ირაკლი ალასანია მეორე ტურზე უარს ამბობს და პოლიტიკიდან დროებით მიდის

ირაკლი ალასანია დროებით პოლიტიკიდან მიდის, ამის შესახებ მან ,,თავისუფალი დემოკრატების” ცენტრალურ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ალასანია ამბობს, რომ პარტიაში მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განხორციელდება და გუნდთან ერთად მზადებას თვითმართველობის არჩევნებისთვის განახლებული ძალებით შეუდგება.

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, განსაკუთრებით გორელებს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა… ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ პარტია ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” 2009 წელს დააფუძნა. 2012 წლის დასაწყისში ის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, ამავე წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო.

2014 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის სამინისტროსა და გენშტაბის მაღალჩინოსნების დაკავება და შეიარაღებული ძალების ექიმების წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები აშკარა პოლიტიკური სარჩულის მატარებელია და წარმოადგენს შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამავე დღეს ირაკლი ალასანია მაშინდელი პრემიერ–მინისტრის ბრძანებით გათავსუფლდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან. რის შემდეგაც მთავრობაში საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს თანამდებობები ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ კი კოალიციური უმრავლესობიდან გავიდა.