“თამადა” – ქართული რესტორანი ლონდონში და ქველმოქმედება

თუ ერთ დღეს ლონდონში მოხვდებით და სეირნობას Boundary Road-ზე გადაწყვეტთ, გზად საქართველოს დროშა შეგხვდებათ. ამით უნდა მიხვდეთ, რომ თქვენთან ახლოს ქართული რესტორანი „თამადაა“.

FB_IMG_1503828033347
რესტორანი 9 წლის წინ, თამარ ლორთქიფანიძემ, საკუთარ მეგობარ ზურა კოკორაშვილთან ერთად გახსნა. თამარი და ზურა რესტორანზე დღემდე ერთად ზრუნავენ, და როგორც ამბობენ, ეს პროცესი იმაზე სასიამოვნოა, ვიდრე დაგეგმვისას წარმოედგინათ.
FB_IMG_1503828264951

„ბავშვობიდან მინდოდა, რომ რესტორანი მქონოდა. ჩემი ოცნებასავით იყო ეს. ზურა რომ არ გამეცნო, არ ვიცი, მოვაბამდი თუ არა თავს შუა ლონდონში ქართული რესტორნის გახსნას, მაგრამ მთავარია, რომ გავიცანი და საქმეც კარგად აგვეწყო“, – მეუბნება თამარი.
ძველი თბილისის ფოტოები და ქართული მუსიკა, რესტორანში ფეხის შედგმისთანავე, გავიწყებს, რომ ლონდონში ხარ. როგორც ჩანს, ეს ბევრი ადამიანისთვის საინტერესოა.

FB_IMG_1503828140796

„ძირითადად უცხოელები გვსტუმრობენ. ქართველები ძალიან იშვიათად. ხშირი სტუმრებიც გვყვავს – ისეთები, თითქმის ყოველ კვირა რომ მოდიან. ქართული კერძები ყველას მოსწონს და ღიადაც აღნიშნავენ ამას“, – სტუმრების ამბებს მიყვება თამარი და იქვე ამატებს, რომ ყველაზე ხშირად ხაჭაპურს, ხინკალს და ნიგვზიან ბადრიჯანს ითხოვენ.

„ბევრი ისეთი ადამიანიც ყოფილა, საქართველოს შესახებ პირველად ამ რესტორანში სტუმრობისას რომ გაიგო. ზოგიერთი ჩვენი სტუმარი ჩვენი ქვეყნით ისე დაინტერესდა, რომ საქართველოში იმოგზაურა კიდეც. მე ასეთი ამბები ძალიან მახარებს, რადგან მგონია, რომ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც საკუთარი კულტურის და ისტორიის გამო, ნამდვილად იმსახურებს, რომ ადამიანები იცნობდნენ“.

FB_IMG_1503828016086
ორსართულიან რესტორნაში ამჟამად ხუთი ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანი ქართველია, თუმცა როგორც თამარი ამბობს, არც ერთმა მათგანმა მუშაობის დაწყებისას არ იცოდა ის საქმე, რაც უნდა ეკეთებინა.

„ჩვენ გვინდოდა, რომ ქართველები დაგვესაქმებინა აქ, თუმცა მაგალითად მზარეულის შოვნა ძალიან გაგვიჭირდა. მეტიც, რესტორანი რომ გავხსენით, პირველ დღეს მზარეულიც მე ვიყავი და სტუმრებს ვემსახურებოდი. მერე კი მივიღეთ ახალი თანამშრომელი და კერძების გაკეთებაც ნელ-ნელა ვასწავლეთ. ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა.“

რესტორანი მუშაობას ყოველ დღე 18:00 საათზე იწყებს და იქამდე აგრძელებს, სანამ ბოლო სტუმარი წასვლას არ მოისურვებს.

„როცა გავხსენით, ვნერვიულობდით. არ ვიცოდით, რამდენად მალე გაიგებდნენ ადამიანები ჩვენს შესახებ და საერთოდ, მოუნდებოდათ თუ არა აქ სიარული. ჩვენ დღემდე ყველა ჩვენს სტუმარს ვუფრთხილდებით, ვცდილობთ რომ კომფორტული გარემო შევუქმნათ. ქართული სამზარეულო ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, მგონია, რომ ამ რესტორნით ჩვენს კულტურას ვაცნობ ადამიანებს, რაც ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის. აქ ბევრმა საქართველოს შესახებ არაფერი იცის. ალბათ მათ ხშირად დასკვნები იმის მიხედვით გამოაქვთ, რასაც ქართველებთან ურთიერთობისას ხედავენ.“

„თამადას“ გარდა ლონდონში კიდევ 5 ქართული რესტორანია. როგორც თამარი ამბობს, ყველა მათგანის მფლობელს იცნობს და მათთან მეგობრობს კიდეც.

„თამადა“ მესამე ქართული რესტორანი იყო, რომელიც ლონდონში გაიხსნა. ჩვენ მერე გვინდოდაა, რომ რაღაც სასარგებლოც გაგვეკეთებინა, რითაც საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს დავეხმარებოდით. სწორედ ამ სურვილით დავიწყეთ ყოველწიური საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა, რომელიც თავისი შინაარსით ქართულ კულტურასაც უწევს პოპულარიზაციას “

FB_IMG_1503827884689
პირველი საქველმოქმედო საღამო „თამადამ“ ორი წლის წინ, 13 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მოაწყო.

წელიწადში ერთხელ, საღამოს ფარგლებში, „თამადა“ სტუმრებს ქუჩაში ემსახურება და კერძებთან ერთად, სხვადასხვა ნივთებსაც სთავაზობს. ასევე, ამ დღეს ღონისძიების მეგობრები და მხარდამჭერები ქართული ცეკვებს და სიმღერებსაც ასრულებენ.

FB_IMG_1503828093157
„მიხარია, რომ ბევრი მეგობარი გვყვავს, ვინც ამ ღონისძიების მოწყობაში გვეხმარება. ზოგი ნახატებს გვჩუქნის, ზოგი სამკაულებს, ზოგი აქსესუარებს. ჩვენ ეს ყველაფერი ამ საღამოზე გამოგვაქვს და ვყიდით. შემოსული თანხით კი ადამიანებს ვეხმარებით. ბოლო ორი წელია, ამ ღონისძიებას “ქართულ-ბრიტანული საზოგადოების” პარტნიორობით ვაკეთებთ. წელს გადაწყვეტილი გვაქვს, დავეხმაროთ იმ ბავშვევს, ვისაც სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ“, – ამბობს თამარი.

FB_IMG_1503828000617
რესტორან „თამადა“ დროდადრო ქართველი შემოქმედების გამოფენებსაც მასპინძლობს. მისი მფლობელები ფიქრობენ, რომ ეს საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.

 

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

მასალა მომზადებულია მშვიდობის ჟურნალოსტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის ფარგლებში, IWPR-ის მიერ ორგანიზებული ერთთვიანი მივლინების დროს ლონდონში.