“სუსა” გორის თავისუფალ კინოფესტივალზე

ავტორი:  გვანცა დოლუაშვილი

 

“გარემოს ის ადამიანები ცვლიან, ვისაც პროტესტის გრძნობა უჩნდებათ“ – ამ წინადადებით შეიძლება შეჯამდეს დისკუსია, რომელიც რუსუდან პირველის ფილმს „სუსა“ მოჰყვა. პირველის მიერ, 2010 წელს გადაღებული ფილმით დღეს გორის თავისუფალი კინოფესტივალი გაიხსნა.

ეს არ არის შავ-თეთრი ფილმი, თუმცა არც ფერების სიუხვით გამოირჩევა.  ერთი საათისა და 17 წუთის განმავლობაში რეჟისორი, ძირითადად, მკვეთრი შავი და ბაცი ყვითელი კადრებით გვიჩვენებს დამოკიდებულებას მჩაგვრელებსა და ჩაგრულებს, მშობლებსა და შვილებს, სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორის.

„ეს ფილმი იმ რეალობას ასახავს, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც სულ მარტოა; რომელზეც ძალადობენ ოჯახის წევრები, უცნობები და ამ დროს არსად არ ჩანს სკოლა, სახელმწიფო, საზოგადოება,“ – თქვა გოგა აფციაურმა, ჟურნალისტმა.

მართლაც, ფილმის მთავარი გმირისთვის არ არსებობს სივრცე, სადაც ის დაცულია; სადაც მას საკუთარი ინტერესების მქონე ადამიანად აღიქვამენ; სადაც მას, როგორც ინდივიდს აფასებენ.

„ასეთი დამოკიდებულების მსხვერპლი ჩვენ გარშემოც არაერთი ახალგაზრდაა. ჩვენ ვიცით, რომ არიან ბავშვები, რომლებსაც უწევთ მუშაობა მაშინ, როცა განათლების მიღებაზე უნდა ფიქრობდნენ; რომლებზეც ვიღაცები მხოლოდ იმიტომ ძალადობენ, რომ თავს მასზე ძლიერად მოიაზრებენ“, – აღნიშნა კატო ქოთოლაშვილმა, გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ წევრმა.

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი ფილმის საფინალო კადრზე მსჯელობას დაეთმო – მთავარი გმირი პირველად გამოხატავს საკუთარ ბრაზს არსებული ვითარების მიმართ. თანაც, არა მარტო ვერბალურად, არამედ ფიზიკურადაც.

13613468_1059865204098382_8663244233636680369_o„ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ვუჩვენოთ ფილმები, რომლებიც არსებულ რეალობას კრიტიკული თვალით დაანახებს მათ. ჩვენი კინოფესტივალი ამჟერად სამი დღე გაგრძელდება და ნაჩვენები იქნება კიდევ ორი ფილმი“, – გვითხრა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლუკა ბედოშვილმა.

ამ მიზნით, ლუკამ და მისმა მეგობრებმა კინო ჩვენებების მოწყობა 6 თვის წინ დაიწყეს, თუმცა მოგვაინებით მათ ინიციტივას ფინანსური მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.

„გვსურდა, რომ გორში კინომოყვარულებისა და არა მხოლოდ მათთვის შეგვექმნა ახალი სივრცე, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებში დროს სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარებდნენ. ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცეს ფონდებმა “ორბელიანი საქართველო» და „აჰუ აჰუ”. იმედი გვაქვს, რომ ამ აქტივობებით კინოს პოპულარიზაციასაც შევუწყობთ ხელს“, – გვითხრა სალომე აფციაურმა, ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელიც მეგობრებთან ერთად, ხვალ ლევან თუთბერიძის ფილმის ჩვენებაზე გეპატიჟებათ.