უარესი – გუშინ, კარგი – დღეს, უკეთესი – ხვალ!

ავტორი: სანდრო მიქელაშვილი (გორის #3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე)

 

ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და სწორედ მასზე დგას ქვეყნის მომავალი. უკეთესი ახალგაზრდობა ნიშნავს ქვეყნის უკეთეს მომავალს, თუმცა დავფიქრდეთ, – შეიძლება, ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, მაგრამ აქვთ მათ შესაბამისი საშუალებები იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზაცია მოახდინონ და უკეთესი მომავლის შექმნა მოახერხონ?

ყოველი დღე მცირედით, მაგრამ მაინც უკეთესია ჩავლილ წარსულზე. საქართველომ 25 წელზე მეტია, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა და მისი აწმყო გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო 90-იან წლებში. “90-იანების თაობას” დაკარგულ თაობად მოიხსენიებენ, რადგან სწორედ მათ დაიწყეს სახელმწიფოებრიობის მოპოვების პროცესი, თუმცა ვერ შეძლეს მონაპოვარის საკმარისად შენარჩუნება.

რა არის ახალგაზრდების უკეთესობისკენ წაყვანის მთავარი გამოსავალი? – პასუხი განათლებაშია.

საჭიროა, დროულად გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა სკოლამ მისცეს მოსწავლეს კარგი განათლება. ისეთო, როგორიც ჩვენს ახალგაზრდებს საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრებას გაუადვილებს.

დავუშვათ, რომ სკოლამ მიაღწია თავის მიზანს და მოსწავლემ წარმატებით დაამთავრა საშუალო საფეხური. არც თუ იშვიათ შემთხვევაში,  ჩნდება პრობლემა – მოსწავლეს არ აქვს საშუალება, გადაიხადოს უმაღლესი სასწავლებლის გადასახადი, ამიტომ საჭიროებს სამუშაოს, რომელიც ძნელად ან საერთოდ არ იშოვება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ახალგაზრდა მოიპოვებს სრულ დაფინანსებას უნივერსიტეტში, მას მაინც სჭირდება სამსახური, იმისთვის რომ დაიკმაყოფილოს ყოფითი საჭიროებები და არ იყოს თუნდაც, მშობლის ან რომელიმე ნათესავის ხარჯზე. მივადექით პრობლემას, რომელიც ძალზედ აწუხებს დღევანდელ ახალგაზრდობას.

პირადად ჩემთვის, როგორც ჯერ კიდევ მოსწავლისთვის, დიდ მოტივაციას წარმოადგენდა სამუშაოს მოძებნა, რომელიც მცირედ შემოსავალს გამიჩენდა და პარალელურად ხელს არ შემიშლიდა განათლების მიღებაში. ასეთ სამსახურებს ევროპაში „part-time job” ჰქვია, რომელიც დაახლოებით იშიფრება, როგორც ნახევარგანაკვეთიანი სამსახური და რომლითაც აქტიურად სარგებლობენ ევროპელი ახალგაზრდები.

ჩვენთან ასეთი სამსახური იშვიათობაა, რადგან დამსაქმებლების უმრავლესობა, ძირითადა, მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ფიქრობს და არ ცდილობს, საკუთარ დასაქმებულს განვითარებაში დაეხმაროს და ამისთვის მას ხელსაყრელი პირობები შესთავაზოს.

მეორე პრობლემა, რაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, არის სამოქალაქო აქტივობების და გასართობ-შემეცნებითი დაწესებულებების ნაკლებობა ან სულაც, არარსებობა.

საქართველოში ერთადერთ მიმზიდველ ქალაქად თბილისი რჩება, რადგან იქ დიდია სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის ან გართობის საშუალება. რეგიონებში ამის დეფიციტს განვიცდით, რადგან აქ, უბრალოდ, არაფერი ხდება. ყოველი დღე ერთმანეთისგან არაფრით გამორჩეული, თითქოს დაზეპირებულია. არ არის არც კინოთეატრი, კლუბები, სადაც შეგეძლება მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარო.  დადებითი ემოციები მაშინ იგრძნობა, როცა ქალაქის აქტიური მოსწავლეები დაგეგმავენ რამე ღონისძიებას, ერთეულები დაესწრებიან მას, გადაიღებენ ფოტოებს და ამით ის დღეც მთავრდება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვერ იგებს ამის შესახებ და შესაბამისად, გრძელდება ისევ ერთფეროვნება…

მე ამ ბლოგს ვწერ დღეს, აწმყოში, რადგან ვფიქრობ რომ ამ ერთი რამით დღევანდელი დღე უკეთესი არის, ვიდრე იყო გუშინდელი, ამ ერთი რამით უკეთესი ცვლილება შეიძლება მოხდეს, რომელიც კარგ დღევანდელ დღეს უკეთეს ხვალინდელ მომავლად გაგვითენებს.

 

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება ცვლილებებისთვის” ფარგლებში. პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ახორციელებს.