თავისუფლების ჩაფერფვლის საფრთხე

ავტორი:  გვანცა დოლუაშვილი

 

მიუხედავადა იმისა, რომ ჩამქრალ საქართველოში დავიბადე, უშუქობას დიდად არასოდეს შევუწუხებივარ, რადგან მამას მოხერხებულობის წყალობით, ყველა ოთახში ნათურა თუ არ ჩახჩახებდა, ერთ კუთხეში მაინც ბჟუტავდა ხოლმე. პატარა ტელევიზორიც გვქონდა, რომელსაც მხოლოდ საღამოობით, სერიალის საყურებლად ვრთავდით.  პატარა ხის მაგიდაზე შემოდგმული შავ-თეთრი ტელევიზორი მხოლოდ ჩვენი კი არა, მთელი უბნის ის სიმდიდრე იყო, რომლის წინაც, დამღლელი დღის ბოლოს თითქმის მთელი სამეზობლო იყრიდა თავს.

მაშინ 6-7 წლის ვიქნებოდი. ნამდვილი კინო-თეატრი თვალით არ მენახა, რაც საშუალებას მაძლევდა, მეფიქრა, რომ ის სწორედ ჩვენი მისაღები ოთახი იყო – თხელი აგურის კედლებით ამოშენებულ ძველ შუშაბანდში ჩვენი ტელევიზორის უხარისხო გამოსახულება, ახლად მოდუღებული ყავის სურნელი და ფინჯნებიდან მოფრიალე ორთქლი მუშაობით დაღლილ ჩვენს მეზობლებს თითქოს ყველა დარდს უქარწყლებდა და ყოველთვის ხუმრობის და ხორხოცის გუნებაზე აყენებდა. გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ სკამებზე მოკალათებულები ხუმრობდნენ ყველაფერზე – აცა-ბაცად დაფენილ სარეცხზე, გზაში მოულოდნელად თვალწასულ წინდებზე, ტაფაზე მიმწვარ სადილზე, უჟმურ უფროსებზე, სერიალის მორთულ-მოკაზმულ გმირებზე … თუმცა ამ ტრადიციული სეანსების დროს იყო რაღაც, რაც მათი სახეებიდან ღიმილს ერთიანად აქრობდა, ენას ყველას მუცელში უგდებდა, ძაბავდა, და თვალებს დაბლა ახრევინებდა. ასე, ყველა ერთნაირად უხერხულად შმუშვნას იწყებდა, როცა ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის საშუალებად ქცეულ სერიალში, მათი საყვარელი გმირები ერთმანეთს კოცნიდნენ.

ბუნებრივია, ჩემი არსებობა ყველას ამ დროს ახსენდებოდა, როგორც იმ არსების, ვინც ისინი ტყულში გამოიჭირა – მე ხომ იმ თაობის შვილი ვარ, რომელიც სიყვარულმა კი არა, დიდმა კომბოსტომ შვა.

ტუჩებით ერთმანეთზე მიწეპებული გმირების წინ მსხდომი თავდახრილი მეზობლები, მზერას ჩუმ-ჩუმად აპარებდნენ ჩემკენ და თითებს ისე ნერვიულად იგრეხდნენ, მინდებოდა, მეთხოვა სასწრაფოდ შეეწყვიტათ ამის კეთება. მთლიანობაში კი, მათი ყურება მაინც სახალისო იყო. იმდენად სახალისო, რომ ხანდახან თავს ძლივს ვიკავებდი, სკამზე არ ავმძრალიყავი და ხმამაღლა არ მეთქვა, შეხედეთ, ქალმაც აკოცა.

ახლა ამ სერიალის სახელიც არ მახსოვს. არც ის ვიცი, იმ ტელევიზორს რა ბედი ეწია. სამაგიეროდ, წამოვიზარდე თუ არა, მივხვდი, რომ ვიღაცებთან შედარებით გამიმართლა, რადგან მაინცდამაინც სიკვდილის წინ არ აღმოვაჩინე, რომ მსახიობები კამერის წინ ერთმანეთს კოცნიან, შხაპს ტანსაცმლის გარეშე იღებენ, ოთახში ტრუსის ამარა დატანტალებენ და სიგარეტის მოწევაც იციან.

ვიღაც იტყვის, რომ ბედნიერად ცხოვრება ამ ყველაფრის ცოდნის გარეშეც შეიძლება, და რა თქმა უნდა, მართალიც იქნება, მაგრამ ეს ის  შემთხვევაა, როცა შეგიძლია, მძიმე დასვა, „მაგრამ“ დაწერო და საპირწონედ მრავალი არგუმენტი ჩამოაწიკწიკო.

აი, მაგალითად, ასე:

, მაგრამ სჯობს, რესურსები თავის მოტყუებაზე არ დავხარჯოთ;

, მაგრამ სჯობს, არავის დავუკვეთოთ, რომ მოგვატყუოს;

, მაგრამ სჯობს, თავად გადავწყვიტოთ, რისი ნახვა გვინდა;

, მაგრამ სჯობს, თავად ავირჩიოთ რამდენად შიშველი რეალობის ყურება გვინდა;

, მაგრამ სჯობს,  არ გაგვთიშონ.

ეს უკანასკნელი, დიდწილად, ხელს მათ აძლევთ ვისაც ჩვენზე ბატონობა სურთ. შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი ჩვენივე ახლო წარსულში, ერთი ხელის გაწვდენაზე გვაქვს – საბჭოთა კავშირი თავად წყვეტდა, როგორ უნდა გვეცხოვრა, რომ გვეცოცხლა და ამ დიადი იდეის სამსახურში ხელოვნებაც მოწინავე პოზიციაზე ეყენა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წელი გავიდა, მისი გამოცდილება ჯერაც არ გვეუცხოება – სახელმწიფოს დღემდე აქვს ცდუნება, გვასწავლოს, როგორები უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, ამჯერადაც ჩვენზე ზრუნვის სახელით.  ამ საქმეში, საბჭოთა ხელისუფლების მსგავსად, ვიღაცები კინოს ადგილს დღემდე ხედავენ – ამ ამბავს კი, საწყის ეტაპზე ჩვენს ფილტვებზე ზრუნვის ნათელი და კეთილი ზრახვით იწყებენ.

ვიღაცებს ქართული ფილმების მოწევის სცენებისგან დაცლისა და მსგავსი სიუჟეტების მქონე უცხოური ფილმებისთვის საეთერო ბადეებში თავისი ადგილის მიჩენის სურვილი რომ არ გაეცხადებინათ, ალბათ ჩვენი ტელევიზორისა და მისაღებ ოთახში მოწყობილი კინო-თეატრის ამბავი არც გამახსენდებოდა.

ახლა კი, ტუჩებით ერთმანეთზე მიწეპებული გმირების წინ თავჩაქინდრული ჩემი მეზობლები სწორედ იმ მოსალოდნელი შედეგის ანარეკლია, სადაც სახელმწიფო წყვეტს, რა უნდა ვიცოდეთ, რაზე უნდა ვირცემლებოდეთ და რისი უნდა გვრცხვენოდეს, რადგან ხელისუფლების მცდელობა, სწორად ცხოვრების ჩარჩო შემოგვისაზღვროს, თავისუფლებას კი არ გვართმევს, არამედ ჩვენში მის შიშს ნერგავს – ბუნებრივია, ადამიანებს გვაფორიაქებს ის, რაც არ ვიცით.

არადა, ჩვენს ზნეობრივ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე ზრუნვა იმდენად მომხიბვლელი მიზანია, რომ ბევრი ადამიანის გულის მოსაგებადაც ივარგებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა შეგიძლია მძიმე დასვა, „მაგრამ“ დაწერო და საპირწონედ მრავალი არგუმენტი წამოაწიკწიკო.

აი, მაგალითად, ასე:

, მაგრამ სჯობს, ადამიანებს განათლება მივცეთ და თავი დაანებოთ;

, მაგრამ სჯობს, ხელოვნებამ კი არა, ჯანდაცვის სამინისტრომ იზრუნოს ჩვენს ჯანმრთელობაზე;

, მაგრამ სჯობს, სახელმწიფო არ იყოს სწორად ცხოვრების წესის მდგენელი;

, მაგრამ სჯობს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით, არ გვასწავლონ, რისი უნდა გვეშინოდეს;

, მაგრამ სჯობს, ტელეფონზე საუბრისას, ჩვენი ხმა ექოდ არ გვიბრუნდებოდეს;

, მაგრამ სჯობს, ვიცოდეთ, რომ ადამიანები იმას და იმასთან აკეთებენ, რაც და ვისთანაც უნდათ;

, მაგრამ სჯობს, გავიგოთ, მეპურემ პური უნდა აცხოს.

და ბოლოს, ყველაფერს სჯობს,  ერთმანეთს თვალებიდან ხელები ჩამოვხნათ და ღრმა ძილიდან დროულად გამოვერკვიოთ, თორემ შეიძლება, ერთ დღესაც სახელმწიფო მოვიდეს და ჩაგვჩურჩლოს, ბოდიში, მაგრამ უნდა გაქრე, რადგან ხალხის ზნეობრივ განვთარებას აფერხებო.