ნაადრევი ქორწინება – ნორმად ქცეული ტრაგედია

ავტორი: ნინო მშვიდობაძე 

 

 

მარიკა ბესტაევი 15 წლის გათხოვდა. ოჯახი ძალდატანებით შექმნა, ის მოიტაცეს. მარიკას თავის მეუღლე არ უყვარდა, მხოლოდ მცირედი სიმპატიები გააჩნდა. იგი წარჩინებული მოსწავლე იყო, რომელსაც სურდა, სამხედრო ექიმი ყოფილიყო, მაგრამ ოჯახის შექმნამ მისი მიზნები განუხორციელებელი დატოვა.

  ,,16 წლისაც არ ვიყავი, ჩემმა მეუღლემ რომ მომიტაცა. გათხოვება არ მინდოდა. სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი  და სამხედრო ექიმობას ვნატრობდი. ჩემმა მშობლებმა მოტაცებული გოგო უკან აღარ დამაბრუნეს. ეს ჩემი გამოუსწორებელი შეცდომაა. ამჟამად, ჩემ ოთხ შვილს ვუვლი, რომლებიც ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან. სამსახურიც ვერ ვიშოვე და ვარ უმუშევარი დიასახლისი“,  – გულდაწყვეტილი, ამოქვნეშით, ამბობს მარიკა.

მარიკას მსგავსად, ადრეულ ასაკში გათხოვებას ნანობს  ნინო   ნადიბაიძე. ის 3 ქალიშვილის დედაა. მისი აზრი ნაადრევ ქორწინებაზე მტკიცეა – ამ საკითხზე ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი და საკუთარი გამოცდილებებიდან  გამომდინარე მიიჩნევს, რომ ნაადრევ ქორწინებას ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ის კატეგორიულად წინააღმდეგია თავისი სამი გოგოს ადრეულ ასაკში გათხოვების.

 ,,16 წლის გავთხოვდი. ჩემმა ქმარმა ამიკრძალა სკოლაში სიარული. მეც პატარა ვიყავი და ეს დიდ ტრაგედიად მაშინ არ მიმაჩნდა. პირიქით, ვთვლიდი, რომ ეს ზედმეტი ტვირთი ვერ იქნებოდა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ჩემი შეხედულებები საგრძნობლად შეიცვალა. ვარ უმუშევარი, არ მაქვს განათლება. სამწუხაროდ, მეუღლეც დავკარგე და ვარ მარტოხელა დედა. არ მინდა, ასეთი შეცდომები ჩემმა შვილებმაც გაიმეორონ. ამისთვის მათ ყოველდღე ვაძლევ რჩევა-დარიგებას. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ჩემი ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა”, – ამბობს ის.

თამარ გოგიძეც არასრულწლოვანი გათხოვდა, მაგრამ მას სრულიად განსხვავებული ისტორია აქვს. ის ახლა 28 წლის არის და 1 შვილი ჰყავს. თამარი 17 წლის ასაკში გათხოვდა. სკოლა და უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და ამჟამად მუშაობს კიდეც. თავისი ცხოვრებით კმაყოფილია და მისთვის ნაადრევი ქორწინება პრობლემას არ წარმოადგენს.

,,არ მყავდა არც დედა,არც მამა, დეიდამ გამზარდა. საკმაოდ დიდ გაჭირვებაში გავიზარდე. მომავლის იმედი დაკარგული მქონდა. კარგად ვსწავლობდი  და შესაბამისად, სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში ძალიან მინდოდა. 14 წლიდან შეყვარებული მყავდა. 17 წლის ასაკში კი მას ცოლად გავყევი. მოვხვდი ძალიან კარგ ოჯახში, მათ ძალიან თბილად მიმიღეს. უნივერსიტეტში სიარულისთვის ხელს ყველანაირად მიწყობდნენ. ჩემი მეუღლეც მომხრე იყო, რომ მიმეღო უმაღლესი განათლება. ამჟამად, მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობთ. პირადად მე, მაქვს ძალიან კარგი შემოსავალი. ამასთან ერთად ვთვლი, რომ ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი. რომ არა ჩემი მეუღლე, სავარაუდოდ, უსწავლელი ვიქნებოდი. მართალია გავთხოვდი არასრულწლოვანი, მაგრამ ჩემი ცხოვრება წარმატებულად წარიმართა. სწორედ აქედან გამომდინარე არ ვფიქრობ, რომ ნაადრევი ქორწინება ხელს  უშლის ადამიანს, თავისი მიზნების მიღწევაში”.

მიუხედავად იმისა, რომ ნაადრები ქორწინების მიუხედავად, ზოგიერთი ქალი მაინც ახერხებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგაზაციები ადრეულ ქორწინებას მაინც პრობლემას ხედავენ, რამდენიმე მიზეზის გამო.

“18 წლამდე გოგონები არც ფიზიოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად, არ არიან მზად, შვილის გაჩენისთვის, რაც ჩვენს კულტურაში, ოჯახის შექმნის ერთ-ერთი თანმდევი პროცესია”, – ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადრეულ ქორწინება პრობლემას იდენტიფიცირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველდღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

აქვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2014 წელს – 665. მოცემული მაჩვენებლებიდან, 95%-ის შემთხვევაში, არასრულწლოვანი გოგო იყო.

2017 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.

ფსიქოლოგებისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე პირების განმარტებით, ნაადრევი ქორწინების დამანგრეველ შედეგებზე აქცენტები განსაკუთრებით სასწავლო პროცესში სკოლამ უნდა გააკეთოს.

 

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება ცვლილებებისთვის”ფარგლებში. პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ახორციელებს.