სკოლიდან ქუჩამდე, ბელადის კონტექსტში

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

 

არ არსებობს მიზანი, რომლის სიდიადეს ძალადობა ვერ გააუფერულებს.

 

ჩემი ქალაქის მთავარი გამზირი დიქტატორის სახელს ატარებს. ეს ამბავი იმდენ ადამიანს მოსწონს და ეამაყება, რომ გამზირისთვის სახელის შეცვლაზე არათუ თავად არ ფიქრობენ,  ამაზე ფიქრს სხვებსაც არ პატიობენ. ამაში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავრწმუნდი – მე და ჩემს თანამოაზრეებს გამზირისთვის სახელის გადარქმევის სურვილი თანამოქალაქეებმა არ გვაპატიეს და მსგავსი იდეების გაჟღერების ნაცვლად, ქალაქის დატოვება გვირჩიეს.

ეს საკითხი გორში დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. შესაბამისად, მუქარის შინაარსიც დამძიმდა – ახლა უკვე, თითის ქნევით გვითვლიან, რომ ქუჩას თავი დავანებოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი არაფერი დაგვემართება.

„სტალინი გორში დაიბადა და ამ ქალაქს მისი წყალობით იცნობენ“, „სტალინი ისტორიული ფიგურა იყო და უნდა გვეამაყებოდეს, რომ მთავარი გამზირი მის სახელს ატარებს“ –  ჩემს ქალაქში მცხოვრებლები ძირითადად ამ არგუმენტებით ცდილობენ, გამზირი სახელის გადარქმევისგან დაიცვან.

ეს წერილი ვიმედოვნებ, რომ ამ ადამიანებსაც დააინტერესებთ. ვეცდები, იმ ისტორიულ ფაქტებზეც ვისაუბრო, რომლებიც ცხადყოფს, რომ სტალინის მოღვაწეობა მათთვის, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და ბედნიერება მთავარი ღირებულებაა, საამაყო ვერაფრით იქნება.

გორში დავიბადე, სკოლაც ამ ქალაქში დავამთავრე და მინდა აღვნიშნო, რომ 12 კლასის შემდეგ იმდენივე ვიცოდი სტალინის დანაშაულებების შესახებ, რამდენიც სკოლაში შესვლამდე, ანუ თითქმის არაფერი. სამწუხაროდ, ახალგაზრდებს საბჭოთა კავშირის ადეკვატურ შეფასებაში სკოლა ვერც ახლა ეხმარება. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თაობათა ცვლის მიუხედავად, ისტორიის გადაფასება ვერ ხდება.

ეს კი, საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიის მქონე ადამიანებს ახალგაზრდებში საკუთარი განწყობების გავრცელებას უადვილებს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ იქამდე, სანამ ისტორიის სწორი შეფასებისთვის სახელმწიფო საგანმანათლებლო რეფორმების გატარებაზე არ ზრუნავს, ნებით თუ უნებლიეთ,  ხელს უწყობს სტალინის მისტიფიკაციისთვის ქვეყანაში ხელსაყრელი ნიადაგის არსებობას.

სტალინისადმი დადებითად განწყობილი ძალების მოძლიერება კი პირდაპირი საფრთხეა არამარტო ქვეყნის, არამედ თითოეული ადამიანის პირადი თავისუფლებისთვისაც, რადგან ბელადის იდეოლოგია ადამიანის თავისუფლებას არ აღიარებს და, როგორც ეს სტალინმა არაერთხელ გააკეთა, უმკაცრესად სჯის.

თუ გავიხსენებთ იმას, რომ სტალინმა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის, კონტროლი ადამიანთა აზრებსა და შეხედულებებზეც აიღო, ნათელი ხდება, რომ ტირანის სიყვარული წინააღმდეგობაშია იმ მთავარ ღირებულებებთან, რასაც პირადი ცხოვრების, პირადი აზრის, პირადი სივრცის, პირადი შეხედულების ქონის უფლება ჰქვია, თუმცა სამწუხაროდ, როცა ამაზე ჩემს ოპონენტებს ვესაუბრები, ისინი მეუბნებიან, რომ სტალინს ჰქონდა მცირე გადაცდომები, რაც მის ღვაწლს  ვერ აუფასურებს. ალბათ ლოგიკური იქნება მოკლედ ჩამოვთვალო ის დანაშაულებები, რასაც ჩემი ოპონენტები პატარ-პატარა გადაცდომებად მოიხსენიებენ:

1921 – 1953 წლებში, სტალინურმა რეჟიმმა დაიჭირა და გადაასახლა 1 მილიონი ადამიანი, საკუთარი მიწიდან იძულებით აყარა 9 მილიონი გლეხი, მასიური კოლექტივიზაციის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, ხელოვნურმა შიმშილობამ უკრაინაში 6 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, „დიდი ტერორის“ დროს დაისაჯა მილიონამდე ადამიანი,  შრომით ბანაკებში 4 მილიონი ადამიანი გაიგზავნა. იმასაც აღვნიშნავ, რომ სტალინიზმის შედეგად, 1921-დან 1941 წლამდე,  72 000 ქართველი დახვრიტეს, რაც მთელი ერის 3% წარმოადგენდა.

