EU რევიუ – გამოცემა ბრიტანეთში მცხოვრები ქართველებისთვის

„EU რევიუ” – ასე ჰქვია ინტერნეტ გამოცემას, რომელიც 8 წელზე მეტია, მასალებს ძირითადად ლონდონში მცხოვრები ქართველებისთვის აქვეყნებს, თუმცა საიტზე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის პოვნა ყველას შეუძლია.

ადამიანი, ვინც გამოცემისთვის ყველაზე აქტიურად წერს გიორგი ლალიაშვილია – გიორგი პროფესიით ჟურალისტია და უკვე 20 წელია, ლონდონში ცხოვრობს.

„წლების განმავლობაში, სხვადასხვა გამოცემებთან ვთანამშრომლობდი. გაზეთ „იბერიაშიც“ ვმუშაობდი, სადაც ბრიტანეთში მომხდარ ამბებზე ვამზადებდი მასალებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, ჩემს მეგობარ ნოდარ დუგლაძეს გაუჩნდა იდეა, რომ გამოცემა გაგვეკეთებინა, ლონდონში მცხოვრები ქართველებისთვის“, – იხსენებს გიორგი.

საქართველოს საკონსულო სამსახურის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ადგილზე  მცხოვრებლად ჯამში 1055 ქართველია დარეგისტრირებული. ამ ადამიანების უმრავლესობა კი ლონდონში ცხოვრობს.

ათასზე მეტი ადამიანისთვის შექმნილ გამოცემას, თავდაპირველად, „ბრიტანეთი“ ერქვა. მისი შექმნის მთავარი მიზანი ბრიტანეთში დაგეგმილი ღონისძიებებისა თუ ახალი ამბების შესახებ ქართულენოვანი მასალების მომზადება იყო.

„აქ ბევრია ისეთი, ვისაც აინტერესებს რა ღონისძიებები იგეგმება,  საქართველოდან ხომ არ ჩამოდის ვინმე, და საერთოდ, რა სიახლეებია მათ გარშემო. ამ გამოცემის მიზანი სწორედ მათთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდება იყო“, – ამბობს ლალიაშვილი.

ის გაზეთისთვის არამარტო თავად წერს მასალებს, არამედ ისეთი ადამიანების მოძებნასაც ცდილობს, ვისაც გამოცემასთან თანამშრომლობის სურვილი ექნებათ.

„ჩემი აზრით, ამ გამოცემის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, რომ განვითარდეს, თუმცა ეს კომერციული საქმიანობა არ არის. ენთუზიაზმით ვაკეთებ ამ საქმეს და საბედნიეროდ, დროდადრო ჩნდებიან ადამიანები, ვინც საკუთარი სურვილით მიგზავნიან სტატიებს, ფოტოებს, რომლებსაც ვარედაქტირებ, საჭიროების შემთხვევაში, და საიტზე ვაქვეყნებ“.

www.eunews.ge  – ვებგვერდის ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ასევე, როგორც ლალიაშვილი ამბობს, ის მუდამ მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ იმ ადამიანთან, ვისაც სურვილი აქვს, აღნიშნული გამოცემისთვის ამა თუ იმ ამბავზე სტატია დაწეროს.

 

 

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

მასალა მომზადებულია მშვიდობისჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალურიპრიზის ფარგლებში, “ომისა და მშვიდობისგაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერორგანიზებული ერთთვიანი მივლინებისდროს ლონდონში.