მოხალისეობა, როგორც საჭიროება

ავტორი: ანა გოგოსაშვილი

 

 

„ნუ იკითხავთ,რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფოს თქვენთვის; იკითხეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ სახელმწიფოსთვის“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ჯონ კენედის, ადამიანს ვისს ამ პათოსსაც ყოველი ადამიანი რომ იზიარებდეს, ალბათ იდეალურთან მიახლოებულ სახელმფწიფოში ვიცხოვრებდით, სადაც ყველა ინდივიდმა იცის საკუთარი უფლება და მოვალეობა. ეს კი, ვფიქრობ,  ფუნდამენტია როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხში, ასევე პიროვნების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.

ჩვენ ვართ ცალკეული ინდივიდები, რომლებიც ერთად ვქმნით იმ სოციუმს, სადაც ვცხოვრობთ, ვმოღვაწეობთ, ვაშენებთ. თითოეული ადამიანი ის ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია, რასაც საზოგადოებას ვეძახით ხოლმე.

საბედნიეროდ, ჩვენს საზოგადოებაში მრავლადაა მაგალითები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ადამიანებს შეუძლიათ  დაბრკოლებების მიუხედავად, სიკეთე უანგაროდ გასცენ. ამის პოპულარიზაციას ხელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წამოწყებაც – “მოხალისეობის განვითარების პროგრამა -საქართველოს მოხასლისე“ – უწყობს. პროგრამა მთლიანად მოხალისეების მოტივაციასა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

მოხალისეობრივი საქმიანობით მოქალაქეს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საზოგადოების განვითარებაში და ამის მრავალი მაგალითი არსებობს.  თბილისი 2015, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება იყო და მოხალისეებმა უდიდესი როლი შეასრულეს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. აღსანიშნავია ასევე, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქია თბილისში, რომელმაც მრავალი ოჯახი დააზარალა, დაიღუპნენ ადამიანები, განადგურდა თბილისის ზოოპარკი. აღნიშნულ შემთხვევაში ბავრი ერთმანეთისათვის უცნობი ადამიანი გაერთიანდა ერთი იდეის გარეშემო, რომ გადაერჩინათ და აღედგინათ ის, რაც წყალდიდობამ ქალაქში დააზიანა.

საქართველოს კანონი მოხალისეობის შესახებ, რომელიც 2015 წლის 24 დეკემბრიდან ამოქმედდა,  აწესრიგებს კანონის მოქმედების სფეროს,  განმარტავს  მოხალისეობის ცნებას,  ადგენს მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლება მოვალეობებს, უზრუნველყოფს მოხალისის უსაფრთხოებას, არეგულირებს მოხალისის სამუშაო დროს და ა.შ.

და მაინც ვინ არის მოხალისე?

მოხალისე არის ის, ვინც სიკეთეს გასცემს ყოველგვარი ფინანსური გამორჩენისა და იძულების გარეშე; ვინც პირადი არამატერიალური ინტერესითა და მოხალისეობრივ საწყისზე ახორციელებს საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს; ვისი აუნაზღაურებელი საქმიანობაც მიმართულია აქტუალური სოციალური პრობლემის მოგვარებისა და არსებული ვითარების გაუმჯობესებისკენ.

ეს კრიტერიუმები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვითარების გაჯანსაღებისთვის მოხალისეების არსებობა. ნათელია, რომ მოხალისეები ქმნიან მნიშნელოვან წინაპირობას სასიკეთო ცვლილებებისთვის.

ვიმედოვნებ, რომ ჩემი პოსტი მკითხველს მოხალისეობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დააფიქრებს.

გახდი მოხალისე, აკეთე უანგარო სიკეთე! – ეს ის რჩევაა, რომელსაც ყველა თქვენგანს მივცემდი.

 

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

 

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია