ადრეული ქორწინება, როგორც პრობლემა

ავტორი : ლიკა ომაძე  (ფხვენისის საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე)

 

ადრეული ქორწინება გულისხმობს ოფიციალურ ან არაოფიციალურ კავშირს 2 ახალგაზრდას შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ან ორივე არასრულწლოვანია, ანუ 18 წელს მიუღწეველია.

ადრეულ ქორწინებას ასევე უწოდებენ ,,იძულებით” ქორწინებას, რადგან ახალგაზრდებს, მათი ასაკიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ გამოხატონ თავისი თავისუფალი და გააზრებული თანხმობა ქორწინების თაობაზე და ისინი, ასეთ პატარა ასაკში, ვერ აცნობიერებენ, თუ რა არის ქორწინება და ოჯახური ცხოვრება.

მსოფლიო მოსახლეობის 700 მილიონზე მეტია დაქორწინებული არასრულწლოვან ასაკში, აქედან 250-ზე  მეტი ქორწინების პერიოდისათვის 15 წელს მიუღწეველი იყო. გოგონები კი, რომლებიც 18 წლამდე ქორწინდებიან, ხშირ შემთხვევაში, სკოლაში სწავლაზე უარს ამბობენ.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, გორისა და გორის მუნიციპალიტეტში,სასწავლო წლის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლა 688 გოგონამ შეწყვიტა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გორის სათემო რადიო ,,მოზაიკამ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიიღო.

 

ალბათ ლოგიკურია, ვიკითხოთ, რატომ არის ხშირი ადრეული ქორწინება?

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს  ჩვევები და ტრადიციები წარმოადგენს. მაგალითად, რაიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერირორიაზე გაბატონებულია მოსაზრება, რომ ქალის საქმე სწავლა და განათლება არ არის და უმჯობესია მისი საოჯახო საქმეებისთვის მომზადება.

ასევე ერთ-ერთი ფაქტორია ახალგაზრდების ცნობიერების დაბალი დონე – ისინი ვერ ხვდებიან, რამდენად სერიოზულ ნაბიჯს დგამენ, როდესაც ოჯახს ქმნიან, არ აქვთ გაცნობიერებული თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ.

ახალგაზრდებზე “გარდატეხის” ასაკი დიდ გავლენას ახდენს – მათ აქვთ რაღაც სიახლისკენ სწრაფვა, უნდათ თავისუფლება, მშობლებისაგან თავის დაღწევა და  ჰგონიათ, რომ ოჯახის შექმნა ყველაზე კარგი საშუალებაა ამ ყველაფრის მისაღებად.

შემდეგი კითხვა, რაც უნდა დავსვათ, ჩემი აზრით, არის: რა უშლის ხელს პრობლემის მოგვარებას?

პრობლემის მოგვარებას ხელს უშლის, პირველ რიგში, მკაცრად გაწერილი ტრადიციები და კულტურა, რომელშიც ვცხოვრობთ. წინაპრებისაგან დატოვებული ტრადიციების მიხედვით, რომლებიც ჩვენი კულტურის ნაწილია, ქალის მთავარი დანიშნულება ოჯახის შექმნაა, და ზოგადადაც, ჩვენი კულტურის თანახმად, ადამიანის მაშნ ითვლება წარმატებულად და სრულყოფილ პიროვნებას, თუ მას ჰყავს მეუღლე და შვილები. სხვა შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება მას, როგორც არასრულფასოვან არსებას, ასე უყურებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი კულტურა მუმდივად ახალისებს და უკვეთავს ადამიანებს, რომ შექმნან ოჯახი და მისი შინარჩუნებისთვის სხვა მნიშვნელოვანი რაღაცები დათმონ კიდეც, თუ საჭირო გახდა.

პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია ახალგაზრდების ცნობიერების დაბალი დონე –  სკოლებში, ამ საკითხთან დაკავშებით, ბავშვებს ინფორაციას ნაკლებად ან საერთოდ არ აწვდიან. ასევე დაბალია არაფორმალური განათლების მიწოდების სიხშირე –  ახალგაზრდებს არ აქვთ წვდომა არაფორმალურ განათლებაზე, რითაც მათ შეეძლებოდათ, მიეღოთ ის საჭირო ინფორმაცია, რაც საკუთარი ცხოვრების გააზრებულად დაგეგმვაში დაეხმარებოდათ.

მოდი, აქვე ვუპასუხოთ კითხვას, რატომ არის ადრეული ქორწინება პრობლემა?

ადრეული ქორწინება პრობლემაა, რადგან 18 წლამდე მიუღწეველ პირთა ქორწინების შედეგები, როგორც წესი, ძალიან მძიმეა. პირველ რიგში,  გოგონას ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები. ბევრი მათგანი არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად, მზად არ არის ბავშვის გაჩენისთვის. ეს კი ოჯახის შექმნის ერთ-ერთი თანმდევი მოვლენაა. ხშირად, გოგონები სხვა საოჯახო ვალდებულებებისთვის მოუმზადებლები არიან, რაც ასევე აისახება მათ ჯანმრთელობაზე და ოჯახში არაჯანსაღ გარემოს აყალიბებს. ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ ქორწინების შემდეგ, გოგონა აღარ აგრძელებს სწავლას, ეს ზრდის იმის საფრთხეს, რომ მას მომავალში ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება გაუჭირდება და მუდმივად საკუთარ მეუღლეზე იქნება დამოკიდებული. ასეთ ურთიერთობაში კი, გოგონას ფაქტობრივად დაკარგული აქვს თავისუფლება და ძალადობის ქვეშ მოხვედრის საფრთხეც დიდია.

და ბოლოს, სად ვხედავ გამოსავალს?

მე ვფიქრობ, უნდა გაუმჯობესდეს განათლების სისტემა. განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლებაზე. უნდა შევეცადოთ ახალგაზრდები მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ ადრეული ქორწინება არასასურველი მოვლენა არასრულწლოვნებისათვის. ისინი უნდა იყვნენ  ინფორმირებულები ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა სწორი ნაბიჯი გადადგან მომავლისაკენ.

 

მასალა მომზადებულია ევროკომიის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება ცვლილებებისთვის” ფარგლებში. პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ახორციელებს.