ცვლილების სურვილი და სოციალური აქტივიზმი

 

 

 

ავტორი:

ნოდო ეცადაშვილი

 

 

 

 

სამოქალაქო აქტივიზმი ყველა ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სოციალური კაპიტალია ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობა დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების და შენარჩუნების. საზოგადოებრივ ჯგუფებს აქვთ საერთო მიზნები და ინტერესები, რისთვისაც საჭიროა ერთობლივი მოქმედების უნარი. ყველა საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თუ საზოგადოებაში არსებობს ნდობა, ურთიერთმხარდაჭერა და სოლიდარობის მაღალი განცდა. რა თქმა უნდა, საზოგადოებას, რომელიც უფრო მეტად ენდობა ერთმანეთს, გაცილებით უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე საზოგადოებებს, სადაც ასეთი ნდობა არ არსებობს.

სამწუხაროდ, საქართველოში სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებელია. პოსტ-საბჭოთა სივრცის ერთ-ერთი მკვლევარი მარკ ჰოვარდი ასახელებს სამ უმთავრეს მიზესს, რამაც ამგვარი მდგომარეობა განაპირობა

პირველი: საქართველოში ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრების გამოცდილებამ დიდი უნდობლობა გამოიწვია ორგანიზაციების მიმართ.  შესაბამისად, ადამიანებს არ სურთ მათში გაწევრიანება.

მეორე:  კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა მეგობრული/კლანური კავშირები, რამაც განვითარება პოსტკომუნისტურ ეპოქაშიც ჰპოვა.

მესამე: „პოსტკომუნისტური იმედგაცრუება“ –  კომუნიზმის შემდეგ წარმოქმნილმა პოლიტიკურმა სისტემებმა ვერ გაამართლა საზოგადოების იმედები, ამ ქვეყნებში შეიქმნა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები, რამაც დიდი დაღი დაასვა საზოგადოებას.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ღია პოლიტიკური სისტემა, სადაც პოლიტიკურ პროცესებში და გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოებრივი ჩართულობის მაჩვენებელი მაღალი იქნება. სამოქალაქო აქტივიზმმა უნდა აღადგინოს ნდობა, სამართლიანობა, უკეთესის იმედი და ეს ყველაფერი ერთად უნდა ეფუძნებოდეს სოციალურ თანასწორობას.

მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავატარე მცოდნე და ღირსეული მასწავლებლების გვერდით, შესანიშნავ სასკოლო სივრცეში, ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი სკოლაში არ დაწყებულა და ის მთლიანად დაკავშირებულია უნივერსიტეტთან.

რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით გადავაწყდი წერილს , რომელიც ჩემს “ფეისბუქ” გვერდზე გამომიქვეყნებია 4 წლის წინ, პირველი კურსის ბოლო ლექციიდან გამოსულს. წერილის არსებობა აღარ მახსოვდა და მისი კითხვისას რამდენჯერმე გულიანადაც გამეცინა; წერილში ჩამოყალიბებული მაქვს რამდენიმე მკაფიო მოთხოვნა: ავტონომია უნივერსიტეტს!; რესურსების სწორი განაწილება და ათვისება!; ადმინისტრაციის ეფექტური მმართველობა! და დემოკრატიული არჩევის წესები უნივერსიტეტის შიგნით. ამავე და სხვა მოთხოვნებით, დიდი საპროტესტო აქციებით დავასრულე ბოლო სასწავლო წელი.

უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე, საქმე დავიჭირე „რევოლუციონერებთან“, რომლებიც ახლა ჩემი საუკეთესო მეგობრები და თანამებრძოლები არიან. სწორედ მათთან ერთად მოხდა ჩემი სამოქალაქო აქტივისტად ჩამოყალიბება, მათთან ერთად ჩემი ყოველი სასწავლო წელი იწყებოდა აქციებით. ჩვენი მთავარი შეხვედრის ადგილი თითქმის ყოველთვის იყო უნივერსიტეტის ეზო, „წმინდა“ ხესთან, მის ჩრდილში. აქ იგეგმებოდა თითქმის ყველა მნიშნელოვანი გაფიცვა.

ვარ ორი დიდი ღირებულებებითა და მორალით სავსე მოძრაობის „მწვანე მუშტისა“ და „აუდიტორია 115-ის“ წევრი. ამ ორ მოძრაობას, ჩვენ მიერ დაწყებულ ბრძოლას უდიდესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ არასდროს არ გვქონია ფინანსები, გრანტები და არასდროს არ ვყოფილვართ არავისთან ანგარიშვალდებულნი, გარდა ერთმანეთისა და საზოგადოების. ვიყავით, ვართ და ვიქნებით სრულიად თავისუფლები. ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიყავი სვანეთში, ტყიბულში, კაზრეთში, ჭიათურაში, ზესტაფონში და ყველგან, სადაც დაჩაგრული ადამიანები გვეგულებოდა. ჩვენი მოთხოვნები ყოველთვის ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს, რესურსების სწორ ათვისებას, განათლებასა და ა.შ. დიდი აქციებით გავაპროტესტეთ ჩაგვრა უნივერსიტეტში და დღის წესრიგში ყოველთვის ვაყენებდით მეცნიერების პრიორიტეტულობას, გარე რეფერირებას, ავტონომიასა და ყველა პარტიული ნარჩენისგან უნივერსიტეტის გაწმენდას. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, კვლავ დაიწყება სტუდენტური დემონსტრაციები სექტემბრიდან. სამწუხაროდ ამ პროცესებზე თვალის დევნება მომიწევს საზღვარგარეთიდან, თუმცა იმედიანად. ბრძოლა კვლავ უკომპრომისო და შეუვალი იქნება და რაღა თქმა უნდა, უფრო მეტად გამოცდილი და მომზადებული თანამებრძოლები დაწყებულ საქმეს მეტი ეფექტურობით გააგრძელებენ.

მთელი ჩემი წარსული გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ საჭიროა, მეტი და მეტი სოციალური კაპიტალის დაგროვება და თუ არ იქნება ურთიერთმხარდაჭერა, დიდი სოლიდარობის განცდა, კეთილი საქმე წინ ვერ წაიწევს. მხოლოდ ჩვენი ერთიანობით შევძლებთ ჩაგვრის და უსამართლობის დასრულებას.

თავისუფლება!

თანასწორობა!

სოლიდარობა!