,,ფული აქვთ კაცებს და პარტიულ სიებშიც ისინი არიან“

ქალების ჩართულობა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში და მაჟორიტარ კანდიდატებად, მიზეზები და ბარიერები რაც ხელს უშლით ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად და ამ პრობლემების დაძლევის გზები –  ამ საკითხებს განიხილავდნენ გორის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით მოწყობილ საჯარო დისკუსიაზე , რომელიც გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. დისკუსიას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,დიდი ხანი არ არის რაც ,,ქალი კუხნიდან გამოვიდა“ და არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ჯერ პოლიტიკა ვერ შეივსო ქალებით. ეს მხოლოდ ქალების ბრალი არ არის, ამაში დამნაშავენი კაცები უფრო არიან ,“ განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის სტატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა მარტა ბიბილაშვილმა.

თეა თედლიაშვილი აზრით კვოტირება და ქალთა მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების პოპულარიზება იქნება ხელისშემწყობი ქალთა პოლიტიკაში გასაძლიერებლად: ,,ფული აქვთ კაცებს და ამიტომ პარტიულ სიებშიც ისინი არიან. პარტიებს თუ ვალდებულება ექნებათ ჩასვამენ ქალებს და დაინახავს საზოგადოება და რომ ქალსაც შეუძლია სასარგებლო საქმის კეთება. თუ გვექნება ბევრი მაგალითი, რომ  ქალმა ესა თუ ის სასარგებლო საქმე გააკეთა, რომელსაც აქტიურად გავახმიანებთ, ეს ქალებისადმი საზოგადოების ნდობას გაზრდის და სხვა ქალებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება მოვიდნენ პოლიტიკაში .“

განსხვავებულად ფიქრობს გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიშა ჩიტაძე, რომელიც მიიჩვევს რომ ქალების პოლიტიკაში გაძლიერების მსურველებმა სულ სხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ: ,,ჩემი აზრით კვოტირება არ იქნება შედეგის მომტანი, ვფიქრობ შეურაცხმყოფელიცაა რომ ქალები სიებში სქესის გამო ჩაწერონ. წინააღმდეგობების მოხსნაზე გვაქვს სამუშაო. მაგალითად, იმაზე რომ ოჯახში სწორად გადანაწილდეს ფუნქციები და ბავშვის მოვლაზე  პასუხისმგებლობა კაცმაც აიღოს,“  განაცხადა მან.

გენდერული თანასწორობის ქსელის შიდა ქართლის კოორდინატორმა ნანა საბანაძემ სოლიდარობის არარსებობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,მგონია რომ სოლიდარობის პრობლემაც გვაქვს და ეს ცუდია. ყველა გვახსოვს გასულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მთელი ქალაქისთვის პატივსაცემმა ქალმა, რომელიც მაჟორიტარი კანდიდატი იყო, ვერ გაიმარჯვა. ამ თემით დაინტერესებულ საზოგადოებას რატომ არ მოგვივიდა აზრად შევკრებილიყავით და გამოგვეკვლია მიზეზები რატომ მიიღო ამ ქალმა ნაკლები ხმა, რამ შეუშალა ხელი,“ აღნიშნა მან.

დისკუსიის მონაწილეებთან ერთად უახლოეს ხანში დაიგეგმა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი იქნება პოლიტიკაში ქალტა რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე და მნიშვნელობაზე.

დისკუსიები იმართება პროექტის ,,თანასწორობა იგებს“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ გორის გენდერის მედიაცენტრთან ერთად   აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.