ქართველი მხატვრის ახლიდან დაწყებული ცხოვრება ლონდონში

–         არასოდეს მინანია, – მპასუხობს ირინა და იქვე, ზედმეტი კითხვის დასმის გარეშე, ამატებს, – არა, გატყუებ, რამდენიმე დღის წინ ვინანე, პირველად.

ირინა კვალიაშვილმა 2004 წელს საქართველოდან წამოსვლა ერთი კვირის წინ ინანა, როცა მის სანახავად, 13 წლის შემდეგ, ლონდონში მისი მშობლები პირველად ჩამოვიდნენ.

„13 წელი ცოტა დრო არ არის. 13 წელი არ მინახავს დედაჩემი, არ მინახავს მამაჩემი. Skype-ით კი ვსაუბრობდით, მაგრამ პირადად ნახვა, ჩახუტება, მათთან შეხება სხვა ამბავია. ძალიან მომნატრებია ორივე. ახლა რომ ვუყურებ და ვხედავ, როგორი შეცვლილები არიან, ცოტა ეჭვი მეპარება, იქნებ სჯობდა, 13 წლის წინ პაპისთვის არ დამეჯერებინა და აქ არ ჩამოვსულიყავი“, – მეუბნება ირინა.

ირინა ლონდონში 2004 წელს, პაპის ალექსანდრე ბესტავაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მაშინ 37 წლის იყო და ლონდონში დარჩენას მხოლოდ 6 თვით გეგმავდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ქალაქში საკუთარი თავი, საკუთარი ადგილი იპოვნა, რომელსაც ვერ შეელია და დარჩა.

„ალბათ ჩემი მთავარი გამართლება ცხოვრებაში ის არის, რომ თავის დროზე პაპამ ლონდონში თავის დამკვიდრება მოახერხა. ეს ამბავი რომ არა, სად და ვინ ვიქნებოდი, არ ვიცი. თუმცა დღეს ვფიქრობ, კი არადა, ვგრძნობ, რომ მე ის ვარ, ვინც ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს“.

ირინა ხატავს. მისი ნახატები კი, როგორც თავად ამბობს, არაერთი ინგლისელის საცხოვრებელ სახლს ამშვენებს – მას ლონდონში, როგორც Irena Key-ს, ასე იცნობენ.

ინტერვიუს ჩასაწერად მე და ირინა ერთ-ერთ კაფეში ვსხდებით. საუბრის დასაწყისშივე მაფრთხილებს, რომ ფოტოების გადაღება არ უყვარს და იმისთვის, რომ ჩემს მასალას მის ფოტოს ვერ დავურთავ, ბოდიშს მიხდის, თუმცა მპირდება, სანაცვლოდ, ჩემი ნახატების ფოტოებს გამოგიგზავნიო.

 

პირველი ნახატი

ირინას ხატვა 2 წლის ასაკში დაუწყია.

„2 წლის ვიყავი, როცა ჩემებმა სახლის ერთ ჩაბნელებულ ოთახში მიპოვნეს. ჩემთვის ვიჯექი და ვხატავდი. სხვათაშორის, დღესაც სიბნელეში, მხოლოდ ერთი სანათით განათებულ ოთახში ვხატავ ხოლმე“, – მეუბნება ირინა.

1044390_731743653510440_1627716108_n

პირველი ნახატი, რომელიც მრგვალტანიანი და წერტილთვალებიანი გოგოები არიან, ირინას შენახული აქვს. ამბობს, რომ წლების განმავლობაში, მის ნიჭს არავინ ამჩნევდა და ხატვისადმი მის ინტერესს, ოჯახის წევრები და ნათესავები, რიგით ბავშვურ ახირებად და თავშესაქცევად აღიქვამდნენ.

„10 წლის ვიყავი, როცა ერთმა ნათესავმა მკითხა, რატომ ხატავ ასეთ არსებებსო. მე კიდევ მიპასუხია, 16 წლის რომ ვიყავი, ერთმა კაცმა მომკლა და ახლა იმ ადამიანებს ვხატავ, ვისთან ერთადაც ეს 16 წელი ვცხოვრობდი-მეთქი. სასაცილო პასუხი კია, მაგრამ ამ კითხვის საპასუხოდ დღესაც გამოდგება“, – მიყვება გაღიმებული სახით.

 

მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ირინამ 1988 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1992 წელს დაამთავრა და შემდეგ, კიდევ ერთი წელი კინო-სტუდიაში მულტიპლიკაცია ისწავლა.

„ჩემებს უნდოდათ, რომ კონსერვატორიაში მესწავლა, მაგრამ არ დავემორჩილე და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. ზოგადად, ჩემებს არ მოსწონდათ, როგორც ვხატავდი. მამაჩემი, რომელიც ასევე ხატავს, მეუბნებოდა, ასეთ მახინჯ არსებებს ნუ ხატავო“.

