრონობის მოთხოვნილების, სურვილის და დაკვეთის არსებობა საზოგადოებაში რთული შესამჩნევი სულაც არ არის, თუმცა ცხადია, რომ ცვლილების გარანტი მკვეთრად გამოხატული სურვილები ვერ არის ხოლმე.

იმისთვის, რომ მძღოლები მანქანის გაჩერებისას ქვეითთა არსებობას არ უგულებელყოფდნენ, იმისთვის, რომ წვიმის დროს გზებზე მდინარეები არ მოედინებოდნენ, ამ თუნდაც იმისთვის, რომ „ზებრა“ გადასასვლელები უსარგებლო თეთრ ხაზებად არ დარჩნენ, აუცილებელია,  ჩვენი სოციალური აქტივიზმი იმ ჩარჩოს გასცდეს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ საჯარო მსჯელობებით იფარგლება ხოლმე.

„დროა“ სწორედ ამას გვასწვლის.

 

4

3

1

ფოტოები აღებულია გორის ახალგაზრდული მოძრაობა “დროას”  Facebook–ის  გვერდიდან.