უცნაურია ის ამბავიც, რომ ადამიანთა ნაწილი იმით ამაყობს, რაც სასიქადულო თავად სტალინისთვის არასოდეს ყოფილა. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისთვისაც სტალინი საამაყო ქართველად რჩება, იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი თავს გარუსებულად მოიაზრებდა.

„ოჯახში ქართული სული არ სუფევდა, მამა მთლიანად გარუსებული იყო“, – წერს სტალინის შვილი, სვეტლანა ალილუევა საკუთარ მოგონებებში.  ცნობილია, მეორე შვილის, ვასილის მიერ სვეტლანასთვის ნათქვამი ფრაზა: „მამაჩვენი ადრე ქართველი ყოფილა“.  თუმცა, ალბათ ყველაზე უკეთ სტალინის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, მის მიერ 1924 წელს ორჯონიკესთვის ნათქვამი სიტყვები წარმოაჩენს: “აღმა-დაღმა გადახანი საქართველო“-ო. საგულისხმოა ისიც, რომ სტალინი მშობლიურ ენად რუსულს მიიჩნევდა.

ხანდახან ვფიქრობ, ამ ფაქტების შესახებ მე და ჩემს კლასელებს ინფორმაცია სასკოლო ასაკშივე რომ მიგვეღო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა-მეთქი. მგონია, რომ სტალინის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არასასურველი და სამარცხვინო თანამოქალაქე ნაკლები ადამიანისთვის ვიქნებოდი და იქნებ ისეც ყოფილიყო, რომ ქალაქის მთავარი გამზირისთვის სახელის გადარქმევა ბევრად ადრე მოგვეხერხებინა.

ახლა კი, ხშირად იმას მეუბნებიან, რომ ამაზე ფიქრი, ლაპარაკი და ზრუნვა დიდი უსაქმურობაა; რომ სჯობს, რამე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი ვაკეთოთ. ამ დროს კი, ავიწყდებათ, რომ სტალინი არის ტირანი, რომლის პოლიტიკა დღემდე კლავს და აუბედურებს ადამიანებს – ჩვენ დღემდე გვეშინია მრავალფეროვნების, სიახლეების, განსხვავებულობის, თავისუფლების.

სწორედ ამ შიშების ბრალია, რომ რაზეც თავად არ გვიფიქრია, იმაზე ფიქრს არც სხვებს ვპატიოთ, რომ მიუჩვეველ კარგს, მიჩვეული ჭირი გვირჩევნია. ერთ-ერთი კი, რასაც ჩვენი ამ შიშებისგან გათავისუფლება შეუძლია საგანმანათლებლო რეფორმა მგონია. იქამდე კი, სანამ სკოლებში საბჭოთა კავშირის ისტორიის სიღრმისეული სწავლება დაინერგება, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ აიკრძალოს და მკაცრად გაკონტროლდეს მასწავლებლებისა თუ დირექტორების მხრიდან სტალინის შესახებ მითიური შეხედულებების ტირაჟირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებები იმ სივრცედ დარჩება, სადაც დიქტატორის რეაბილიტაციის საშიშროება იარსებებს.

ადამიანისთვის ტოტალიტარიზმის მიერ წართმეული ღირებულების დაბრუნებაზე, სასკოლო სივრცის მიღმა მყოფებმაც უნდა ვიზრუნოთ. სხვა თუ არაფერი, ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ამ გარდამავალ პერიოდში, ადამიანების მკვლელ, მჩაგვრელ და დამბეჩავებელ რეჟიმებს სწორი შეფასება მივცეთ და მათგან დისტანცირების ფორმები მოვძებნოთ. აი, ამ პროცესში კი, მუდმიუვად უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ საბჭოთა იდეოლოგია 70 წელი აფერხებდა საქართველოს განვითარებას, და რომ სამწუხარო იქნება, თუ დღევანდელი დაუდევრობით, ეს საფრთხე მომავალშიც დაგვემუქრება.

საფრთხე კი იარსებებს იქამდე, სანამ ტირანს – ტირანი, ბოროტებას – ბოროტება, ჩაგვრას კი ჩაგვრა არ დაერქმევა; სანამ ამ ტირანისგან გამიჯვნის კი არა,  მასთან ასოცირების სურვილი გვექნება.