ირინა ხატავს ადამიანებს, თუმცა განსხვავებულად, როგორც ამბობს, თავისებურად.

1908104_965497286801741_2581167905431278931_n

„არ შეიძლება, ადამიანმა მოინდომო და სილამაზე ვერ დაინახო. როცა სილამაზე ერთი შეხედვით თვალში საცემია, მგონია, რომ საინტერესო აღარ არის. ადამიანმა უნდა მოახერხო და ის მაშინ დაინახო, როცა ზედაპირზე არ ჩანს“.

 

პირველი სამუშაო

ირინას პირველი სამუშაო ადგილი ტელევიზია „ქართლი“ იყო. აქ მას გადაცემა „ოჯახი“ მიჰყავდა.

„სხვანაირად წარმომედგინა ჩემი ცხოვრება აკადემიის შემდეგ. მეგონა, სადმე დიზაინერად მუშაობას დავიწყებდი, მაგრამ ქვეყანა აირია და ჩემი მოლოდინებიც შეიწირა. მეგობრის დახმარებით, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. ტელევიზია ყოველთვის მაინტერესებდა. მერე წამოვედი და ყვავილების სალონი „ბელონა“ გავხსენი. მაგ მაღაზიას ვუვლიდი, როცა პაპას დაბადების დღის მისალოცად დავურეკე, მან კი ლონდონში ჩამოსვლა შემომთავაზა. მისი წინადადების გააზრება ვერც კი მოვასწარი, ისე მომივიდა მოწვევა. ხოდა, წამოვედი“.

ირინა ამჟამად Golders Green-ზე ცხოვრობს და როცა დრო აქვს, სასეირნოდ Hampstead-ს სტუმრობს. ამბობს, რომ ეს ადგილი ყველაზე მეტად მოსწონს.

„მე ვერ ვიცხოვრებდი იქ, სადაც თავს კარგად ვერ ვიგრძნობდი, სადაც თავისუფალი ვერ ვიქნებოდი. აქაურობა კი მიყვარს. ლონდონი არის დიდი სიმწვანე აქა-იქ წერტილებად ჩადგმული წითელი და ყავისფერი სახლებით“, – მეუბნება და ჩვენ წინ ჩამწკრივებულ აგურით ნაშენ, პაწია ეზოიან სახლებზე მიმანიშნებს.

 

პირველი თვეები ლონდონში

როცა ლონდონში ჩამოვიდა, ირინას ინგლისურად საუბარი უჭირდა, თუმცა როგორც იხსენებს, ლონდონში მცხოვრებ ბებიას უთქვამს, იყავი თავხედი, თუ გინდა, რომ ენა ისწავლოო. ხოდა, დაუჯერებია მისთვის.

„ასე, ქუჩიდან ვისწავლე ინგლისური. მოკლედ, ყველაფერი ისე აეწყო, თითქოს ჩემი აქ ცხოვრება წინასწარ გადაწყვეტილი იყო“, – მეუბნება და კვლავ იცინის.

იხსენებს, რომ ერთ-ერთ რუსულ ეკლესიაში ქართველებს მალევე შეხვდა და ზოგიერთ მათგანს დაუმეგობრდა კიდეც.

„მეგობრების გაჩენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მერე გალობა შემომთავაზეს და დავთანხმდი. ამით თითქოს ჩემი საქმე გამიჩნდა ამ ქალაქში, ანუ დარჩენის კიდევ ერთი მიზეზი. სულ მალე კი ის ადამიანი გავიცანი, ვისი წყალობითაც ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში.“

 

პირველი დაინტერესება მისით, როგორც მხატვრით

ირინა ლონდონში ჩამოსვლიდან მალევე მხატვარ ქეთინო ჯაფარიძეს ხვდება, რომელსაც საკუთარ ნახატებს აჩვენებს.

„საქართველოდან რომ წამოვედი, იმის დასტურად რომ ვხატავდი, სამი ნახატი წამოვიღე: ორი შავ-თეთრი და ერთი ფერადი. ქეთინოს სწორედ ეს ნახატები ვაჩვენე. მან მითხრა, რომ რამე დამეხატა. არაფერი მქონდა, არც ფურცელი, არც ფანქარი, საღებავებზე ხომ სალაპარკიც ზედმეტია. ხოდა, ავიღე ფურცელი და კალამი და დავხატე. მოეწონა.“

ირინა მას შემდეგ კალმით ხატავს. ახსოვს, რომ კალმით დახატული ნახატები, ქეთინოსთან ერთად, ტატუს სალონში უნდობლად და უიმედოდ, სასხვათაშორისოდ, მიიტანა.

„ეს ის ადგილი იყო, სადაც პირველად მითხრეს, რომ ჩემს ნახატებში ფულის გადახდა უნდოდათ. არ გამიყიდია, მაგრამ ამ დღეს რწმენა მომეცა, რომ შემეძლო ჩემი ნახატები სხვებისთვისაც მეჩვენებინა“.

