ავტორი: ნინო ჩიბჩიური

 

4 წლის წინ, ზუსტად ამ დროს,  პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის პირობებში გორში დემოკრატიის სკოლამ მსმენელთა მიღებაზე კონკურსი პირველად გამოაცხადა. ვფიქრობდი, 2012 წლის მოახლოებული საპარამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პერიოდის გაშუქება  რამდენად მომცემდა ლექციებზე დასწრების საშუალებას. NIMD-ის პრეზენტაციაზე დასწრების შემდეგ მივხვდი, რომ  დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, აპლიკაცია აუცილებლად უნდა შემევსო და მიმეღო კონკურსში მონაწილეობა.

კონკურსის შედეგები  მალევე გამოცხადდა, მაშინ 180 კონკურსანტიდან 63-ს მიეცა საშუალება გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულის სტატუსი მიეღო. მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი მეც. 5 თვის მანძილზე ლექციები  ორად დაყოფილ ჯგუფს კვირაში ორჯერ გვიტარდებოდა.

პატარა ქალაქში მაცხოვრებლები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ერთმანეთს თითქმის ყველა ვიცნობდით, ოღონდ ძირითადად იმ სფეროებიდან, სადაც მანამდე ვხვდებოდით. პროგრამის სხვადასხვა თემასთან მიმართებაში ერთმანეთის განწყობების და აზრების მოსმენით კი დემოკრატიის სკოლაში ერთმანეთი ახლიდან გავიცანით.

დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ვთანხმდებით იმაზე, რომ  გავხდით უფრო მეტად თავდაჯერებულები ვიდრე NIMD-მდე ვიყავით.

ეს არის სკოლა, რომელსაც ვერასოდეს ვერ ამთავრებ. აქ სულ სწავლობ, სწავლობ პიროვნულ განვითარებას, აქტიურ ცხოვრებას, სხვადსხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებთან ურთიერთობას,  მათ მიღწევებს და წარმატებამდე მისასვლელ გზებს.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები გვქვია, სხვადასვხა აქტივობის დაგეგმვისა თუ აქტუალური საკითხის განხილვისთვის ჩვენი შეკრების ადგილი ისევ NIMD-ია.

პოლიტიკა, მედია, სამოქალაქო აქტივიზმი, საერთაშორისო გამოცდილება, ინტელექტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფლება-ნიმდელებისთვის საერთო სამსჯელო-სასაუბრო თემად იქცა. მიტ უფრო, რომ NIMD-ის სათაო ოფისის წარმომადგენლობა დემოკრატიის სკოლის  ყველა თაობის კუსდამთავრებულებს სისტემატურად გვიწყობს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს.

სწორედ NIMD- მა მოგვცა საშუალება,  საკუთარ თავში სხვადასხვა შესაძლებლობები აღმოგვეჩინა.  მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მედიასფეროში დასაქმებულ ადამიანს სიუჟეტებისა და სტატიების მომზადების გარდა პროექტების წერა, გრანტების მოპოვება და არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებაც კი შემეძლო.

როცა NIMD-ელი ხარ სხვაგვარად აღიქვამ პოლიტიკას, საზოგადოებას და თვითონ ადამიანს, როგორც დამოუკიდებელ ინდივიდს. სწორედ დემოკრატიის სკოლამ გააძლიერა ჩემში ის მიზანდასახულობა, რაც ამ დრომდე არაერთი წარმატების საფუძველი გახდა ჩემ ცხოვრებაში.

განსაკუთრებით საამაყო და ალბათ დაუვიწყარი, ეგვიპტის კონფერენციაა, სადაც იქაურ ნიმდელებს, ჩვენი ქვეყანა ,,რელიგიისა და დემოკრატიის“ ჭრილში წარვუდგინე.

მას შემდეგ თვალს აქტიურად ვადევნებ, თუ როგორ თანდათან იზრდება NIMD-ით დაინტერესება და დემოკრატიის სკოლაში სწავლების მსურველთა რიცხვი. შესაბამისად,  ყოველწლიურად მატულობს ნიმდელთა რაოდენობაც.

შემოდგომიდან  დემოკრატიის სკოლები გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში  მსმენელების ახალ ნაკადს მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მოქალაქე გააქტიურდება, უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

დღეს,  ჩვენს გარშემო  საკუთარი წარმატებულობის “იდენტიფიცირებისთვის“, საკმარისია მხოლოდ  ამ სიტყვების თქმა: მე ვარ “ნიმდელი“