სალონური საღამო #1: “მანდილოსანი” და მისი მემკვიდრეობა

“მანდილოსანი” და მისი მემკვიდრეობა – ეს იყო იმ პირველი სალონური საღამოს თემა, რომლითაც გორის სათემო რადიო “მოზაიკამ” ახალი პროექტის “სალონური საღამოები განტვირთვისა და განვითარებისთვის” განხორციელება დაიწყო.

პირველი საღამოს მიზანი იყო, მიმოეხილა და გაეანალიზებინა ის ისტორიული გამოცდილება, რომელიც ქალაქში სალონური საღამოების მოწყობის თვალსაზრისით ერთი საუკუნის წინ არსებობდა.

“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 1913 წელს ქალაქში არსებობდა საზოგადოება “მანდილოსანი”, რომელიც ქალების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით სალონურ საღამოებს აწყობდა. ამ საღამოების მიზანი ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ქალები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებდნენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას შეძლებდნენ. ჩვენი მიზანია, ამ ტრადიციის გაცოცხლება შევძლოთ და ეს ისტორიული გამოცდილება დავინახოთ, როგორც აქტივიზმის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი”, – ამბობს “მოზაიკას” ხელმძღვანელი და პროექტის ავტორი გვანცა დოლუაშვილი.

პირველ სალონურ საღამოს ძირითადად სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. დისკუსიის დაწყებაბამდე, რამდენიმე მათგანმა მოხსენებაც გააკეთა.

“ჩვენ ისტორიის სწავლა პრაქტიკულად თავიდან გვიწევს. “მანდილოსნის” სახელი ძირითადად უკავშირდება ანასტასია ხოშტარიას სახელს, თუმცა ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი, ანასტასია ხოშტარიასთან ერთად, ანა ამილახვარი იყო. მისი სახელი ისტორიიდან გაქრა, რადგან მთლიანად მისი გვარი  საბჭოთა კავშირის დროს რეპრესიებს ემსხვერპლა. რაც შეეხება ამ ორგანიზაციას, მისი წევრი ქალები სამაგლითოები არიან დღემდე, რადგან მათი საქმიანობის შესწავლისას, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორი სამოქმედო გეგმის შემთხვევაში, პატარა ჯგუფებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა”, – თქვა ლია ოქროპირიძემ. მან საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად”მანდილოსანი”, როგორც ორგანიზაცია 1994 წელს აღადგინა და დღემდე ხელმძღვანელობს მას.

 

 

“ქართველი ქალების წვლილი ქვეყნისა და ერის განვითარებაში ამ დრომდე პრაქტიკულად დაკარგული იყო. სკოლებში, უნივერსიტეტებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძირითად აქტორებად ყოველთვის კაცები გვევლინებოდნენ. თუმცა რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე ძალიან საინტერესო ისტორიკოსმა და გენდერის მკვლევარმა გადაწყვიტა რომ ისტორია ეჭქვეშ დაეყენებინათ.  მოხსენების მომზადების პროცესში რამდენიმე ძალიან საინტერესო ნაშრომს წავწყდი მათ შორის ერთ ერთის წანასიტყვაობა ასეთია „ბევრი ქალია, ვინც ახალს ქმნიდა, ვინც აღმოჩენებს აკეთებდა, ვინც იბრძოდა ცვლილებებისთვის და ვისაც არ ეშინოდა სიახლის. მათ არ იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა მათ ძალისხმევას მომავალი თაობებისთვის.“ სამწუხაროდ, ჩვენ ამ ქალებზე აქამდე არაფერი ვიცოდით. არადა, ამ ქალებს შორის მრავლად არიან პუბლიცისტები, მხატვრები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები.  ახლა კი, მნიშვნელოვანია, რომ მათ შესახებ მოძიებული ინფორმაციები აქტიურად გავავრცელოთ ახალგაზრდებში,” – თქვა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპექციალისტმა ნანუკა ფერაძემ.

 

 

“კულტურა ბევრ რამეს გვისაზღვრავს ადამიანებს. გვკარნახობს როგორ მოვიქცეთ, როგორ გამოვიყურებოდეთ, რა პროფესია ავირჩიოთ, როგორ გამოვთქვატ მოსაზრებები, როგორ არ გამოვთქვათ და ა.შ. ამას ვაკეთებთ გაუცნობიერებლად, იმიტომ რომ „ოდითგან და ტრადიციულად“ ასე იყო მიღებული საქართველში. ადამიანთა უდიდეს ნაწილს კი უბრალოდ ეზარება იყოს ცვლილებების ინიციატორი. ან კი არ ეზარება, მიაჩნია რომ აზრი არ აქვს და ა.შ. მსგავსი შეხვედრები კი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ღიად ვილაპარაკოთ, რა და რატომ გვინდა, რა სახის დახმარება გვჭირდება, თავად რითი შეგვიძლია  სხვებისთვის სასარგებლოები ვიყოთ”, –  ფიქრობს ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი კატო ქოთოლაშვილი.

 

 

საღამოზე გამართული დისკუსიის შედეგად, გადაწყდა, რომ მომავალი სალონური საღამოს სამიზნე აუდიტორია მოსწავლეები და ახალგაზრდები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ პროექტი “სალონური საღამოები განტვირთვისა და განვითარებისთვის” ქალაქ გორის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში კიდევ 3 სალონური საღამო მოეწყობა.

 

ფოტოები: კახაბერ ქარელიძე