სალონური საღამო #2: მშვიდობა ქალების პროზაში და მის მიღმა

„მშვიდობა ქალების პროზაში და მის  მიღმა“ – ამ საკითხზე მსჯელობას დაეთმო რიგით მეორე სალონური საღამო გორში, რომელიც გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ ერთ-ერთი პროექტის „სალონური საღამოები განტვირთვისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

როგორ დაარსდა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში? ვინ იყო პირველი ლაურეატი ქალი? რა საკითხებზე წერდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში და რაზე საუბრობენ დღეს თანამედროვე ავტორები? – სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს მოიცავდა საჯარო ლექცია, რომელიც სალონური საღამოს ფარგლებში, სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ადამიამ წაიკითხა.

 

“ნობელის პრემიის ლაურეატი ქალების – ბერტა ფონ ზუტნერის, შირინ ებადისა და მალალა იუსაფზაის შემოქმედება ცხადყოფს, რომ პრობლემები, რაზეც ეს ქალები წერენ, არ შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ ერთ ოჯახს ან ერთ ქვეყანას – ასეთია ჩვენი რეალობა და ასეთ სამყაროში ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

 

 

სალონურ საღამოს სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ გორელი პოეტებიც.

„ჩემი აზრით, ლიტერატურას ნამდვილად შეუძლია რეალობის შეცვლა, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემს ჩამოყალიბებაშიც კი დიდია სხვადასხვა მწერლების და პოეტების წვლილი“, – აღნიშნა ახალგაზდა პოეტმა ვიკა ქალდანმა.

შეგახსენებთ, რომ სალონური საღამოები იმართება პროექტის “სალონური საღამოები განტვირთვისა და განვითარებისთვის” ფარგლებში. პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოები: კახაბერ ქარელიძე