გენდერული თანასწორობა პოლიტიკური პარტიების პროგრამებში – შეხვედრა გორში

რა არის საჭირო გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად? – ეს იყო ის მთავარი კიითხვა, რომლის პასუხადაც, პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები უნდა წარმოედგინათ. სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებისთვის საკუთარი სამოქმედო პროგრამების წარდგენის შესაძლებლობა პოლიტიკურ პარტიებს გორის გენდერის მედია ცეტრმა მისცა.

13667874_1437044129645055_5591755724805860113_o (1)„შეთანხმებისამებრ, თითოეულ თქვენგან გაქვთ 5 წუთი, რათა დამსწრე საზოგადოებას გააცნოთ თქვენი პარტიის ხედვები და მიდგომები ქალთა საკითხებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ“, – მიმართა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ნათია ომაძემ, გორის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა.

მოხსენებისთვის დათმობილი 5 წუთიდან, შეხვედრაზე მიწვეული პოლიტიკური პარტიების ნაწილს – „სახელმწიფო ხალხისათვის“, „მემარცხენე ალიანსი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ –  ქალთა საჭიროებების მიმოხილვისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისთვის მხოლოდ 2-3 წუთი დასჭირდა.

დათმობილი დრო სრულად გამოიყენა „გირჩმა“ და ,,რესპუბლიკურმა პარტიამ“, თუმცა კახა ტოლიაშვილმა, „გირჩის“, ეს დრო  კონკურენციაზე დამყარებული თანასწორობის იდეის მიმოხილვას დაუთმო, ხოლო ლექსო ვალიაურმა, „რესპუბლიკური პარტიიდან“, ძირითადად მისი პარტიის პარლამენტარი წევრების მიერ ინიცირებულ და მხარდაჭერილ პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უსაუბრია ნაადრევ ქორწინებასა და მასთან დაკავშრებულ პრობლემებზე, კულტურულ კლიშეებსა და მათთან ბრძოლის ხედვებზე, ქალების ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სხვადასხვა ნიშნით უმცირესობაში მყოფი ქალების საჭიროებებზე, დასაქმებული ქალების ჩაგვრაზე დამსაქმებლების მიერ და ა.შ.

ორ საათიანი დისკუსიის შედეგად, გამოიკვეთა, რომ მოწვეული პარტიების უმრავლესობა ახლა ადგენს საკუთარ პროგრამას და აქედან გამომდინარე, არ შეუძლიათ ისაუბრონ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქალების გაძლიერება, გააქტიურება და მათი ჩართვა პოლიტიკის დღისწესრიგის განსაზღვრის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებდამდე, გენდერის მედია ცენტრი გორში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს  მაჟორიტარობის კანდიდატებსა და საზოგადოებას შორის ამავე თემაზე. როგორც ნათია ომაძე ამბობს, „მსგავსი ფორმატით პირველი შეხვედრა ივლისის თვეში გაიმართა და მასში სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩვენ მიზანია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნონ, თუ  როგორაა ასახული ქალთა საკითხები მათ სააარჩევნო პროგრამებში,  რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა მათი ხედვები და როგორ უწყობენ ისინი ხელს ქალებს პოლიტიკაში მოსვლისთვის.”

შეხვედრები იმართება პროექტის ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში, რომელ-საც  ა/ო ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ და გორის გენდე-რის მედიაცენტრიახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.