საბჭოეთის ნოსტალგია და 9 აპრილი

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

 

 

ქვეყნის განვითარების წინაპირობა მისი წარსულის გააზრებაა, რაც ჩვენს შემთხვევაში, თავის თავში, იმ ადამიანის ნაღვაწის შეფასებასაც გულისხმობს, რომელიც 1878 წელს ჩემს ქალაქში, გორში დაიბადა. მგონი, მიხვდით, იმ ადამიანზე ვსაუბრობ, რომელმაც თქვა, ერთის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონისა კი  სტატისტიკაო. ისტორიული ფაქტები საშუალებას მაძლევს, თამამად დავძინო, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა ეს სიტყვები არამარტო წარმოთქვა, არამედ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას პირნათლად გაითვალისწინა.

ისტორიული ფაქტები ვახსენე, აღნიშნულში სტატისტიკად ქცეულ იმ ათასობით ადამიანის ტკივილს ვგულისხმობ, რომელიც 1937 – 1938 წლებში საქართველოში განსაკურებული სიმძაფრით ამოქმედებულ რეპრესიულ მანქანას შეეწირა.  ვფიქრობ, რომ ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ამბობს, რომ ისტორიას არ ებრძვიან, უნდა ახსოვდეთ, 937-38 წლებში სტალინურმა რეჟიმმა ათასობით უდანაშაულო ადამიანი დახვრიტა, ხოლო ათობით ათასი “გულაგის” ბანაკებში გაგზავნა, სადაც ბევრი მათგანი წამებით აღესრულა. რეპრესირებულთა შორის იყვნენ ქართული კულტურის ისეთი თვალსაჩინო მოღვაწეები, როგორიცაა  მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, პოეტები ტიციან ტაბიძე და პაულო იაშვილი, რეჟისორი სერგო ახმეტელი, მეცნიერ-ფილოლოგი გრიგოლ წერეთელი და სხვები. მასობრივ რეპრესიებს თავი ვერც გლეხობამ დააღწია. საყოველთაო კოლექტივიზაციას, რომელიც სოფლებში ამ პერიოდისთვის თითქმის დასრულებული იყო, ათასობით გლეხის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისტორიაში ჩაწერილი ამ სისასტიკის მერე, მგონია, რომ ქვეყნისა და სტალინის სიყვარული ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. მეტიც, მავანი, რომელიც სტალინის კულტის უკვდავყოფას ცდილობს, მგონია, იმ წინაპართა ღვაწლს აუფასურებს, რომელთა შემოქმედებაზეც ჩემი ეროვნული იდენტობა დგას. ალბათ ამიტომაც არის, რომ სტალინიზმის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთლიანად ერისთვის.

თუმცა ვაღიარებ, სტალინის პიროვნებისა თუ მისი ნაღვაწის კრიტიკა ჩემს ქალაქში მარტივი არ არის, რადგან აქ, ჩემს გვერდით – შეიძლება, მეზობლადაც კი – ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ქალაქში სტალინის ძეგლის დასადგმელად თუ მისი იუბილის აღსანიშნავად მთელი წლის დანაზოგი გაიღონ.

ამ ადამიანებზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე. არ მინდა, ვინმემ მიიჩნიოს, რომ მათი გაგება არ მიცდია, არ მომინდომებია. უბრალოდ, როცა იცი, რომ ყველა ის სოციალური სიკეთეები, რომლებიც ამ ადამიანებს ახსოვთ და ენატრებათ, რეალურად სტალინური რეჟიმის მიერ მიწასთან გასწორებული კუტურული ძეგლების ნანგრევებსა და ათასობით გაწამებული ადამიანის ტანჯვაზე იდგა, დასკვნაც და შეფასებაც თავისით კეთდება. დაუშვებელია, გაამართლო იმ მმართველისა თუ მმართველობის სიყვარული და მონატრება, რომელმაც მხოლოდ ერთ წელში, 1922 – 1923 წლებში, საქართველოში 1 500-მდე ეკლესია დაანგრია. სისხლიან რეჟიმს არც სასულიერო პირები დაუნდია. მიზნის მისაღწევად, რომელიც იმ დროისთვის, ათეიზმის დანერგვას გულისხმობდა, ყველა საშუალება გამართლებული იყო.  თანაც სტალინი ფიქრობდა, რომ  სიკვდილი წყვეტს ყველა პრობლემას, თუ არაა ადამიანი, არაა პრობლემაც.

მიუხედავადა იმისა, რომ  სტალინმა ამ სიტყვებით ადამიანის სიცოცხლის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება მკაფიოდ გამოხატა, მისი სისასტიკის დანახვა ადამიანთა ნაწილს მაინც ეძნელება და ხშირად, სტალინის დიდ  და საამაყო ქართველად შერაცხვას ისეთი მითიური არგუმენტით ცდილობს,  როგორიც არის სტალინის მიერ ჩვენთვის ქართველობის შენარჩუნება. არადა, ისტორია ნათლად ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში ინტელიგენციითა და კულტურული სიმდიდრეებით შესული საქართველო, უკან ამ ყველაფრის გარეშე გამოვიდა, და რაც მთავარია, დამღა რომელიც ჩვენს საზოგადოებას საბჭოთა კავშირმა დაუტოვა და რომელსაც ოცი წელზე მეტია ვიშლით, დღემდე გვეტყობა.

მაგალითად, თუ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, დისკუსიებსა თუ ადამიანთა მოთხოვნებს დავაკვირდებთ, დავინახავთ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს დღესაც ახალი ბელადის მოთხოვნილება აქვს,  რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ დღემდე ჩვენი ადამიანები იმ  მამამარჩენალს ელიან, რომლისგანაც დამოუკიდებლობა  კი არა, დაპურება სურთ. ეს სავალალო რეალობაც სწორედ  საბჭოთა კავშირის დანატოვარია, რომლის შეცვლა ერთადერთი გზით, თავისუფლების მთავარ ღირებულებათა ნუსხაში შეტანით არის შესაძლებელი.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს გამოვერკვევით, რანი ვართ, რატომ ვართ და საით მივდივართ.

აი, ამით კი ვის წისქვილსაც დავატრიალებთ მავანისთვის კეთილი მეზობელი, ჩემთვის კი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთია. ეს უკანასკნელი ისედაც მოხერხებულად სარგებლობს ჩვენი საზოგადოების დაქსაქსულობით და საბჭოთა წარსულისადმი სენტიმენტების მქონე საზოგადოების ახმაურებით ცდილობს, აზრი მოაძლიეროს, რომ  თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწყვეტას, რუსეთთან მიერთება, მასზე მიკედლება სჯობს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ადამიანთა ნაწილი ამ აზრს ისე ემხრობა, რომ 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით,  ქუჩაში გამოსული ადამიანების სულისკვეთების გათავისებას ან ვერ ახერხებს, ან საერთოდ არ ცდილობს და ამ დღის მნიშვნელობას ისე ივიწყებს. მერე კი, თავს უფლებას აძლევს, 9 აპრილის ქვეყანაში სტალინის ძეგლის დადგმა ითხოვოს.

ამის შემყურე, ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც საქართველოს თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე დატოვებს,  ბევრი და ხმამაღალი საუბარია იმ მავნელობებზე, რომელიც სტალინის სახით, გორში დაბადებულმა დიქტატორმა ჩვენს ხალხს და ქვეყანას დამართა. ყველამ უნდა ვილაპარაკოთ და ისტორია, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმების სწორი შეფასებისთვის ბევრ ფაქტს გვკარნახობს, უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ. ეს ჩვენი გასაკეთებელია.