14088897_10201928791656923_95749621_n

 

ავტორი:

ლადო ბიჭაშვილი

 

 

 

 

 

სამხედრო სავალდებულო ჯარში მსახურობის დროს მარცხენას და მარჯვენას ვერ ვარჩევდი, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა პრობლემაა ეს მწყობრში დგომისას. კარანტინის დროს რეკრუტი ბიჭაშვილი გაცემული ბრძანებისას ,,მარჯვნისაკენ“, მწყობრის საპირისპირო მხარეს ,,მარცხნივ“ ახდენდა სწორებას. პრობლემა უნდა მომეგვარებინა, სამხედრო ზურგჩანთას გამოვაცალე ზონარი, სამაჯური დავწანი, მარცხენა ხელზე გავიკეთე და ასე ჩავჯექი მწყობრში.
როდესაც სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მწყობრით გადავაადგილდებოდით და თუ გზად სამხედრო მაღალჩინოსანი შეგვხვდებოდა აქაც მადგებოდა ჩემი სამაჯური, ,,სწორება მარცხნივ“ ,,სწორება მარჯვნივ“. სწორების მიმართულებას სამხედრო მაღალჩინოსანის ადგილმდებარეობა განსაზღვრავდა.
ჯარი დავამთავრე თუმცა ,,კამანდა“ მარჯვნისაკენ მარცხნისაკენ უკვე ქართულ პოლიტიკაში გვხვდება, ოღონდ იმ განსხვავებით რომ აქ ტრაექტორია არეულია მაგალითად ერთ კოალიციაში შეიძლება ვიხილოთ მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები. გაერთიანების არსი, იდეოლოგია რომ არის ცხადია, თუმცა ქართული პოლიტიკისთვის ყველზე მეტად დამხასიათებელია ,,სწორება წარსულზე,,.
საარჩევნო პოლიტიკურ პიარკამპანიას სწორედ ,,წარსულზე სწორება“ განსაზღვრავს, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან ისე წავიდა რომ შევარდნაძის ხელისუფლებასთან შედარება და მათ მმართველობასთან პარალელების გავლება ვერ მოიშალა. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა არც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს ნაციონალური მოძრაობის ,,პირსისხლიანი რეჟიმი” ერთადერთი მთავარი კოზირია ოპონენტების წინააღმდეგ. ეს ბევრად კომფორტულია ყველა პოლიტიკური ძალისთვის. მემარჯვენე-მემარცხენე იდეოლოგია აქაც არაფერ შუაში, პოლიტიკურ პარტიებს ერთი რამ აერთიანებთ -,,სწორება წარსულზე“.
პრემიერ კვირიკაშვილს ეკითხებიან იცოდა თუ არა რომ გორის მაჟორიტარ კანდიდატს იოსებ მაკრახიძეს ბრალი ედებოდა სახელმწიფო თანხების მითვისებაში და ამინისტიით გათავისუფლდა. პრემიერი კვლავ წინა ხელისუფლებას აბრალებს- ,,დანაშაულებრივი რეჟიმის დროს ტერორში იყვნენ ბიზნესმენები და ზეწოლით აწერინებდნენ აღიარებით ჩვენებას“-ო. არადა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2012-14 წწ პროკურატურა, ბიუჯეტიდან მითვისებულ თანხებს ედავებოდა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს გორში . გორის მუნიციპალიტეტის გამგებლი და ქალაქის მერიც სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით შევიდნენ სადავო 79 450 ლარზე, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო ინფრასტრუქტურული სამუშაობისთვის, პროკურატურა კი ამტკიცებდა რომ თანხა მაკრახიძის კომპანია ,,იბოლიამ“ მიითვისა, თუმცა თვითმმართველობის ,,თავკაცებს“ ბიუჯეტიდან მითვისებულ თანხებზე პრეტენზია არ გააჩნიათ. მგონი არც ჯირკველიშვილს და არც ონიაშვილს იგი მემკვიდრეობით არ მიუღიათ. ამ თანხით სოციალურად გაჭირვებულებზე რომ არაფერი ვთქვა და სპეკულირებაში არ ჩამითვალონ, რამდენიმე ადამიანის სახლის რებილიტაცია მოხდებოდა ნანგრევებში რომ ცხოვრობენ. რაც ქარს არ მოუტანია იმას, რომ ქარს გაატან ესა დანაშაული და შერჩევითი სამართალი, თორემ მაკრახიძის პატიმრობა კი არ მინდა, მაგრამ საინტერესოა, სხვა ანალოგიურ საქმეზეც ასე ხდება და ასე ჰუმანურია სასამართლო და პროკურატურა?!
შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში კვლავ ,,წარსულზე სწორებაა“

 

 

 

12744473_1555866714741766_3794593410485816148_n

 

რუბრიკაში “ქალაქის ხმა” ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაძლოა არ იზიარებდეს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია