ლონდონიდან საქართველომდე, ქართველი ტრენერის დახმარებით

ცამეტი წლის იყო, საქართველო რომ დატოვა და ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ლონდონში გადმოვიდა. ახლა 27-ე წელშია და დევიდ ლოიდსის ერთ-ერთ ფიტნეს კლუბში ტრენერად მუშაობს, თუმცა 9 წლის წინანდელი გამბედაობა რომ არა, თავადაც არ იცის, ახლა სად და როგორ იქნებოდა.
„თავდაპირველად ამ დარბაზში უბრალოდ სავარჯიშოდ დავდიოდი. ერთხელ კი, გამბედაობა მოვიკრიბე, ჩემი რეზიუმე ამოვბეჭდე და მენეჯერთან შეხვედრა გადავწყვიტე. საბედნიეროდ, მიმიღო და მომისმინა. მაშინ ისე მინდოდა მუშაობის დაწყება, ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვიყავი. ჩვენი შეხვედრიდან 3 კვირის მერე დამირეკა და მითხრა, შეგიძლია, მოხვიდე და ჩვენი ერთ-ერთი ტრენერის დამხმარედ იმუშაოო“, – იხსენებს თორნიკე.

Services getbodyfit

კინგსტონის ფილიალში ანაზღაურების გარეშე 7 თვიანი მუშაობის შემდეგ, თორნიკე ლალიაშვილი ამ დარბაზის თანამშრომელი გახდა. დღეს კი, მას უკვე საკუთარი ჯგუფი ჰყავს.
„მე 60 წელს გადაცილებულ ადამიანებთან ვმუშაობ. კვირის განმავლობაში 4 დღეს ვატარებ მათთან და ვასწავლი, სწორი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, როგორ გაიხანგრძლივონ ცხოვრება და გაიუმჯობესონ ცხოვრება. მათთან ურთიერთობა მომწონს და ეს ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო კი არა, ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო საქმეა“, – მეუბნება და საკუთარ ტელეფონში იმ მოხუცების ფოტოებს მაჩვენებს, ვისთანაც მუშაობს.
ერთ-ერთი მათგანი 63 წლის ქალია, მეორე კი 90 წელს გადაცილებული კაცი. როგორც ირკვევა, იმ ადამიანებიდან, ვისთანაც თორნიკე მუშაობს, ყველაზე ახალგაზრდა 62-ის, ხოლო ყველაზე უფროსი 93 წლისაა.

IMG_1426
„მგონია, რომ მოხუცების სიყვარული ბავშობიდან მომწყვება“, – მეუბნება და თავადვე აგრძელებს, – „მე ბებიამ გამზარდა, 10 წლიდან მასთან ვიყავი, თუმცა პაპა რომ გარდაიცვალა, ბებია ისე ყოჩაღად ვეღარ იყო, როგორც მანამდე და მერე მე დავიწყე მასზე ზრუნვა, თითქოს როლები გავცვალეთ. ხანდახან მგონია, რომ ამ წლების დამსახურებაა, დღეს რომ მოხუცებთან ასე მარტივად ვურთიერთობ.“
თორნიკე ჯგუფის წევრებთან არამარტო მუშაობს, არამედ მეგობრობს კიდეც. ამ მეგობრული ურთიერთობის შედეგად, რამდენიმე თვის წინ, ის 7 ინგლისელთან ერთად საქართველოს სტუმრობდა.
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდთ ერთმანეთთან. მე მათ საქართველოზე ბევრს ვუყვები. ფოტოებს და ვიდეობსაც ვაჩვენებ. ხოდა, ერთ დღესაც მითხრეს, რომ ჩვენი ქვეყნის ნახვა უნდოდათ. სიხარულით დავთანხმდი, დავგეგმე ყველაფერი და წამოვედით“, – ამბობს და საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ რამდენიმე ვიდეოს მაჩვენებს.

IMG_1337
შვიდი დღის განმავლობაში, თორნიკეს მიერ დაგეგმილი ტურის ფარგლებში, შვიდმა ინგლისელმა თბილისი, კახეთი და ქართლი მოიარეს, დააგემოვნეს ქართული ღვინო და როგორც ვიდეობიდან ჩანს, ქართული კერძებიც.
„იმდენად მოეწონათ, რომ ახლა სხვებსაც გაუჩნდათ საქართველოს ნახვის სურვილი. ალბათ რამდენიმე თვეში გავიმეორებთ ამ ტურს და მგონია, რომ უფრო მასშტაბური იქნება. მიხარია, ამის გაკეთების საშუალება რომ მაქვს. მიხარია, ჩვენი ქვეყანა რომ მოსწონთ და მერე საკუთარ შთაბეჭდილებებს მიზიარებენ. მგონია, რომ ეს ის კარგი და სასარგებლო საქმეა, რისი გაკეთებაც აქედან საქართველოსთვის შემიძლია“, – ამბობს და იქვე ამატებს, საქართველოს შესახებ აქ ძალიან ცოტა იციანო.
„ბევრმა არც კი იცის, საქართველო სად მდებარეობს, რომ ის დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომ საკუთარი ისტორია და მდიდარი კულტურა აქვს. თავიდან მიკვირდა და ვბრაზობდი, ასე რომ იყო. ახლა კი ვხვდები, რომ ეს რეალობაა, რომელიც უბრალოდ უნდა შევცვალოთ.“

 

 

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი
მასალა მომზადებულია მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის ფარგლებში, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ორგანიზებული ერთთვიანი მივლინების დროს ლონდონში.