13015493_991539604216400_4166870315278848026_n

ავტორი:  

სალომე აფციაური

 

 

 

 

ყველაფერი სამი დღისთვის არ დაწყებულა, თუმცა ამას ისე ვამბობ, თითქოს რაღაც დიდზე და გრანდიოზულზე მივანიშნებდე. რომ დავფიქრდე, მართლაც არაფერია დიდი, ჩვენ ხომ არც რევოლუცია მოგვიწყვია, არც ადამიანების აზროვნება შეგვიცვლია, არც ისტორიის ახალი ფურცლის წერა დაგვიწყია. დიდი მასშტაბებიდან რომ ვუყურებ, ეს ყველაფერი ძალიან მცირე მეჩვენება და ვფიქრობ, არც სალაპარაკოდ ღირს, მითუმეტეს – თვალების დაღლად, ჩემი ნაწერის კითხვისას.

ჩვენ უბრალოდ ახალგაზრდები ვართ, რომელთა დეტერმინატორები აღმოჩნდნენ სხვა ადამიანები, ვინც ენთუზიაზმი ჩაგვინერგეს, მთელი ეს დრო გვაგულიანებდნენ და გვერდით გვიდგნენ.

კარგი დავიწყოთ სულ. სულ  თავიდან. უფრო გარკვევით და უფრო დალაგებულად –

საუბარია „გორის თავისუფალ კინოჩვენებებზე“ – ჯგუფზე, რომელსაც კიდევ შვიდ ადამიანთან ერთად, მეც წარმოვადგენ და დეტერმინატორ „ფონდ აჰუ აჰუზე“, რომელსაც მთელი თავისუფალი კინოჩვენებების იდეა ეკუთვნის. მათგან ნასწავლით ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს ქალაქში კინოჩვენებები გავემართა და თანამოქალაქეები დაგვეინტერესებინა. ბოლოს კი ფესტივალამდე მოვედით.

არ ვიცი, ალბათ ფესტივალიც ოდნავ შეუსაბამო სიტყვა იქნება იმასთან, რაც ჩვენ მოვაწყვეთ. ეს სიტყვა ხომ უფრო დიდი, მასშტაბური და საინტერესო ჩანს. მართალია, ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, ფესტივალისთვის დაგვემსგავსებინა ის სამი დღე, მაგრამ არ ვიცი შედგა კი?…

ძნელია, გამოვიდე ორგანიზატორის ჩარჩოდან და განვლილ დღეებს რიგითი მაყურებლის თვალით შევხედო და შევაფასო. მე ხომ ვიცი, რამდენი რამ გავაკეთეთ -,როგორ დავწერეთ პროექტი, როგორ ვიზეიმეთ „ორბელიანი საქართველოსგან“ დაფინანსების ამბავი, მერე როგორ ვფიქრობდით ფილმებზე, რამდენ ადამიანს დავურეკეთ, მერე როგორ ვეპატიჟებოდით რეჟისორებს და მსახიობებს, რამდენნაირი იდეა განვიხილეთ. ესეც ალბათ არაფერს ნიშნავს, გარდა იმის, რომ ამ ყველაფერზე ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ. ასე, რომ ძნელია, ისაუბრო იმაზე, რის უკანაც პირდაპირ თუ ირიბად შენც დგახარ.

ფესტივალის დღეებმა და ასევე აქამდე ჩატარებულმა კინოჩვენებებმა, ბევრ ემოციასთან ერთად, დამიტოვა ერთი დიდი გაკვირვების გრძნობა. მე მთელი დრო მიკვირდა, თავიდან სკეპტიკურადაც კი ვიყავი განწყობილი. მიკვირდა და ახლაც მიკვირს, რომ ასაკით და თანამდებობით დიდმა ადამიანებმა მოგვისმინეს, დაგვეხმარნენ აპარატურით, გამოგვიყვეს ადგილი;  ორგანიზაციებმა შანსი მოგვცეს, ჩვენი იდეა განგვეხორციელებინა; რეჟისორებმა და მსახიობებმა ჩვენი დაპატიჟება მიიღეს და დიდი გზა გამოიარეს იმისთვის, რომ ჩვენთვის მოესმინათ და ჩვენი კითხვებისთვის ეპასუხათ. ეს გაკვირვება შემდგომში სიხარულში გადამეზარდა. ასევე გამიჩნდა გრძნობა, რომ რაღაც გვეთქმის ჩვენ, ახალგაზრდებს და თუკი მოვინდომებთ, რაღაცების გაკეთება ჩვენც შეგვიძლია.

მიუხედავად იმისა, რომ დატვირთვა დიდი იყო, როცა ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც მოდიოდნენ, მზად იყვნენ თავისი საკუთარი დრო დაეთმოთ გარეთ ყოფნისა და ფილმის ერთობლივად ყურებისთვის, მავიწყდებოდა დაღლა და ენთუზიაზმი მემატებოდა. რამდენჯერმე გამიჩნდა სურვილი, ყველა მომსვლელთან ცალ-ცალკე ჩამომევლო და მადლობა მეთქვა საკუთარი ძვირფასი დროის გამოყოფისთვის, მაგრამ ჩემივე თავის მორცხვი და თავშეკავებული ნაწილი მაჩერებდა.

ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერს იდეალურად არ ჩაუვლია და ჩვენც ჯერ ბევრი გვაქვს სასწავლი, რომ შემდგომში უფრო ხარისხიანად მოვაწყოთ კინოჩვენებები, მაგრამ ის, რომ დაინტერესება არის, მაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი კიდევ გაგრძელდეს. კიდევ ისაა, რომ დავინახე ადამიანთა უმეტესობისთვის ქართული კინო უცხო იყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სტუმრებს აუდიტორიის აზრები ეუცხოვათ,  ხოლო აუდიტორიას – სტუმრების პასუხები. ამისთვის კი, ვფიქრობ ქართულ კინემატოგრაფიას არა მხოლოდ ფინანსური ყურადღება, არამედ მაყურებლებში მის მიმართ ინტერესის არსებობა სჭირდება.

რაც მთავარია, ის ფიქრები, რომლებიც ყოველთვის მაწვალებდა – თუ რატომ არ ხდებოდა ბევრი რამ გორში, რატომ არ გვქონდა ღამის ცხოვრება, რატომ არ ვსაუბრობდით ერთმანეთში ჩვენივე პრობლემებზე, რატომ ველოდით სხვებს,რომ ჩვენი პრობლემები მოეგვარებინათ –ნაწილობრივ პასუხგაცემულია.

ყველაფერი შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ძალებითაც. არაა აუცილებელი, ეს ცვლილება უზარმაზარი და ყველასთვის შესამჩნევი იყოს. არც ისაა აუცილებელი, მაინცდამაინც შეგაქონ და დაგიფასონ ის, რასაც აკეთებ. უბრალოდ ისიც წარმოუდგენლად სასიამოვნო გრძნობაა, როცა ხვდები, რომ რაღაცას მხოლოდ შენთვის არ აკეთებ და შენი ქმედება საზოგადოებისთვისაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.

 

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

 

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია