ავტორი: იზა ოქროპირიძე

 

მერვე წელია, ასობით ადამიანი საკუთარი მშობლიური სოფლიდან მოშორებით ცხოვრობს, თუმცა როგორც თავად ამბობენ, უკან დაბრუნების იმედი დღესაც ისევე აქვთ, როგორც წლების წინ ჰქონდათ.

იმ ოჯახების ნაწილი, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უსახლ-კაროდ დარჩნენ, ახალ ხურვალეთში ცხოვრობს. ეს ერთ-ერთი ის დევნილთა ჩასახლებაა, რომელიც საქართველოს რუქაზე 2009 წელს გაჩნდა. აქ 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

„მერვე წელია, აქ ვცხოვრობთ. ძალიან ძნელია ცხოვრების თავიდან დაწყება. ვეწვალებით, რომ თავი გავიტანოთ“, – ამბობს ფატი დარბაიძე.

ფატის ახლახანს 39 წელი შეუსრულდა. ამბობს, რომ მისი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი საკუთარი შვილების მომავალია. მას 4 შვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი სტუდენტია.

„როცა შვილები გყავს, ვისაც არ იცი, როგორ აჭამო და როგორ ჩააცვა, აღარ გრჩება დრო და ძალა იმისთვის, რომ წარსულზე იფიქრო. მე არ მავიწყდება ჩემი სოფელი, მაგრამ ყოველდღიურად იმდენი სადარდებელი მაქვს, რომ სადღა მახსოვს ის ძველი წლები?! აგერ, ზამთარი მოდის და ჩემს შვილებს ფეხსაცმელი არ აქვთ, რომ სკოლაში იარონ. უფროსი თბილისში სწავლობს. ქირის ფული რომ გადაეხადა, მუშაობა დაიწყო და ასე ეწვალება“, – გვიყვება ფატი.

სოფელ ქსუისიდან დევნილი ოჯახის ყოველთვიური შემოსავლის ძირითად ნაწილს დევნილთა შემწეობა წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანისთვის 45 ლარს შეადგენს. როგორ ფატი გვეუბნება, ისინი მიწის პატარა ნაკვეთსაც ამუშავებენ და ცდილობენ, რომ ზამთრისთვის პროდუქტების ნაწილი ამ გზით დაიმარაგონ.

„სამსახური არც მე მაქვს და არც ჩემს მეუღლეს. პატარა მიწის ნაკვეთი გვაქვს და ვცდილობთ, რომ სოფლის მეურნეობითაც პატარა მოგება ვნახოთ. ქსუისში უფრო დიდი ბაღები გვქონდა. ამ დროს მოსავალს ვიღებდით ხოლმე და ზამთრისთვის ვაბინავებდით. ჩვენი სოფელი დიდი სოფელი არ იყო, მხოლოდ რამდენიმე გვარი ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო.  მახსოვს, სახლის წინ ერთი ჭადრის ხე გვედგა და ყოველ დილით მისი შრიალი  საამურად გვესმოდა ხოლმე. ეხ, ნეტავ იქ გვეცხოვრა, ამდენი პრობლემის წინაშე ხომ არ დავდგებოდით?!“, – გვეუბნება ფატი.

ჩვენს საუბარს მისი შვილების უსმენენ. ერთ-ერთს ქეთი ჰქვია და ხატვა უყვარს.

„მე მხატვარი მინდა გავხდე.  ხატვის სასწავლად გორის სამხარტო სკოლაში დავდივარ. მინდა, რომ ჩემი გამოფენა მოვაწყო იქ, სადაც ერთხელ წაგვიყვანეს ექსკურსიაზე. გალერეა იყო და კედლებზე ფიროსმანის ნახატები ეკიდა“, – გვეუბნება ქეთი.

ყველა დევნილი, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ მომავალზე ფიქრობს და ახალ რეალობაში საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს. მათ ნაწილს სოციალურ პრობლემებთან გამკლავება უჭირს, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების იმედს არ დაუკარგავს.

ერთ-ერთი, ვინც მომავალს იმედიანად უყურებს 35 წლის ქეთინო შევარდნაძეა. ქეთინო სოფელ საცხენეთიდან არის დევნილი და  ამჟამად სკრის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. ის მარტოხელა დედაა და სამ შვილს ზრდის.

„ჩენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილებზე ხომ უნდა ვიფიქრო, მათ მომავალზე?! ყოვედღე ახალი საფიქრალი და საზრუნავი მიჩნდება. ბავშვებისთვის განკუთვნილი შემწეობა არაფერში არ გვყოფნის, არც მუდმივი სამსახური მაქვს, რომ შვილები შევინახო.  ჩემი თამდევი ფიქრები მხოლოდ მომავლიზეა“, – გვეუბნება ქეთინო, ბავშვების მიერ  მოგროვებულ კაკლებს ამტვრევს და ჩურჩხელების აბმას იწყებს.

„ეჰ, ძველად იმდენი კაკალი გვქონდა, იმდენ ჩურჩხელას ვაკეთებდით, რომ ჩვენც გვყოფნიდა და ახლობლებსაც ვუნაწილებდით. მაშინ რა ბედნიერი ვიყავი, ჩემი მეუღლეც ცოცხალი იყო.  ახლა კი თითქოს აღარფრის ხალისი აღარ მაქვს. მხოლოდ ჩემი შვილებისთვის ვცხოვრობ“, – გვიყვება ქეთრინო.

იმისთვის, რომ შვილები შეინახოს, ქეთინო მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ, მეზობლებს მოსავლის აღებაში ეხმარება. ქეთინოს ყოველდღიურ საქმეებში შვილებიც ეხმარებიან. მაგალითად, ემზარი, მისი უფროსი შვილი  საქონელს უვლის.

„გახსოვს, დედი, სოფელში რამხელა თოვლი მოდიოდა ხოლმე? მე და მამა ტყიდან შეშას ჩვენი ციგით ვზიდავდით ხოლმე.  ციგაზე დავაწყობდით შეშას და მერე იქიდან სულ სრიალ – სრიალით დავეშვებოდით ხოლმე.  ნეტავ ახლა ჩვენს ტყეში წამიყვანა, შეშასაც მოვიტანდი და ბევრ სოკოსაც, ახლა რამდენი სოკოა იქ, თან როცა იწვიმებდა, ბევრი ამოდიდა ნაწვიმარზე“, – იხსენებს ემზარი და თან ღუმელს ანთებს, რომელიც კოტეჯის ერთ-ერთ კუთხეშია მიდგმული.

„ეხ, ნეტავ მშვიდობა იყოს! ნეტავ დავრუდებოდეთ ჩვენს მიწა-წყალზე და კიდევ წახვალ, შვილო, ტყეშიც და მინდორშიც“, – ეუბნება ქეთინო შვილებს.

ჩვენი საუბარი ერთ საათს გრძელდება. მათი კოტეჯიდან გამოსულს, საფეხმავლო ბილიკამდე პატარები მაცილებენ და თან მეუბნებიან, რომ მათ ახსოვთ საკუთარი სოფელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარები იყვნენ, როცა ის დატოვეს.