რა იციან ლონდონში საქართველოს შესახებ?

საბჭოთა კავშირი, აგვისტოს ომი, სიმღერა – ეს იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ყველაზე ხშირად ფიგურირებს ლონდონში მცხოვრები ადამიანების პასუხებში კითხვაზე „რა იცით საქართველოს შესახებ?“

ტომი, 46 წლის

„საქართველო? ქეთი მელუა, ჰო?“-  ასე მიპასუხა ტომიმ, როცა ვკითხე, თუ რა იცოდა საქართველოს შესახებ.

„ვიცი, თქვენ რუსეთი არ გიყვართ. არც მე მიყვარს რუსეთი. თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ჩემთვის საქართველო ყველაზე მეტად მაინც ქეთი მელუასთან ასოცირდება. მოკლედ, ქეთი მელუას სამშობლოა თქვენი ქვეყანა. მის სიმღერას, ორი წლის წინ, შემთხვეით მოვუსმინე ტაქსით მგზავრობისას. მერე რამდენიმე მათგანი ტელეფონშიც მეწერა ხოლმე“, – მითხრა ტომმა.

ქეთი მელუას კონცერტზე ჯერ არ ყოფილა, თუმცა იმედი აქვს, რომ ერთხელ საკუთარ ოჯახთან ერთად წავა.

 

5

მილი, 24 წლის

„მგონია, რომ საქართველოში მოგზაურობა ძალიან იაფი უნდა იყოს. ალბათ ერთხელ ვიმოგზაურებ კიდეც. ვიცი, რომ რაღაც საჭმელი გაქვთ, რომელსაც „სალა“ ჰქვია. რაღაცნაირი ხორცია. უნივერსიტეტში ჩემი კურსელისგან გავიგე ეგ.“

 

ჯონი, 50 წლის

„საქართველო? ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა თუ რუსეთის ნაწილი?“ – კითხვა შემომიბრუნა ჯონიმ, როცა მასთან საქართველოზე დავიწყე საუბარი.

„ოოო, ვიცი, საბჭოთა კავშირი, სტალინი, აგვისტოს ომი. კი, ვიცი. ბევრი არაფერი, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან პატარა ქვეყანა გაქვთ. რამდენია მანდ მოსახლეობა?“, – ისევ კითხვა დამისვა. ვუპასუხე.

„როგორი პატარა ქვეყანა ხართ. არასოდეს ვყოფილვარ. ძალიან შორს არ არის. იქნებ ერთხელ ჩამოვიდე კიდეც.“

6

მარშელი, 19 წლის

„ვიცი საქართველო. მე დუბაიში დავიბადე და 9 კლასამდე იქ ვსწავლობდი. თან ვცეკვავდი და მაშინ ვიყავი საქართველოში, კონცერტი გქვონდა. ძალიან ლამაზი ქვეყანაა. თქვენი ცეკვები და მუსიკაც მომწონს. ახლა ტექსტს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ერთი მუსიკა ადრე ზეპირადაც ვიცოდი.“

 

ლეო, 27 წლის

„არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში. აი, ახლა ამ ფოტოებს რომ ვუყურებ, ძალიან ლამაზი ადგილი უნდა იყოს“, – მითხრა ლეომ და GOOGLE-ით მოძებნილი ფოტოები მაჩვენა.

„სამაგიეროდ, ვიცი, რომ „ჩაჩა“ გაქვთ. სპირტიანი სასმელია. თქვენთან, მგონი, ყველას აქვს სახლში და ბევრსაც სვამენ, არა?!“

4

 

ქერისი, 26 წლის

„საქართველო? ამერიკა?“, – კითხვის დაზუსტება სცადა. ავუხსენი, რომ ამერიკის ერთ-ერთ შტატზე კი არა, ევროპასა და აზიას შორის მდებარე ქვეყანაზე ვეკითხებოდი.

„ააა, შავი ზღვა, ჰო? დიახ, ვიცი. ბევრი არაფერი. მხოლოდ ის, რომ შავ ზღვასთან ახლოს მდებარეობს. ადრე დამჭირდა მასალების მოძიება და მაშინ აღმოვაჩინე. ისე, სურვილი არასოდეს მქონია საქართველოში ჩამოსვლის. მიზეზი არ ვიცი, არ მკითხო.“

 

ალისა 45 წლის

„აგვისტოს ომი ვიცი. ბევრი იწერებოდა მაშინ საქართველოზე. ვგულშემატკივრობდი თქვენს ქვეყანას. ზოგადად, მე ყველა პატარა ქვეყანას ვუჭერ მხარს, ვისაც დამოუკიდებლობა და განვითარება უნდა.“

 

 

 ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

მასალა მომზადებულია მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის ფარგლებში, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ორგანიზებული ერთთვიანი მივლინების დროს ლონდონში.