ავტორი: ანა გოგოსაშვილი

 

გორი – ქალაქი, რომლის მოსახლეობა 50 000-მდე აღწევს. ქალაქში არის ორი უნივერსიტეტი, 20 მდე სკოლა,  სხვა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი; ახლაგაზრდებისთვის  ხშირად ტარდება სხვა და სხვა საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარები, პრეზენტაციები, ღონისძიებები, მაგრამ ისინი რატომღაც მაინც ქალაქიდან წასვლასა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას სხვა ქალაქში ან/და ქვეყანაში ცდილობენ, არგუმენტით: „არ მაქვს ამ ქალაქში განვითარების საშუალება“.

დროსთან ერთად, იცვლება გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და ნელ-ნელა უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მიუხედავად გარკვეული სიძნელეებისა ახალგაზრდებმა ქალაქი არ უნდა მიატოვონ და თავად უნდა იზრუნონ მათთვის სასურველი გარემოს შექმნაზე; მიაწვდინონ ხმა ადგილობრივ თვითმმართველობასა თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, სცადონ არსებულის გაუმჯობესება.

მადონა არათანაშვილი, რომელიც გორის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტში სწავლობს გვიყვება, თუ როგორ ატარებს თავისუფალ დროს და როგორი სურს რომ იყოს ქალაქი:

„თავისუფალ დროს ძირითადად ვატარებ მეგობრებთან ერთად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებსა და პარკებში. ვსეირნობთ, ვსაუბრობთ ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ჩვენ მომავალს ვგეგმავთ, თუ რას და როგორ ვაპირებთ ქალაქში. ქალაქი ჩემ ინტერესებზე მორგებული ნაკლებადაა იმიტომ, რომ ნაკლებია აქტიურობა და ახალგაზრდების ჩართულობა ქალაქში მიმდინარე პროცესებში. მე და ჩემ გარშემო მყოფი აქტიური ახალგაზრდები ვცდილობთ ქალაქის შეცვლას მეტნაკლებად. გორიდან წასვლაზე არ ვვოცნებობ, მივეჩვიე ამ ქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ აქედან არ ვარ მაინც მინდა , რომ შევცვალო რაღაც და უკეთესი გავხადო, რადგან სამომავლოდ, აქ ვაპირებ ცხოვრებას. რაღაც ეტაპზე წავალ, მაგრამ ქალაქს აუცილებლად დავუბრუნდები. ჩემი სურვილია, რომ ქალაქი იყოს ძალიან აქტიური, დატვირთული სხვა და სხვა აქტივობებით, ბევრი საშუალება ჰქონდეთ ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ საკუთარი ენერგია, დრო და შესაძლებლობები.  ვფიქრობ, ჩემი ინტერესების გათვალისწინებაზე უნდა იზრუნოს  ქალაქის თვითმმართველობამ, მაგრამ არა მხოლოდ მათ, ჩვენც შეგვიძლია, რომ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, რაღაც შევქმნათ და შევცვალოთ ამ ქალაქში. თუ თვითმმართველობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვვითარდეთ, ჩვენვე უნდა მივცეთ ჩვენ თავებს განვითარების საშუალება.“

ბაჩო კოპაძე, რომელიც მე-10 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, გვესაუბრება იმაზე, თუ ვინ უნდა იზრუნოს მისი ინტერესების გათვალისწინებაზე:

„მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ბევრი თავისუფალი დრო რეპეტიტორებთან სიარულის გამო, როდესაც ვახერხებ, მეგობრებთან ერთად გავდივარ ჩემ სახლთან ახლოს არსებულ სკვერში, სადაც ვატარებ თავისუფალ დროს ნაყოფიერად. გორი ჩემ ინტერესებზე ნაკლებადაა მორგებული, მაგრამ იმედი მაქვს, დღევანდელი ახალგაზრდობა ჩვენ ქალაქს ჩვენივე ინტერესებს მოვარგებთ და არსებულ რეალობას შევცვლით.  მიფიქრია აქედან წასვლაზე, სანამ ჩავერთვებოდი ქალაქის „გამოცოცხლების“ პროცესში ასე აქტიურად. მოტივაციაა ჩემთვის ის, რომ მე უნდა შევცვალო ქალაქი. ახლა უკვე აღარ ვფიქრობ წასვლაზე. მინდა, რომ გორი იყოს უფრო ფერადი, პოზიტიური და ახალგაზრდებისთვის დატვირთული ქალაქი. ჩემი ინტერესების გათვალისწინებაზე უნდა იზრუნოს ქალაქის თვითმმართველობამ, ასევე ჩვენ ახალგზარდებმა. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებშია გამოსავალი  და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია რეალური ცვლილებები ქალაქის სასიკეთოდ!“

ლიკა ვანიშვილი მე-12 საჯარო  სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა და გვესაუბრება, თუ რატომ უნდა ქალაქის დატოვება:

„გამომდინარე იქიდან, რომ ვარ აბიტურიენტი, ძირითადად, თავისუფალი დრო არ მაქვს, მაგრამ შეძლებისდაგვარად გავდივარ ქალაქში მეგობრებთან ერთად და ვსეირნობთ ან ვსხდებით კაფეში. ვფიქრობ, ქალაქი არ არის ცოცხალი და საღამოს თითქმის არავინაა გარეთ, ამიტომ ჩემთვის ის არაა საინტერესო. წასვლაზე არ ვვოცნებობ, მაგრამ ვფიქრობ, ნაკლებად პერსპექტიულია გორი და ამიტომ მიწევს სწავლის გაგრძელება დედაქალაქში. ჩემი სურვილია, ქალაქი იყოს უფრო ცოცხალი, თავისუფალი, მხიარული, ხმაურიანი და პოზიტიური. ალბათ ჩემი ინტერესების გათვალისწინებაზე უნდა იზრუნოს მერიამ, თვითმმართველობამ, თითოეულმა ჩვენგანმა, რომ უფრო ცოცხალი და ლაღი გახდეს ქალაქი.“

მედეა პავლიაშვილი მე-10 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. იგი საუბრობს, როგორ ატარებს თავისუფალ დროს და როგორი სურს რომ იყოს ქალაქი:

“თავისუფალ დროს ძირითადად ვატარებ მეგობრებთან ერთად,  ვკითხულობ წიგნებს, ვიყენებ ინტერნეტს, ვუყურებ ფილმებს ან ვუსმენ მუსიკას. ქალაქი ნაწილობრივ ერგება ჩემს ინტერესებს. ვთვლი, რომ მეტი რაღაც შეიძლება მოხდეს ისეთი, რაც მე დამაინტერესებს. ქალაქიდან წასვლაზე არ ვვოცნებობ, მაგრამ მაქვს სურვილი რომ წავიდე. მსურს, რომ ქალაქი იყოს უფრო პოზიტიური, კულტურულად განვითარებული, აქტიური და საინტერესო. ჩემი ინერესების გათვალისწინებაზე უნდა იზრუნოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქალაქის მერიამ.“

ანუკი ბასანიძე მე-11 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა და საუბრობს საკუთარ ინერესებზე:

„თავისუფალი დრო არ მრჩება, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, დრო დავუთმო მეგობერბთან ერთად გართობას, ფილმების ყურებას. ჩემ ინტერესებს ეს ქალაქი ნაწილობრივ ერგება. არ ვვოცნებობ ქალაქიდან წასვლაზე, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია, უკეთესი იქნება ქალაქში იყოს მეტი გართობა. ინეტერსების გათვალისწინებაზე  ისევ ჩვენ ახალგაზრდებმა უნდა ვიზრუნოთ იმიტომ, რომ ვიცით რა გვინდა.“

გამოკითუხლთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალაქი უფრო მეტად უნდა განვითარდეს. იყოს მეტი შესაძლებლობა დროის ნაყოფიერად გატარების, გართობის და შემეცნებისთვის. ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ სამოქალაქო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა ცალსახად შეცვლის დღევანდელ მდგომარეობას.