 

პირველი გამოფენა

ჰეიმე ბაუტისტა კოლუმბიელი მხატვარია. ირინამ საკუთარი ნახატების გამოფენა, პირველად, სწორედ ამ კაცის დახმარებით შეძლო.

„როცა მივედი და ჩემი ნახატები ვაჩვენე, მითხრა, პორტფოლიო გააკეთეო. მე აზრზე არ ვიყავი, რა იყო ეს პორტფოლიო. როგორც ამიხსნა და როგორც გავიგე, საკუთარი ნახატები ფაილებში უნდა ჩამელაგებინა. წავედი, ვიყიდე ეს ფაილები, ჩავალაგე და მივუტანე. დამცინა და მაჩვენა, რეალურად რისი გაკეთებაც იყო საჭირო. საქაღალდეში, რომელშიც ამ ნახატების მოთავსება იყო საჭირო, ჩემი ბოლო დანაზოგი გადავიხადე, შფოთვით და ფორიაქით, თუმცა მაინც ბედნიერმა, რადგან მე, უცნობ ქართველს, ვიღაც ლონდონში გამოფენის მოწყობას მპირდებოდა.“

ირინას ნახატები პირველად 19 ინგლისელ მხატვართან ერთად გამოიფინა. როგორც ამბობს, გამოფენაზე ყველას თითო-თითო, ირინას კი 17 ნამუშევარი იყო გამოტანილი.

„ამ გამოფენაზე 7 ნახატი გავყიდე. ჯამშიც სულ 7 გამოფენა მქონდა.“

 

10413337_950337201651083_3958763199320821435_n

მომავალზე:

ირინას მერვე გამოფენის მოწყობა წლის ბოლომდე უნდა. ფიქრობს, რომ ამისთვის მზად არის.

„ჩემს მშობლებს 6 თვიანი ვიზა აქვთ. კარგი იქნება, თუ გამოფენის გაკეთებას ამ დროში მოვასწრებ. გაეხარდებოდათ. უბრალოდ მინდა, რომ ახლა მხოლოდ კალმით კი არა. საღებავებითაც დავხატო და ამ გამოფენაზე ეს ნამუშევრებიც გამოვიტანო. ვნახოთ, რა გამოვა“.

ირინას ჯერ ერთ-ერთი ინგლისელისგან მიღებული შეკვეთა აქვს დასასრულებელი. ქართველი მხატვარი შეკვეთებს, ძირითადად, სოციალური ქსელით იღებს. ამბობს, რომ ერთი და იგივე ნახატს რამდენჯერმე ვერ ხატავს.

„ერთი და იგივე რამ რამდენჯერმე როგორ უნდა დავხატო, ვერ წარმომიდგენია. ვერ გამომივა. შეკვეთებსაც რომ ვიღებ, ყოველთვის საკუთარი ინტერპრეტაციით ვხატავ. თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელოვანი ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. დანარჩენი უბრალოდ ნიჭის ამბავია.“

ირინა ამბობს, რომ არც ერთ მის ნახატში იდეა არ დევს.

„მე ვხატავ და არ ვფიქრობ, რომ მასში რამე შინაარსი უნდა ჩავდო. ეს უაზრობა მგონია. მნახველი თავად დაინახავს მასში იმას, რისი დანახვაც უნდა. მე მიყვარს ყველა ის არსება, ვინც დამიხატავს. მე მათთან ერთად ვცხოვრობ. ალბათ სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მარტო ცხოვრება ჩემთვის ასეთი ასატანი და საინტერესოც კია“.

ირინა 13 წელია ლონდონში მარტო ცხოვრობს. დღეების ნაწილს 2 პატარა ფრანგ გოგოსთან ატარებს, რომლებსაც ზრდის.

“მხოლოდ ნახატებით ვერ ვიცხოვრებ. არ გამოვა. არ მეყოფა. ამიტომ ვმუშაობ. უკმაყოფილო არ ვარ. პირიქით, მიხარია, ეს სამსახური რომ მაქვს”, – მეუბნება და იქვე ამატებს, რომ დებიდან ერთ-ერთი წელს სკოლაში პირველად მიდის.

11295923_1021743461177123_2673729034900831827_n

საქართველოზე:

–         ალბათ დავბრუნდები. არ ვიცი, როდის ან როგორ, მაგრამ მინდა, – მეუბნება და იქვე, ზედმეტი კითხვის დასმის გარეშე მეუბნება, – მე ყველა ნახატზე ხელს ქართულად ვაწერ.

 

 

 

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

მასალა მომზადებულია მშვიდობისჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალურიპრიზის ფარგლებში, “ომისა და მშვიდობისგაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერორგანიზებული ერთთვიანი მივლინებისდროს ლონდონში.