ლონდონში ქართველი ემიგრანტების პორტრეტები გამოიფინება

– იმ ადამიანების პორტრეტებს ვხატავ, ვინც საქართველოდან შორს ცხოვრობენ, თუმცა მუდმივად ცდილობენ, ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოები იყვნენ, – მეუბნება ანა და საკუთარ ნახატებს ლეპტოპში მაჩვენებს.

IMG_1471
ანა სტეინჰაუზ-კანდელაკი ლონდონში მოღვაწე ქართველი მხატვარია. ანა ძირითადად პორტრეტებს ხატავს და როგორც თავად ამბობს, ფერების, კომპოზიციის და სიმბოლოების ფაქიზი შეხამებით, საკუთარ ნამუშევრებში ადამიანთა შინაგანი სამყაროს ჩვენებას ცდილობს.
„სანამ ხატვას დავიწყებ, ვესაუბრები თითოეულ მათგანს, რათა უკეთ გავიცნო ისინი. ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ყველა მათგანი რაღაცით გამორჩეულია. სწორედ ამ უნიკალური ხასითის ასახვას ვცდილობ ჩემს ნახატებში“, – ამბობს ანა.

მხატვრის პირველი გამოფენა, რომელსაც ‘Home away from Home’ ერქვა, პირველად, 5 ივლისს ლონდონში სამხატვრო აკადემიაში (The Art Academy) მოეწყო. გამოფენაზე ანას 5 ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი, მათ შორის საკუთარი და საკუთარი შვილის პორტრეტებიც.

IMG_1071

„ჩემი შვილი სოფიკო ახლა 25 წლის არის, თუმცა როცა საქართველო დატოვა 9 წლის იყო. ძალიან გაუჭირდა ინგლისთან შეგუება, მაგრამ კითხვა უყვარს და წიგნების სიყვარული დაეხმარა ადაპტაციაში“, – მეუბნება ანა და თავისთავად ცხადი ხდება, რატომ ჰყავს სოფიკო წიგნების ფონზე, კითხვის პროცესში დახატული.

გამოფენის ფარგლებში, მნახველებს კიდევ იმ სამი ადამიანის პორტრეტების ნახვა შეეძლოთ, ვინც მხატვრის თქმით, მუდმივად საქართველოს დახმარებას და გაძლიერებას ცდილობენ.

MG1C1208
„ჩემს გამოფენაში ქართული მემკვიდრეობაც არის ასახული. პორტრეტების უკანა ფონზე ქართული ლანდშაპტების, არქიტექტურული და კულტურული ხელოვნების ნიმუშების ვხატავ და ამით ვცდილობ, მნახველს საქართველოს მიმართ ინტერესი გავუჩინო.“

MG1C1761

MG1C1777

მხატვარი ამჟამად ანა გოგრიჭიანის პორტრეტს ხატავს.
„ანა ქალბატონი ლიანა ჯიქიას შვილია. ლიანას ლონდონში ქართული სკოლა აქვს გახსნილი, სადაც 50-ზე მეტი ბავშვი ირიცხება. ბევრ რამეს აკეთებს ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის“, – მეუბნება და ანას დაუსრულებელ პორტრეტსაც მაჩვენებს.
შემდეგი გამოფენის მოწყობა ანას 13 დეკემბერს საქართველოს საელჩოში აქვს დაგეგმილი. ამბობს, რომ გამოფენაზე 10-მდე ნამუშევარს წარადგენს და მათი ნახვა მსურველებს 15 დეკემბრამდე შეეძლებათ.
გამოფენაზე მუშაობის პარალელურად, ანა შეკვეთებსაც იღებს. მასთან დაკავშირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე პირად ვებ.გვერდზეც http://www.annagallery.co.uk/ .

 

 

 

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

მასალა მომზადებულია მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის ფარგლებში, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ორგანიზებული ერთთვიანი მივლინების დროს ლონდონში.