ვიქტორინა სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციისთვის

ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების საგნის პოპულარიზაციის მიზნით, გორში ვიქტორინა ჩატარდა. მასში მონაწილეობა ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის შვიდმა სკოლამ მიიღო.

ვიქტორინისთვის კითხვები სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა შეადგინეს. როგორც ისინი ამბობენ, კითხვები მე-9 კლასის სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოზე „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ დაყრდნობით მოამზადეს.

ღონისძიება, რომლის ორგანოზატორი საზოგადოება “ბილიკი” იყო, 2016 წლის 4 ნოემბერს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა და მონაწილეობა გორის სკოლა-ლიცეუმის, ქვეშის, ქიწნისის, ატენის, პატარა გარეჯვრის, მერეთისა და ძევერის სკოლების გუნდებმა მიიღეს.

14958849_10207526528509330_838239655_n

როგორც “ბილიკის” პროგრამების მენეჯერი ლია გორელიშვილი ამბობს, ვიქტორინამ აჩვენა, რომ სამოქალაქო განათლების საგანმა ბევრ მოსწავლეს მნიშვნელოვანი არაფორმალური განათლება მისცა.

“ვიქტორინის მონაწილეებმა სიტუაცურ ამოცანებშიც გამოიჩინეს თავი, აქტიურობდნენ და თანაბარი ქულებით მიიწევდნენ წინ, სამრაუნდიანი დაძაბული ასპარეზობის შედეგად, მხოლოდ დამატებითი კითხვებით გახდა შესაძლებელი გამარჯვებული გუნდის გამოვლენა”, – გვითხრა ლია გორელიშვილმა.

გუნდებს ქულებით ჟიურის წევრები აფასებდნენ, რომელსაც საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელი ნონა ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ვიქტორინის გამარჯვებული გორის სკოლა ლიცეუმის გუნდი გახდა.

გამარჯვებულ გუნდის წევრებს წამახალისებელი პრიზები და სიგელები გადაეცათ. ვიქტორინაში მონაწილეობისთვის სიგელები დანარჩენმა მონაწილეებმაც მიიღეს.

15032424_10207526529309350_1918811936_n